ექსიბიციონისტები - ადამიანები, ვისაც საკუთარი შიშველი სხეულის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან დემონსტრირების ძლიერი სურვილი აქვთ, შეიძლება შეგხვდეთ ბნელ მიწისქვეშა გადასასვლელებში, ქუჩაში და სამარშრუტო ტაქსებშიც კი. ეს ადამიანები ფიზიკურად არავის ავნებენ. როგორც ფსიქოლოგმა გვითხრა, ექსიბიციონიზმი ფსიქოლოგიური გადახრაა და არ იკურნება, თუმცა შესაძლებელია მისი შემცირება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განხორციელებული ეს ქმედება საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის 171-ე მუხლით ისჯება.
თბილისის ქუჩებში ხშირია ექსიბიციონისტი მამაკაცები. 22 წლის სოფომ, რომელიც არაერთხელ შეხვედრია ასეთ მამაკაცს, მოგვიყვა, რომ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელებში ხშირად რამდენიმე ექსიბიციონისტი მამაკაცი ერთად უნახავს. სოფოს თქმით, ისინი შეთანხმებულად დგანან ხოლმე გადასასვლელის ორივე მხარეს. თუ გადასასვლელში მანდილოსანი მარტო ჩავიდა, გაჰყვებიან და თავის შიშველ სხეულს უჩვენებენ. ამ პრობლემის გამო სოფო მიწისქვეშა გადასასვლელით ვერ სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილზე გზის გადაკვეთა ფულადი ჯარიმით ისჯება.
22 წლის სოფო: "გმირთა მოედანზე ხშირად წავწყდომივარ ასეთ მამაკაცებს. ძირითადად ნორმალური შესახედაობის ადამიანები არიან, ვერაფრით გამოარჩევ სხვებისგან. გოგონებს და ქალებს თუ დაინახავენ, ჩაჰყვებიან გადასასვლელში და საკუთარი სასქესო ორგანოს დემონსტრირებას იწყებენ. ვინც ეს იცის, ერიდება მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობას. გარდა იმისა, რომ სასიამოვნო არ არის ასეთი რამ, ვფიქრობ, ძალიან საშიშია. ერთხელ პატრულის თანამშრომლებს ვუთხარით ამის შესახებ და ვთხოვეთ, თუ შესაძლებელი იქნებოდა, მუდმივად ამ გადასასვლელების სიახლოვეს ყოფილიყვნენ, რათა იმ ტერიტორიაზე თავისუუფლად და უშიშრად გვევლო. პატრულის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ გზა აღარ გადაგვეჭრა, გვესარგებლა მიწისქვეშა გადასასვლელით და თუ მსგავს ფაქტს შევესწრებოდით, დაგვერეკა პატრულში. როცა ექსიბიციონისტს შეხვდები და შეგეშინდება, მაშინ პატრულში დარეკვას ვერ დავიწყებ. ისევ გზის გადაჭრა მირჩევნია".
ექსიბიციონისტები არა მარტო ჩაბნელებულ გადასასვლელებში, არამედ ხალხმრავალ ადგილებშიც შეუნიშნავთ. 19 წლის ანა თავად შეესწრო ასეთ ფაქტს რუსთავისკენ მიმავალ მიკროავტობუსში.
ანა: "მეგობართან ერთად ვმგზავრობდი თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსით. შევამჩნიეთ, რომ ჩვენ უკან სკამზე მამაკაცი გადმოწეული იყო და მძიმედ სუნთქავდა. ვიფიქრეთ, ცუდად იყო. ამ დროს ერთმა ბიჭმა მძღოლს გააჩერებინა და ეს კაცი, რომ იტყვიან, ჩაათრია. ჩვენ ვერაფერი გავიგეთ, მაგრამ ამ კაცის გვერდით მჯდომი გოგო ისეთი შეშინებული იყო, ხმას ვერ იღებდა. მერე გაირკვა, თურმე ეს კაცი საკუთარ სასქესო ორგანოს აჩვენებდა". ფსიქოლოგმა ქეთი ჭყოიძემ გვითხრა, რომ ექსიბიციონიზმი ფსიქოლოგიური გადახრაა და არ იკურნება, თუმცა მისი რეაბილიტირება, შემცირება სხვა საქმიანობაზე ყურადღების და ენერგიის გადართვით არის შესაძლებელი.
ქეთი ჭყოიძე: "ასეთი ფაქტები ადრეც ხდებოდა, მაგრამ ფარულად. ახლა გამოვიდა სააშკარაოზე, რადგან მეტი თავისუფლებაა. ექსიბიციონიზმი ფსიქლოგიური გადახრაა. არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია სხვა ქცევაზე ყურადღებისა და ენერგიის გადართვით ამ არასასურველი ქცევის შემცირება-რეაბილიტირება.
"არსებობს ექსიბიციონიზმის სხვადასხვა ფორმა, თუ ფსიქოლოგიური აშლილობა ახლავს თან, მაშინ ფსიქოლოგი ვერაფერს გახდება.
"არის შემთხვევები, როცა ადამიანს არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ აქვს, ძირითად სიტუაციებში ადეკვატურად იქცევა, ჰყავს ოჯახი, აქვს სამსახური, მაგრამ მაინც იყენებს სხეულის სხვების წინაშე დემონსტრირებას სიამოვნების მისაღებად. ასეთ დროს იმ ფსიქიკურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ან განვითარებული - სიტუაციის შესაბამისად, ან გამოწვეული მძიმე ტრავმის შედეგად. არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ ექსიბიციონისტები საკუთარი კომპლექსების დაძლევას ცდილობენ ამგვარი ქცევით. ისინი ირჩევენ "პუბლიკას" და "საკუთარი თავის" დემონსტრირებით ერთგვარ თვითრეალიზებას ახდენენ. "პუბლიკას" არჩევენ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მაგალითად, ზოგიერთები ქერების წინაშე შიშვლდებიან, ზოგიერთები შარვლიანებს ირჩევენ და ასე შემდეგ".
საშიშია თუ არა ექსიბიციონისტები იმ ადამიანებისთვის, ვის წინაშეც შიშვლდებიან?
"ექსიბიციონისტები ფიზიკურად არ ეკონტაქტებიან ადამიანებს, მხოლოდ მათი რეაქციის ყურებით განიცდიან ტკბობას. შესაბამისად, სხვებისთვის საშიში არ არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არავის ავნებენ, მათთან შეხვედრისას ვინმემ შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს. ამიტომ ექსიბიციონისტებთან შეხვედრისას სჯობს, არ შეშინდეთ და იცოდეთ, რომ ის ფიზიკურად არ გავნებთ".
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატმა ეკატერინე მიდოდაშვილმა გვითხრა, რომ ექსიბიციონიზმი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით ისჯება, როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეუფერებელი და ადამიანის ღირსების შემლახველი ქცევა. სს წესით ექსიბიციონიზმი არ ისჯება, თუ მას არ ახლავს მუქარა, ძალადობა, ან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ქმედება.
ეკატერინე მიდოდაშვილი: "ამგვარი ქმედება - საზოგადოებრივ ადგილებში შეუფერებელ და ადამიანის ღირსებაშემლახველ მდგომარეობაში ყოფნა, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 171-ე მუხლით ისჯება. ეს გამოიწვევს გაფრთხილებას და დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, თუ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ასეთი ფაქტი დაინახა, შეუძლია, მივიდეს, სამართალდარღვევის ოქმი შეადგინოს და დააჯარიმოს.
"სხვა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს ეს ქმედება, თუ არ განხორციელდა ძალადობა, მუქარა, ისეთი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთლეობას, ან სიცოცხლეს. მოკლედ რომ ვთქვათ, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ ქმედების მხოლოდ კონკრეტული შედეგი განსაზღვრავს".
ეკა ტაბატაძე
გაზეთი "რეზონანსი"