5 ქვეყანა, სადაც ახალ წელს 1-ელ იანვარს არ ზეიმობენ

5 ქვეყანა, სადაც ახალ წელს 1-ელ იანვარს არ ზეიმობენ

1. საუდის არაბეთი

სულ ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთში ოფიციალურად აკრძალეს ახალი წლის აღნიშვნა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ჩვენთვის ტრადიციული ახალი წელი იქაურებისთვის შეუმჩნევლად ჩაივლის ხოლმე. ზოგადად, 1-ლი იანვარი საკმაოდ ბევრ ქვეყანაში არ ნიშნავს ახალი წლის დადგომას.

- ქვეყნის რელიგიურმა პოლიციამ უცხოელი სტუმრები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა, რომ 1-ელ იანვარს ახალი წლის აღნიშვნა იკრძალებოდა. უფრო მეტიც, რელიგიური პოლიციის თანამშრომლებმა გააფრთხილეს ყვავილებითა და საჩუქრებით მოვაჭრე მაღაზიები, არ გაეყიდათ ისეთი ნივთები, რომლებსაც უცხოელები, ტრადიციულად, საახალწლოდ ყიდულობენ ხოლმე.

ახალ წელს საუდის არაბეთში 21 მარტს ზეიმობენ.

2. ისრაელი

- 1-ლი იანვარი ისრაელში სრულიად ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, თუ, რა თქმა უნდა, შაბათ დღეს არ მოუწია.

ახალ წელს ისრაელში შემოდგომით აღნიშნავენ ხოლმე - სექტემბერში ან ოქტომბერში და მას რომ ჰაშანა ქვია. ებრაული კალენდარი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს და მზის წლიურ ციკლს, ის ეყრდნობა ზუსტ მათემატიკურ გამოთვლებს, რის გამოც ძირითადი დღესასწაულების თარიღები ცვალებადია.

საუდის არაბეთისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, ისრაელში ახალი წლის 1-ელ იანვარს აღნიშვნა აკრძალული არ არის.

3. ირანი

- არც ირანისთვისაა 1-ლი იანვარი სადღესასწაულო. ქვეყანა საკუთარი კალენდრით ცხოვრობს და იქ ახლა 1392 წელია.

ახალ წელს ირანში გაზაფხულის პირველ დღეს ზეიმობენ, რაც გრიგორიანული კალენდრით 22 მარტს ემთხვევა. ახალ წელს ირანში ნოვრუზს ეძახიან.

ირანის გარდა, ნოვრუზს აღნიშნავენ ავღანეთში, ტაჯიკეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთში, თურქეთში, ყირგიზეთში, ალბანეთსა და მაკედონიაში.

4. ინდოეთი

მრავალკულტურიან ინდოეთში იმდენი დღესასწაულია, ყველა რომ აღინიშნებოდეს, სამუშაოდ ვერავინ მოიცლიდა. ამის გამო ზოგიერთი მათგანი "არჩევით დღესასწაულად იქცა". კერძოდ, "არჩევითი დღესასწაულებისას" ქვეყანაში ყველა დაწესებულება და ოფისი მუშაობს, თუმცა თანამშრომლებს, თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ, სამსახურში არ გამოცხადდნენ. სწორედ ასეთ დღესასწაულებში შედის ინდოეთში 1-ლი იანვარიც.

გარდა ამისა, ინდოეთში ახალი წლის აღნიშვნის კიდევ არაერთი ვარიანტი არსებობს.

22 მარტს ახალი წელი დგება ინდოეთის ერთიანი ეროვნული კალენდრის შესაბამისად. მაჰარაშტრას შტატში ახალ წელს უწოდებენ გუდი პადვას, ხოლო ანდხრა პრადეშის შტატში - უგადის. ასევე, ცნობილია, რომ კერალის შტატში ახალ წელს 13 აპრილს აღნიშნავენ, სახელად კი ვიშუს უწოდებენ.

სამხრეთ ინდოეთში შემოდგომაზე ფართოდ აღინიშნება დივაპალის დღესასწაული, რაც ახალი წლის დადგომასაც ნიშნავს.

5. ჩინეთი

- ახალი წელი ჩინეთში, სადაც მას იუან-დანს უწოდებენ, საკმაოდ შეუმჩნევლად ჩაივლის ხოლმე. როგორც ამბობენ, მხოლოდ რამდენიმე სუპერმარკეტსა და სავაჭრო ცენტრში იხილავთ დასავლური ტრადიციების ანარეკლს - ზოგან ხელოვნურ ნაძვის ხეს, ზოგან კი ციცქნა სანტაკლაუსებს. გარდა ამისა, ჩინელები თავიანთ დასავლელ მეგობრებს ელექტრონულ მისალოცებსაც უგზავნიან, თუმცა ესეც უფრო შობისთვის კეთდება და არა საახალწლოდ.

"იუან-დანი" - ახალი წლის პირველ, დამწყებ დღეს ნიშნავს (იუან - "დაწყება", დან - დღე).

1949 წლის 27 სექტემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ წლის პირველ დღედ სწორედ 1-ლი იანვარი დააწესა და ოფიციალური სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსიც შესძინა, თუმცა დღემდე იქაურები "დასავლურ ახალ წელს" ზედაც არ უყურებენ.

მიხეილ სახვაძე

გაზეთი "ქრონიკა"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა