განათლების სამინისტრო მანდატურის სამსახურის რეფორმირებას იწყებს

განათლების სამინისტრო მანდატურის სამსახურის რეფორმირებას იწყებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მანდატურის სამსახურის რეფორმირებას იწყებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიურ სამსახურად გარდაიქმნება, სკოლის მანდატურები კი, ბავშვთა დაცვის ოფიცრები ხდებიან. ამასთან, იცვლება ბავშვთა დაცვის ოფიცრის ასაკობრივი ზღვარი - თუ მანდატურად პირის დანიშვნა 20 წლის ასაკიდან იყო შესაძლებელი, ბავშვთა დაცვის ოფიცრები 23 წლის ასაკიდან დაინიშნებიან.

ამ ყველაფერს "ზოგადი განათლების შესახებ" და ასევე "პროფესიული განათლების შესახებ" კანონებში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

დაგეგმილი რეორგანიზაციისა და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მანდატურებისგან განსხვავებით, ბავშვთა დაცვის ოფიცრების ფუნქციები და უფლებამოსილება მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კონტროლით, სკოლებში წესრიგის უზრუნველყოფით და სამართალდარვევათა აღკვეთით არ შემოიფარგლება.

ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგოიურ სამსახურს ემატება ისეთი ფუნქციის შესრულება, როგორიცაა ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევა (ფსიქოკორექცია, ფსიქოთერაპია, პრევენცია და რესოციალიზაცია). მის ფუნქციაში შევა მოსწავლისათვის პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და კარიერის დაგეგმვაში ხელშეწყობა, ასევე სამეცნიერო-კვლევითი (ფსიქოლოგიური ან სოციალური) საქმიანობის განხორციელება, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება და საექსპერტო დასკვნის გაცემა.

თავის მხრივ, იზრდება ბავშვთა დაცვის ოფიცრების უფლება-მოვალეობები და მათ ფუნქციებში დამატებით განისაზღვრება ფსიქოსოციალური პრობლემის მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება და ამ დაკვირვების საფუძველზე შუამდგომლობის გაწევა ასეთი მოსწავლის ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის ფსიქოლოგებთან გადამისამართების თაობაზე. ასევე მათ ფუნქციას ემატება ფსიქოსოციალური პრობლემების მქონე პირების მშობლებთან შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.

პარლამენტის ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ფსიქო-სოციალური პრობლემის მქონე სუბიექტის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფინდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულების მიზნით. ამგვარი ინფორმაციის არასამსახურეობრივი მიზნით გამოყენება კანონმდებლობით დადგენილი წესით დაისჯება.

კანონპროექტის გათვალისწინებით, ბავშვთა დაცვის, მედიაციის და ფსიქოლოგიურმა სამსახურმა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა