შაშკინი - სახელმწიფომ ხელოვნურად გააკოტრა "არქიმედეს გლობალ ჯორჯია"

შაშკინი - სახელმწიფომ ხელოვნურად გააკოტრა "არქიმედეს გლობალ ჯორჯია"

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ხელისუფლებას სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" გაკოტრებაში ადანაშაულებს და წერს, რომ ქართული ეკონომიკა ჯანდაცვის სოციალიზაციას ვერ გაუძლებს.

"ახალი წელი ჯანდაცვაში სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს“ გაკოტრებით დაიწყო. უფრო სწორად რომ ვთქვა: სახელმწიფომ ხელოვნურად გააკოტრა ეს სადაზღვეო კომპანია.

გასაგებია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სადაზღვეო კომპანიების მიმართ ბევრი დადებითი ემოცია არ აქვს, მაგრამ ზუსტად ამ სადაზღვევო კომპანიების დამსახურებაა, რომ ჩვენ ახალი კლინიკები გვაქვს თანამედროვე აპარატურით და ექიმებს ნორმალური ხელფასი აქვთ.

თან ამ გაკოტრებით, 750-ზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩა. ჩვენი ქვეყნისთვის კი ეს ნამდვილად დიდი რაოდენობაა.

საზოგადოება ამაზეც დუმს. ძველი მთავრობის დროს, გაპარტახებული პოლიკლინიკა რომ იხურებოდა 20 უხელფასო ექიმით, ყურებზე იდგა არასამთავრობო სექტორი და ე.წ. ინტელიგენცია.

ამერიკის პრეზიდენტმა ობამამ, თავის საახალწლო ინტერვიუში, აღიარა, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა ჯადაცვის რეფორმა იყო. შეგახსენებთ, რომ ობამა ცდილობდა ჯანდაცვის დაზღვევის სფეროში სახელმწიფოს როლის გაზრდას. ზუსტად იგივეს გაკეთებას ცდილობს საქართველოში ახალი მთავრობა და ამას შეეწირა “არქიმედე". ამერიკის ეკონომიკამ ვერ გაქაჩა ჯანდაცვის სოციალიზაცია და რატომ ჰგონია ჩვენს მთავრობას, რომ ჩვენი ეკონომიკა და სისტემა ამას გაუძლებს?", - წერს შაშკინი.

სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" გაკოტრების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

კომპანიას, რომელსაც ფინანსური პრობლემები გასული წლის აგვისტოდან შეექმნა, სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდა. იმის გამო, რომ მან სიტუაციის შეცვლა ვერ შეძლო, სწორედ 31 დეკემბერს მიიღეს გადაწყვეტილება კომპანიის გაკოტრების შესახებ.

ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის დავალიანება დაუგროვდა სადაზღვევო კომპანიას პროვაიდერი კლინიკებისა და სახელმწიფოს წინაშე, თუმცა ცნობილია, რომ დავალიანება მილიონობით ლარს შეადგენს. როგორც ღუდუშაურის საავადმყოფოს დირექტორმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში განაცხადა, მხოლოდ მის კლინიკასთან "არქიმედეს" დავალიანება 2 მილიონ ლარს აჭარბებს.

სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, "არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში" საქართველოს 300 ათასზე მეტი მოქალაქე იყო დაზღვეული. მას შემდეგ, რაც კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა, ყველა ვალდებულებას სახელმწიფო გადაიბარებს და საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაუწევს მომსახურებას დაზღვეულ მოქალაქეებს.

იხილეთ ასევე: "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" ბენეფიციარებზე სახელმწიფო იზურნებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს