ჩვენი რესპონდენტი პარიზში მოღვაწე "დიორის" მოდელი ქრისტინე ძიძიგურია. ის ახალ წელს საქართველოში ვერ შეხვდა - პროფესია აქვს ასეთი.
- პარიზში მომიწია დარჩენამ ჩემი კონტრაქტების გამო, თან გამოცდები მაქვს წინ და უნდა მოვმზადებულიყავი. თუმცა აქაც ძალიან კარგად შევხვდი ახალ წელს ჩემს ფრანგ მეგობრებთან ერთად, პარიზულ გარემოცვაში, რაც ცოტა განსხვავებული და სახალისო იყო. აქ უფრო შობას აღნიშნავენ 25 დეკემბერს, ოჯახებში. შემდეგ კი ახალი წლის ჯერი დგება, მეგობრების წრეში. ყველა დიდი ხნით ადრე გეგმავს, სად გაატაროს დღესასწაული, საღამოს ოჯახში ვახშმობენ, 12 საათზე კი, როცა ეიფელის კოშკიც აციმციმდება, ყველა შამპანურით ულოცავს ერთმანეთს. როგორც ჩვენთან იციან, ისე ლოცავენ და უსურვებენ ყველაფერს საუკეთესოს... ზოგი რომელიმე რესტორანში წასვლას და საახალწლო პროგრამაში მონაწილეობას გეგმავს, ზოგს კი მეგობრებთან ერთად უნდა, ახალ წელს ეიფელთან შეხვდეს. აქამდე ყოველთვის ჩემებთან ერთად ვიყავი, რამდენჯერმე შევხვედრივარ ახალ წელს ჩვენს ზამთრის კურორტებზე, მაგრამ იქაც ჩემი და-ძმა ჩემთან იყო.
- როგორც ვიცი, გასული წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა შენთვის.
- სხვათა შორის, წინა წელს ორი დიდი სურვილი ამისრულდა. ჩემი სურვილები უფრო კარიერულ წინსვლასთან იყო დაკავშირებული და ამიხდა კიდეც: "დიორის" სახლში დავიწყე მუშაობა და ჩემი საყვარელი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო გავიცანი. ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში, რადგან ჩვენი ქვეყნის შესახებ ბევრი ინფორმაცია აქვს და მოხიბლულია.
- ვიცი, რომ ალენ დელონიც გაიცანი.
- ალენ დელონს დაუგეგმავად შევხვდი, უცებ, ასე რომ, არ გვქონია საუბრის საშუალება.
- შენს კარიერაში რა სიახლეებია?
- სიახლეა, რომ "დიორის" სახლის მოდელი გავხდი, აქტიურად ვთანამშრომლობ მათთან. ასევე იტალიურ ბრენდ comfort zone-ის სახე გავხდი. ვემზადები ფრანგული მოდის კვირეულისთვის, რომელიც იანვრის ბოლოს გაიმართება. პირველად ფრანგული მოდის კვირეულზე 2011 წელს გამოვედი. იქ მოხვედრამდე ბევრ პროფესიონალთან მომიწია თანამშრომლობამ დასახვეწად და დეტალების ასათვისებლად.
- ძნელია მოდის დედაქალაქში მარტო ცხოვრება და კარიერის აწყობა?
- ძნელი ალბათ იმიტომ არის, რომ დიდ ქალაქში ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი. უბრალოდ, დრო არ გაქვს, ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა აითვისო, იმუშაო მუყაითად, გაუძლო ძალიან დიდ კონკურენციას და ამავდროულად, იყო სულ მომღიმარი და თავაზიანი. თავიდან ძალიან გამიჭირდა ოჯახის წევრებთან განშორება, თუმცა მალე გავაცნობიერე, რომ მე თუ მინდოდა ამ ქალაქში დარჩენა, ბოლომდე უნდა მივყოლოდი პროფესიონალების რჩევებს და ჩამოვყალიბებულიყავი პროფესიონალ მოდელად. პარიზი დიდი ქალაქია, თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით, მაგრამ უნდა გაუძლო ყველაფერს, თუ გინდა რომ "ნამდვილს" მიაღწიო. მოდელობისთვის მარტო სილამაზე არ კმარა. ლამაზი შეიძლება ბევრი იყოს. საჭიროა ფორმაში ყოფნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და შინაგანი სიძლიერე. მოდა ძალიან კოსმოპოლიტურია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, როგორ საუბრობ უცხო ხალხთან, თავს როგორ წარადგენ და რამდენად სასიამოვნოა შენთან მუშაობა.
