"ნიჭიერი ადამიანები არიან, სიმღერა უნდათ. ზოგს კარგად გამოსდის, ზოგს - ნაკლებად. ზოგიერთი ისეთია, რომ უკვე ჩამოყალიბებული მუსიკოსი და ხელოვანია. მოკლედ, მომწონს ისინი და ვგულშემატკივრობ კიდეც", - ამბობს "ახალი ხმის" ერთ-ერთი წამყვანი დიმიტრი ტატიშვილი.
პროექტი კი უკვე დასასრულს უახლოვდება. კონკურსანტები ფინალური შოუსთვის ემზადებიან, რომელიც 14 იანვარს შედგება და "ახალ ხმას" გამოავლენს.
"ამბები.გე" კი ფინალამდე დიმა ტატიშვილთან დაწყებულ საუბარს აგრძელებს...
- 4 ფინალისტი შეირჩა. ისინი 14 იანვარს ერთმანეთს შეერკინებიან. როგორ ფიქრობ, ღირსეული კანდიდატები არიან?
- ვერც ერთზე ვიტყვი, რომ რომელიმე ფინალში გასვლის ღირსი არ არის. 4 ადამიანიდან, სამი გოგოა და ერთი - ბიჭი. მათგან ნებისმიერმა რომ მოიგოს, არ ვიტყვი, რომ ოჰ, ეს ღირსი არ იყო-მეთქი. ოთხივე მოგების ღირსია. საერთოდ, წელს კარგი კონკურსანტები იყვნენ. სამწუხაროა, რომ პროექტი ბევრმა ნიჭიერმა მონაწილემ უკვე დატოვა, ნაკლები ხმები მიიღეს. ისინიც ღირსები იყვნენ, რომ გაემარჯვათ. ცუდს არავისზე ვიტყვი, იმიტომ კი არა, რომ ვდიპლომატობ, უბრალოდ არ იმსახურებენ.
- ფავორიტი კონკურსანტი თუ გყავს?
- არის ერთი... მომწონს მისი ნამღერი, მაგრამ ეს მხოლოდ მის მიმართ ჩემი სიმპათიაა და მეტი არაფერი. არ ნიშნავს იმას, რომ ყველაზე კარგია.
- არ გვეტყვი, ვინ არის?
- არა (სიცილით ამბობს), ოთხივე კარგები არიან.
- ამ შოუში II სეზონზე მწვრთნელები ძალიან იძაბებოდნენ, რის გამოც პროექტში არაერთი სკანდალური სიტუაცია შეიქმნა. მათი დაძაბულობა-დაპირისპირება სოციალურ ქსელში მასობრივი განხილვის თემა იყო. როგორ შეაფასებ ამას?…
- მე ამ სიტუაციებში არ ვერევი და არც მაინტერესებს ასეთი მითქმა-მოთქმა... ამ ყველაფერს ჯობია, ხელოვანმა თავის საქმეზე, მუსიკაზე იფიქროს და არ ხლართოს რაღაც ინტრიგა, თუ საერთოდ ხლართავს და ასეთი რამ ხდება. მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს, - მითქმა-მოთქმა ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია და რა გასაკვირია? მე რომ არ მომწონს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს... მოკლედ, ხელოვანმა ჯობია, ხელოვნებაზე იფიქროს, ვიდრე სხვა რაღაცებში (ინტრიგებში) დახარჯოს დრო და ენერგია.
- რას უსურვებ "ახალ ხმას?"
- ბევრ მაყურებელს...
- პირადად შენთვის რა არის ეს პროექტი?
- დადებითი ემოციებს მიტოვებს. ახალგაზრდა მონდომებულ ადამიანებს ვუყურებ და მათთან ურთიერთობა მსიამოვნებს. ნიჭიერები, მომხიბვლელები და მშრომელები არიან. მნიშვნელოვანი საქმით არიან დაკვებულები. ყველას წარმატებას ვუსურვებ.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის