ახალი წლის ღამეს, თითქმის ყველა ოჯახში მრავალფეროვანი საახალწლო სუფრა იშლება. ტელეკომპანია "იმედის" კორესპონდენტი, ნათია ორველაშვილი ამბობს, რომ სხვებისგან განსხვავებით, საახალწლო სუფრას "ზედმეტი" რაღაცებით არასოდეს ტვირთავს და შესაბამისად, ამ საქმეში ბევრ ფულსაც არ ხარჯავს.
- ახალ 2014 წელს, როგორი განწყობით შეხვდი?
- 2014 წელს რაღაც განსაკუთრებული სიხარულით ველოდებოდი. ახალ წელს ოჯახში, 2 წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად შევეგებე. ზოგადად, ეს დღესასწაული ძალიან მიყვარს და ახალი წლის შესახვედრად ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები.
- წინასაახალწლო დღეებში ბევრი ფული დახარჯე?
- ბევრი ფული საჩუქრებში მეხარჯება ხოლმე. წელსაც, როგორც ყოველთვის, ფული არაფერში დამნანებია. რატომღაც, საახალწლო სუფრას ბევრი სადილით, შემწვარ-მოხრაკულით არ ვტვირთავ და გამოდის, რომ ფულს ვზოგავ (იცინის). ბევრი პროდუქტის ყიდვას მირჩევნია, იმდენი შევიძინო, რამდენიც საჭიროა! არ მომწონს, როცა ადამიანები უამრავ რამეს ამზადებენ, მერე კი კერძებს ნაგავში ყრიან.
- ფულს შენთვის როგორი გემო აქვს?
- სიმართლე გითხრათ, ფულს ჩემთვის არც გემო აქვს და არც - სუნი. უბრალოდ, ფული აუცილებელია იმისთვის, რომ იცხოვრო, იარსებო.
- ოდესმე ბევრ ფულზე თუ გიოცნებია?
- წლების წინ ბევრ ფულზე ხშირად ვოცნებობდი და თან, საოცნებო თანხა განაწილებული მქონდა. ვიცოდი, ყოველი თეთრი რაში უნდა დამეხარჯა. ამ ეტაპზე ასეთ რაღაცებზე აღარ ვოცნებობ, მაგრამ ბევრი ფული რომ მქონდეს, ვფიქრობ, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი.
- ოდესმე ფული გიპოვია?
- დიახ, ფული მხოლოდ ერთხელ, ქუჩაში სეირნობის დროს ვიპოვე (იღიმის).
- რაოდენობა არ გახსოვს?
- კი, მახსოვს, 5-ლარიანი იყო.
- პირველი ხელფასი რაში დახარჯე?
- პირველი ხელფასი რადიო "მწვანე ტალღაში" მუშაობის დროს ავიღე. ეს იყო 2006 წელს და სულ რაღაც, 50 ლარი მომცეს. ამ თანხით ვიყიდე მწვანე კაშნე, რომელიც ძალიან მომწონდა და ხშირად ვატარებდი კიდეც.
- ყაირათიანი მხარჯველი ხარ?
- ყაირათიანი მხარჯველი არ მეთქმის, რადგან ხანდახან ისეთ რაღაცებსაც ვყიდულობ, რაც იმ წუთში არ მჭირდება. მსგავსი რამ უფრო მეტად სამოსისა და კოსმეტიკის შეძენისას მემართება ხოლმე. მიყვარს ისეთი ნივთების ყიდვა, რაც გამახალისებს და კარგ განწყობას შემიქმნის. ჰოდა, რასაკვირველია, ასეთ დროს შემიძლია, ბოლო თეთრებიც კი დავხარჯო.
- საახალწლო სამზადისისთვის ალბათ, მთელი თვის ხელფასი დახარჯე, არა?
- არა, ცოტაოდენი თანხის გადადება მოვახერხე. ისე კი მართლაც, უამრავი საჩუქარი და საახალწლო აქსესუარი შევიძინე.
- საახალწლოდ გარდერობი თუ განაახლე?
- ერთი-ორი ახალი სამოსი შევიძინე, რაშიც მაინცდამაინც დიდი თანხა არ დამიხარჯავს. ახალი წლის ღამეს ყოველთვის ვცდილობ, რაიმე ახალი ჩავიცვა, რადგან ეს დღესასწაული ჩემთვის სიახლეებთან ასოცირდება.
- ამბობენ, - წითელი საფულე, ბარაქის მომტანიაო. შენ რა ფერის საფულე გაქვს?