- ცნობილია, რომ მოდის სფეროში წარმატების მისაღწევად მოდელები არაერთ ხრიკს მიმართავენ კონკურენტის დასამარცხებლად, შენ ხშირად გამხდარხარ ასეთი ქმედების მსხვერპლი?
- მოდელებს შორის, როდესაც სილამაზესა და წარმატებაზეა საუბარი, ალბათ შურიც უფრო გამძაფრებულია. თან მოდელები ძირითადად ახალგაზრდები არიან და ბევრს უჭირს სირთულეების დაძლევა. 18-20 წლის გოგოს დიდ პროფესიონალიზმს რომ სთხოვენ, ბევრი იღლება და კონკურენციას ვერ უძლებს. საბედნიეროდ, მსგავსი არაფერი გადამხდენია. თავს ვარიდებ ზედმეტად ურთიერთობებს, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვიცი, რა დროს რა არის საჭირო. ალბათ ესეც გამოცდილებას მოაქვს. გოგოები, რომლებიც ასე იქცევიან, ნაკლებად პროფესიონალები არიან და მერე დიდი პრობლემები ექმნებათ სააგენტოებთან.
- ქრისტინე, რა იციან საქართველოს შესახებ საფრანგეთში?
- საქართველოს უკვე კარგად იცნობენ, რამდენჯერმე გავიდა ფრანგულ ტელევიზიაში მოკლე ინფორმაციული ფილმი საქართველოზე. იციან, რომ პატარა ქრისტიანული ქვეყანა ვართ, დასავლური კურსის მქონე, თუმცა ე.წ. ექს-საბჭოთა კავშირის, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონთ. გარეგნობის გამო კასტინგებზე ზოგს რუსი ვგონივარ, აი, მაშინ მძაფრდება ჩემში ქართველობა განსაკუთრებით და კარგად ვუხსნი, ვინ ვართ.
- ყველაზე მეტად რასთან გიჭირს შეგუება საფრანგეთში?
- ბევრისგან გამიგია, რომ ევროპელები ცივი ხალხია, მით უმეტეს ფრანგები, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. აქ ვისაც ვიცნობ, საკმაოდ თავაზიანები და ყურადღებიანები არიან. ფრანგებისგან ძალიან ბევრი სითბო, მოთმინება და პატივისცემა მახსოვს. სტუმარმასპინძლობაც შესანიშნავად გამოსდით... ყველაზე მეტად ყურადღებას აქცევენ კულტურულ ქცევებს და "შინაგან კლასს" - ასე ეძახიან ხოლმე. საქართველო მართლაც იმდენად დიდი კულტურის ქვეყანაა, რომ აქ ჩამოსული საკმაოდ ადვილად ერგები ფრანგულ საზოგადოებას.
- გავიგეთ, რომ გენო მალაზონიაზე ქორწინდებით, მართალია?
- რაა? არა, რას ამბობთ... სხვათა შორის, ყური მეც მოვკარი ამას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ან საიდან შეიძლებოდა აგორებულიყო ეს ჭორი. არანაირი შეხება არ მაქვს მაგ ამბავთან.
- ამბობენ, რომ გენოს დედა მოხარულია, მისმა შვილმა თქვენზე რომ შეაჩერა არჩევანი...
- გენოს მხრიდან რამე სიმპათია თუ არის, არ ვიცი... და დედამისს რაც შეეხება, ეგ თქვენგან გავიგე ახლა. გენო "მის საქართველოზე" გავიცანი. ჩემს პირად ცხოვრებაში ახლა მართლა არაფერი ხდება, თაყვანისმცემლები აქ თუ მანდ - ყველგან არიან, ეს ხომ ნორმაა. რამე სიახლე თუ იქნება, მერწმუნეთ, არ დავმალავ.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)