თურქეთის ქალაქ გებზეში გარდაცვლილი ქართველები საქართველოში გადმოასვენეს... სენაკელი მალხაზ გერსამიას, ანაკლიელი ლევან ჭითაშვილის და აბაშელი, რომან ცომაია, მალხაზ გაბელია და ნაპო ცომაიას გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლური სასმელით ინტოქსიკაცია გახდა. გებზეს საავადმყოფოში იმყოფება და უმძიმეს მდგომარეობაში რჩება ორი ქართველიც, რომლებიც მათთან ერთად იყვნენ, მაგრამ "სასმელი" მცირე რაოდენობით მიიღეს...
27 წლის ლევან ჭითაშვილის (სურათზე მარჯვნივ) ოჯახის ახლობლის თქმით, გარდაცვლილი გებზეში ერთ-ერთ ხის სახერხში მუშაობდა და ცდილობდა, ოჯახს დახმარებოდა...
- ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს და რამდენიმე თვის წინ ლევანმა გადაწყვიტა, თურქეთში სამუშაოდ წასულიყო. იქ, სხვა ბიჭებთან ერთად ხის სახერხში მუშაობდა. ერთი თვის წინ იყო ჩამოსული. რაღაცეები უყიდია და ჩამოუტანია, მშობლებისთვის უთქვამს, ნორმალური სიტუაციაა, თუ იმუშავებ, ფულიც გექნებაო... სახლიც ასაშენებელი ჰქონდათ და მიხედვა უნდოდა საწყალ ბიჭს. ოჯახის შექმნა უნდოდა, მომავალზე ფიქრობდა... სანამ წავიდოდა, ვნახე, მითხრა, რამე საშველი უნდა ვიპოვო, ასე ქუჩაში დგომით არაფერი შეიცვლებაო მითხრა. რას ვიფიქრებდი, ასეთი საცოდაობა თუ მოხდებოდა?..
- რა მოხდა სინამდვილეში?..
- ახალი წლის ღამეს ქეიფი უნდოდათ თურმე ბიჭებს. სუფრა გაუშლიათ, მაგრამ დასალევის ფული არ ჰქონიათ. მათთან ერთად ერთი თურქი ყოფილა, რომელსაც, სთხოვეს, რამე ალკოჰოლური სასმელი მოეტანა. ქართული ვალუტით, 20-ლარამდე ჰქონიათ... მათთან ახლოს ჯინსების ფაბრიკა ყოფილა და ამ თურქს იქ შეუძენია სითხე, ჯინსების ერთგვარი საღებავი, რომლის ერთ ლიტრსაც დაახლოებით ოთხ ლიტრ წყალში ხსნიან და ალკოჰოლის ეფექტი აქვს თურმე. აუხსნია კიდეც, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. ამ სითხეს, ჯინსებისთვის "გახეხილის" ეფექტის მისაცემად იყენებენ თურმე... ჩვენს ბიჭებს ეს ნივთიერება ნაკლებ წყალში აქვთ გახსნილი და ზედ ლუდიც დააყოლეს თურმე... ერთ-ერთ გადარჩენილს, გელა ცომაიას, რომელიც უკვე გამოწერილია საავადმყოფოდან და ორ დღეში დეპორტით უნდა გამოუშვან, ტელეფონით ესაუბრნენ და მან უამბო ჭირისუფალს, რომ იმ ღამეს ლევანი მათთან სტუმრად იყო. ის სითხეც ყველაზე მეტი მან დალია თურმე და მალევე დათვრა კიდეც. მივხვდი, რომ ძალიან დათვრა, ბინაში წავიყვანე და დავაწვინეო...