სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს უარყოფითი პოზიციის მოწინააღმდეგებმა საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის საპატრიარქოსთან სიმშვიდეა, თუმცა შენობასთან ისევ რჩებიან საპატრიარქოს მხარდამჭერები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
საპატრულო პოლიცია ურთიერთსაპირისპირო აქციების მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვით მიჯნავდა, რათა ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარიყო.
საპატრიარქოს პოზიციის მოწინააღმდეგეებს შორის ნინია კაკაბაძეც იმყოფებოდა.
მისი თქმით, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ბევრ პრობლემატურ საკითხზე იყო საუბარი, თუმცა ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით პატრიარქის პოზიცია მისთვის მიუღებელია.
საპატრიარქოსთან საშობაო ეპისტოლეში სუროგაციასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებებების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა. აქციების მონაწილეებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.
აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირებიც.
ასევე იხილეთ ვიდეო: "პატრიარქს ნუ ახსენებ, შე გველის წიწილო" - დაპირისპირება საპატრიარქოსთან