"ალიას" ესაუბრება პრემიერის ყოფილი მრჩეველი, მრავალ სკანდალში გახვეული, "რუხ კარდინალად" წოდებული, ამჟამად ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის გარშემოც შეტევებისა და ბრალდებების ნიაღვარი არ წყდება.
- 2014 წლის ნიუსის ერთ-ერთი პირველი ავტორი თქვენ იყავით, ბრიფინგზე განაცხადეთ, რომ შეგაქვთ სარჩელი ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატ გაბუნიას წინააღმდეგ. ცნობილია, რომ თქვენ იცავთ პატარკაციშვილის ოჯახის ინტერესებს, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს ედავება პატარკაციშვილის 18 ქეისის მითვისებაში. გაბუნია თქვენ გადანაშაულებთ იმ მოლაპარაკების ფარულ ჩაწერაში, სადაც ჩხარტიშვილის ადვოკატის საშუალებით აღიარა, რომ მას პატარკაციშვილის ოჯახის ვალი მართებს. თქვენგან ახალ დეტალებს ველოდებით.
- გაბუნია საერთოდ არ არის საინტერესო თემა, ის არ არის მთავარი პრობლემა ამ პროცესში. თუმცა, რადგან მისგან ადგილი ჰქონდა ცრუ დასმენას, მე, როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა შევიტანე სარჩელი პროკურატურაში. მეორე მხრივ, საჩივარი შევა ადვოკატთა ეთიკის კომისიაში და აუცილებლად მოვითხოვ გაბუნიასთვის საადვოკატო ლიცენზიის შეჩერებას. იმ მიზეზის გამო, რომ ის შეეცადა, ადვოკატთკა ასოციაცია ჩაეთრია ძალიან ბინძურ პოლიტიკურ თამაშში, მე დავასაბუთებ, რატომ არის ეს ასე. გაბუნიაზე, "ალიაში" გამოქვეყნებული კომენტარის შემდეგ აღარ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, რადგან მთავარი პრობლემა გაბუნია კი არა, არიან ადამიანები, ვინც მთელი ამ კამპანიის უკან იდგა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ ყველაფერზე მაქვს უამრავი დამადასტურებელი ფაქტი. დღეს ამ ადამიანების გვარებს არ ვასახელებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წინ გველოდება სასამართლო პროცესი. მე მაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი დევნაც კი დაიწყოს ამ ადამიანებზე, თუ როგორ მოქმედებდნენ, რას აკეთებდნენ, ვისი მეშვეობით სჩადიოდნენ სიბინძურეებს და რის ფასად. მე არ მინდა ხმამაღალი განცხადებები ვაკეთო და ამ ყველაფერს პოლიტიკური კამპანიის სახე მივცე, ამიტომ ეს ყველაფერი გადამაქვს სამართლებრივ სფეროში და ყველაფერს ფარდა აეხდება.
მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილის პრობლემა არ არის პატარკაციშვილის ოჯახისთვის, ბადრის გარდაცვალების შემდეგ ბევრი ადამიანი შეეცადა, ეს ოჯახი" გაეწეწა", მიმდინარეობს დავა ჩხარტიშვილსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის კონკრეტულ ბიზნესაქტივებთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე სასაცილო ამ ვითარებაში ის არის, რომ ამ დავაში მე ჩავერთე კონკრეტულად ვანო ჩხარტიშვილის თხოვნით და არა, პატარკაციშვილის ოჯახის სურვილით. სხვათა შორის, თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი რაიმე ტიპის მოლაპარაკებას მხარეებს შორის. მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩავები მოლაპარაკებაში და ამას მოჰყვა ეს უცნაურობები, იგივე გაბუნიასთან დაკავშირებით და კიდევ ბევრ სხვა რამეებთან დაკავშირებით. ახლა არ მინდა ფრჩხილების გახსნა, მაგრამ მაქვს ფაქტობრივი ინფორმაცია, რა ხდებოდა ამ კამპანიაში, რა მიზნით მიმდინარეობდა ის და როგორ ფინანსდებოდა ეს კამპანია. მიუხედავად თქვენი გაზეთის პატივისცემისა, მე დეტალებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ერთი მიზეზის გამო, რომ არ მინდა ამას პოლიტიკური კამპანიის სახე მივცე.
- გოგა ხაინდრავამ ჩემთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიზნესმენმა ჩხარტიშვილმა დაიქირავა მსოფლიოში ცნობილი აუდიტი, რომელიც სწავლობდა ამ საქმეს, აუდიტმა ჩაატარა ერთგვარი გამოძიება და დაკითხა მათ შორის გოგა ხაინდრავა. თქვენთვის თუ არის ცნობილი დასკვნა?
- ამ კომპანიასთან შეხვედრა მეც მქონდა, მათი დასკვნა მე არ მინახავს, თუმცა ჩემთვის ცნობილია, რომ მათ გააკეთეს დასკვნა და ჩემთვის არავის მოუწოდებია, რაც ძალიან გასაკვირია, თუ ვინმესთვის უნდა გადაეცათ, ალბათ, ერთ-ერთი მეც უნდა ვყოფილიყავი.
- ახლა კი უფრო მნიშვნელოვან საკითხზე გადავიდეთ. თქვენ ბრძანდებით პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი და ყოფილი მრჩეველი. მის ირგვლივ ვრცელდება არასასიამოვნო ინფორმაციები. მაგალითად, ბოლო ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისგან მარგველაშვილმა საყვედური მიიღო, დაპირისპირების მიზეზი მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადება გამხდარა. მარგველაშვილი ლობირებდა ამ კანონპროექტის ამოქმედებას და კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილა ამ კანონპროექტის ორი წლით გადავადების, ასაბუთებდა, რომ საზოგადოებაში ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ამ ინიციატივას ივანიშვილი აღუშფოთებია და პრეზიდენტს უპასუხისმგებლო უწოდაო. მაშ ასე, გაებუტა თუ არა მარგველაშვილი ექსპრემიერს, გაიქცა თუ არა დუშეთში და აპირებდა თუ არა რეალურად გადადგომას? რამდენად რეალურია, რომ გუნდის შიგნით პრეზიდენტს ავიწროებენ და მიჭირხნული ჰყავთ?
- მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე დრამატული ხდება, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არსებობს. სიმართლე გითხრათ, გიორგი დიდი ხანია არ მინახავს, დეტალები არ ვიცი, თქვენ კარგად იცით, რომ ჩემსა და ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ბევრი ლეგენდა დადიოდა, შეიძლება რაიმე კამათი მართლაც მოხდა, მაგრამ თემის დრამატიზება და იმის თქმა, რომ გადადგომას აპირებდა, შორსმიმავალი ფანტაზიებია. ამ დღეებში შევეცედები გიორგის ნახვას და უფრო მეტს გავარკვევ, რა ხდება მის გარშემო. თუ ჩემი დამოკიდებულება გაინტერესებთ პიროვნულად, არასასიამოვნოა, როცა ვალდებულებები გაქვს აღებული და იმას ვერ ასრულებ. არასასიამოვნოა, როცა გარკვეული გადაწყვეტილებების გადავადება ხდებდა, მაშინ, როცა არსებობს უფრო მაღალი სახელმწიფო ინტერესი. სიმათრლე გითხრათ, მეც კრიტიკულად ვუყურებ მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადებას, რადგან ადამიანის თავისუფლებისა და მის დაცვაზე მაღალი ინტერესი არ შეიძლება არსებობდეს.
- პრეზიდენტი რითია დაკავებული, რატომ არ ჩნდება აქტიურად, ის ხომ ხალხის მიერ არჩეულია და არა პარლამენტის. აი, მაგალითად, რეგიონებში მისი ვიზუალი ხალხს დაავიწყდა. კალენდრები მაინც დაარიგონ მარგველაშვილის სურათით.
- არცთუ ისე დიდი ხანია, რაც პრეზიდენტი ავირჩიეთ, მით უმეტეს, კონსტიტუცია შეიცვალა. ახალ პრეზიდენტს განსხვავებული ფუნქციები აქვს, მისი უფლებები შეზღუდულია, ჩვენ შეჩვეული ვართ სხვა მმართველობას, გიორგი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. ყოველდღიურ მენეჯმენტში მას ფუნქცია არ აქვს, ის რომ იყოს პოპულისტი, უფრო ხშირად ვიხილავდით ეკრანებზე, გარდა ამისა, ტრანსფორმაცია გარკვეულ მოსამზადებელ პერიოდს მოითხოვს, სამი თვე მაინც უნდა გავიდეს, რომ ახალ პრეზიდენტზე შეფასებები გავაკეთოთ. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ის არის თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი, პრინციპული. თუნდაც ის, რა ხმებიც მასზე დადის, მეტყველებს, რომ არ არის მარტივად სამართავი. მას შეუძლია საკუთარი თავის პრინციპულად დაცვა, ჩვენ ვიხილავთ გიორგის ნამდვილი პრეზიდენტის ამპლუაში, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ მას ვნახავთ თავდადებული პრეზიდენტის როლში. თქვენ ამბობთ, რომ მოსახლეობას დაავიწყდა, როგორ გამოიყურება პრეზიდენტი, ეგ არ არის პრობლემა, პრეზიდენტის გახსენება ერთ დღეში შეიძლება, ამ ტექნოლოგიას თქვენ კარგად იცნობთ. მან მიულოცა მოსახლეობას ახალი წელი და განცხადებების კეთება მისი საქმე არ არის. ყველა თემაზე მისი მხრიდან კომენტარები არ იქნებოდა მაინცდამაინც სწორი, თუმცა ფუნდამენტურ საკითხებზე მე ვფიქრობ, ის უახლოეს პერიოდში განცხადებებს გააკეთებს.
- უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინე იმერლიშვილის 75 ათას ლარად ნაყიდი ჯიპის "გაპრავება" პრეზიდენტის მხრიდან ფუნდამენტური საკითხი იყო? მან თქვა, რომ ეს არ არის ფუფუნების საგანი. 75 ათასი ლარი მოსახლეობის 90 პროცენტს ერთად არ უნახავს. ვერ გავიგეთ, დაგვცინიან? გერმანიის კანცლერი 10 ათას ევროზე ძვირი ღირებულების მანქანით არ დადის, მაშინ, როცა ქართველი ჩინოვნიკების მანქანის ფასი იწყება 75 ათასიდან და მთავრდება 175 ათასით. მე, როგორც ამომრჩეველს, მრცხვენია, რომ ასეთი ხარბი ჩინოვნიკები გვყავს.
- მანქანების თემა ძალიან პოპულარულია ახალ ხელისუფლებაში, იგივე განათლების მინისტრის მანქანა, პროკურატურის მიერ შეძენილი მანქანა, რომელიც 175 ათასი ლარი ღირს, ბუნებრივია, ეს საზოგადოების კრიტიკას გამოიწვევს. ირინე იმერლიშვილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არ ვიცი, რამდენად აუცილებელი იყო ასეთი ძვირადღირებული მანქანის შეძენა. ასეთი შეცდომები იქნება, მაგრამ მთავარია, რომ შეცდომები გამოსწორდეს. მე შემიძლია გითხრათ გიორგი მარგველაშვილზე, მან ისე დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია, მძღოლი არ ჰყოლია, თვითონ იჯდა საჭესთან. კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მძღოლი აეყვანა, სანამ არ აიძულეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მანამდე მას მძღოლის საშუალებით არ უვლია. დღეს გიორგი სახლიდან სამსახურამდე ფეხით დადის... ეს თემა გიორგისთან სასაყვედურო არ არის.
- სად არის ბიძინა ივანიშვილის დაპირებული პოლიტიკური კალენდარი?.. 2014 წელიც მოვიდა, მაგრამ ქვეყანა უფრო დიდ ეკონომიკურ კრიზისშია. ტოტალური უმუშევრობის ფონზე ნეპოტიზმმა სისტემური სახე მიიღო, პოსტებზე ინიშნებიან მხოლოდ ხელისუფლების წევრთა ახლო ნათესავები, რას ამბობს ამ ყველაფერზე ივანიშვილი და რატომ დუმს იგი?.. არ საყვედურობს მის ჩინოვნიკებს, "დაასტოპონ" სიმდიდრისკენ სწრაფვაში?
- ასეთ ქვეყანაში არასწორია საკუთარ კომფორტზე ზრუნვა, გამდიდრების ტენდენციებს მე ვერ ვხედავ, უფრო სწორია ვთქვათ, საკუთარი კომფორტისთვის ისწრაფვიან მაღალჩინოსნები. რაც შეეხება ეკონომიკურ კრიზისს, გავიზიარებ თქვენს მოსაზრებას, ხელისუფლებას არ აქვს დიდი დრო ამ მხრივ, რადგან სოციალური რისკები იზრდება და კრიტიკული მასა თუ აიკრიფება, მერე უკვე დომინოს პრინციპს მივიღებთ. წაიქცა ერთი და მას მიჰყვება ვერტიკალში ყველა სხვა დანარჩენი. ხელისუფლებამ სისტემური ნაბიჯები უნდა გადადგას და უნდა გააჩინოს ოპტიმიზმის მუხტი, მან უნდა დაიწყოს სამუშაო ადგილების შექმნა, ამისთვის ბევრი დრო არ არის. პირდაპირ გეტყვით, ადგილობრივ არჩევნებამდე თუ ხელისუფლებამ რეალური შედეგები არ აჩვენა, მაშინ ჩვენ შეიძლება გარკვეულ სიურპრიზებს ველოდეთ ამ არჩევნებზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული შედეგები აუცილებლად დაიდება.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის აპირებს საზოგადოებრივ სექტორში გააქტიურებას, მან აიღო სამი თვე ტაიმაუტი, იგი არის ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა საქართველოში, მისი მთავარი ამოცანაა საქართველოს სამოქალაქო სექტორში გადასვლა, რაც გულისხმობს მთავრობასთან ოპონირებას. ჩემი აზრით, ივანიშვილისთვის ყველაზე დიდი სირთულე იქნება ხელისუფლებისგან დისტანცირება და ჯანსაღი პოზიტიური, მაგრამ მაინც კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების ნაბიჯებისადმი. ამ პოზიციაში დადგომა მისთვის გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა ეს არის ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი ამოცანები გადაჭრა და არც ეს გაუჭირდება. თუმცა კითხვის ნიშნები არის და ამ კითხვებსაც გაეცემა პასუხები.
ნინო სამხარაძე