- საერთოდ, ასეთი ცრურწმენების არ მჯერა. ადრე რამდენიმე წითელი საფულე მქონდა, მაგრამ არა იმის გამო, რომ ბარაქა მქონოდა. უბრალოდ, წითელი ძალიან მიყვარს.
- შენი აზრით, ფულით წარმატების ყიდვა შესაძლებელია?
- ვერავინ დამაჯერებს, რომ ფული ადამიანებს წარმატების მიღწევაში არ ეხმარება. სიმდიდრე კარგი ბერკეტია იმისთვის, რომ წარმატებული და პოპულარული გახდე. ფულიან ადამიანებს დასახული მიზნის მისაღწევად ნაკლები გარჯა უწევთ, მაშინ როდესაც, უფულო და ჭკვიანმა ბევრი უნდა იწვალოს, მისი არსებობა ვიღაცამ რომ შეამჩნიოს.
- ფულის დაგროვება თუ გამოგდის?
- სამწუხაროდ, ფულის დაგროვება არასოდეს გამომდის. ხანდახან ამის მცდელობა მაქვს, მაგრამ ეს მონდომება ყოველ ჯერზე, კრახით სრულდება.
- ფული ყულაბაში არასდროს მოგიგროვებია?
- ყულაბა ბევრჯერ შემიძენია, მაგრამ ის ყოველთვის დათქმულ ვადაზე ადრე ტყდებოდა.
- ყველაზე მეტად, ფულის დახარჯვა რაში არ გენანება?
- ფულს ყველაზე დიდი სიამოვნებით მოგზაურობაში ვხარჯავ, ასეთ დროს საკუთარ ბიუჯეტს არასოდეს ვინდობ. თუმცა, საკუთარ თავს მოგზაურობებით ხშირად ვერ ვანებივრებ, რადგან ეს მართლაც, ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა.
- თუ გაიხსენებ ნივთს ან სამოსს, რომელშიც ისეთი დიდი თანხა გადაიხადე, რომ შინ მისულმა მისი შეძენა ინანე?
- რაღაც ნივთებში ან თუნდაც, სამოსში არასოდეს ვიხდი ისეთ თანხას, რომ მერე საქმე სანანებლად გამიხდეს. როცა რაღაც მომწონს, მას დიდხანს ვუტრიალებ და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებ.
- უფულობის დროს შეიძლება, დეპრესიაში ჩავარდე?
- მატერიალური კრიზისი დეპრესიაში ვერ ჩამაგდებს, მაგრამ უფულობა ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის ხოლმე. ფულის გარეშე ხომ ელემენტარულად, გადაადგილებაც კი შეუძლებელია.
- საბანკო მომსახურებით არ სარგებლობ?
- ბანკებთან ურთიერთობას ვერიდები, მაგრამ ზოგჯერ იძულებული ვარ, საბანკო კრედიტით ვისარგებლო.
- საოჯახო ტექნიკა განვადებით თუ შეგიძენია?
- სხვათა შორის, განვადებით ხშირად ვსარგებლობ და კარგი გადამხდელიც ვარ: ლამის ათასჯერ ვიწერ და ვინიშნავ იმ დღეს, როცა ბანკში ფული უნდა მივიტანო.
- როგორც ვხვდები, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს. ასეა?
- ზოგადად, არ მიყვარს ვალის აღება, მაგრამ თუ ავიღებ, ის დროულად უნდა დავუბრუნო პატრონს.
- შენ თუ გაგისესხებია ფული?
- რა თქმა უნდა, როცა ახლობელი მთხოვს, მას დახმარების ხელს აუცილებლად გავუწვდი. ცხადია, თუკი ამის საშუალება მაქვს (იღიმის).
- ოდესმე ნისიად რაიმე ნივთი ან სამოსი თუ შეგიძენია?
- "პოსლეზე" არასდროს არაფერს ვყიდულობ. უბრალოდ, შეიძლება, სამსახურის ბუფეტში სადილი მივირთვა ნისიად და ვალი ხელფასის აღების შემდეგ გავისტუმრო.
- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?
- იშვიათად. ყოველთვის ვიცი, რამდენს ვხარჯავ და რამდენი მრჩება.
- დაბოლოს, შეგიძლია გვითხრა, ამწუთას საფულეში რამდენი ლარი გაქვს?
- არ არის პრობლემა, მაგრამ ჯერ უნდა დავითვალო (ითვლის). საფულეში 150 ლარი მიდევს (იცინის).
სოფო ჭონიშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)