მუსკომედიის თეატრის მსახიობი ლაშა რამიშვილი პროექტ "ერთი-ერთში" მონაწილეობდა და ბოლო დროს რამდენიმე ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ ადამიანად გარდაისახა. პროექტში მონაწილეობა და თეატრის ამერიკაში გასტროლები ერთმანეთს დაემთხვა. სავარაუდოდ, ამანაც იქონია გავლენა იმაზე, რომ მსახიობი "ერთი-ერთშის" ფინალში ვერ მოხვდა. ლაშა რამიშვილმა თავის ცხოვრებასა და ზემოხსენებულ პროექტზე ჩვენთან გულახდილად ისაუბრა.
"არ ვიცი, რამდენად ვანათებ, მაგრამ ვფიქრობ, დადებითი სახელია"
- თქვენს ალბომში ფოტოს აქვს წარწერა, რომ თვისა და 18 დღის ხართ.
- ჩემმა მშობლებმა ცხოვრება ნულიდან დაიწყეს. ერთად ძალიან ბევრი რამ გადაიტანეს. რომ დავიბადე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მამა სტუდენტი იყო. მას ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული, ისტორიის ფაკულტეტი და ფიზკულტურული. ყოფილი ფეხბურთელია. დედა ინჟინერია. დედა მომიყვა, რომ სურათის გადაღების დღეს სიცხე მქონდა. დედა თურმე ძალიან ნერვიულობდა. მამა სამსახურიდან ახალი მოსული იყო. სურათი მამაჩემის მეგობრის გადაღებულია, საშკასი, რომელიც ტელევიზიის ოპერატორი გახლდათ. საშას დედასა და მამას ქორწილიც აქვს გადაღებული. დედას ფოტოზე ეტყობა, რომ ნამტირალევია.
- როგორც ვიცი, გყავთ დედმამიშვილი.
- ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი და მყავს, მარიკა, რომელსაც სინამდვილეში მარგალიტა ჰქვია. მარგალიტა რომ დაუძახოთ, კიდევ არა უშავს, მოეწონება, ვერ იტანს, მარიკას რომ ვეძახით. მარი დამიძახეთო, გამოაცხადებს ხოლმე. მისი დაბადება ძალიან კარგად მახსოვს, მეორე კლასში ვიყავი, მაშინ რუსთავში ვცხოვრობდით. მახსოვს, დიდი პრობლემა იყო მისი სამშობიაროდან გამოწერა. დედასა და მამას ხელი მოწერილი არ ჰქონდათ. მამა რუსეთში იყო და დედას სამშობიაროდან არ უშვებდნენ. საბოლოოდ დედის გვარზე გამოწერეს. ჩემს დაბადებას კი დედა კინაღამ გადაჰყვა. ოთხ კილოზე მეტი დავიბადე და აბა, როგორია ამხელა ბავშვის გაჩენა.
- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით, გიორგობა დღეს დავიბადეო, ამ შემთხვევაში, როგორც წესი, გიორგის არქმევდნენ ხოლმე.
- სახელის დარქმევასთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი გადამხდა. ერთი კვირა უსახელოდ ვიყავი. აპირებდნენ ბაბუაჩემის სახელის - პავლეს დარქმევას, ის 21 ნოემბერს გარდაიცვალა. მამა ამბობდა, სახელი მამას პატივსაცემად დავარქვათო. ოჯახში აღშფოთებულან, ორი დღის წინ გარდაცვლილი ადამიანის სახელი ბავშვს რატომ უნდა დავარქვათო. თან გასული საუკუნის 80- იან წლებში გიორგობას არ აღნიშნავდნენ ხოლმე. მერე ვიღაცამ თქვა, ლაშა დავარქვათ, კარგი სახელიაო. მანამდე ხან ბუხუტი ვიყავი, ხან ქიშვარდი და ბოლოს ლაშა შემრჩა.
- სახელით კმაყოფილი ხართ?
- ბედნიერი ვარ, მით უფრო, რომ ეს სახელი მანათობელ ადამიანს ნიშნავს. არ ვიცი, რამდენად ვანათებ, მაგრამ ვფიქრობ, დადებითი სახელია, ამიტომაც ჩემს შვილს ნახევრად ჩემი სახელი ჰქვია. ჩემი შვილი ლაშა-გიორგი რამიშვილია.
- მომდევნო ფოტო ვისთან ერთად გაქვთ გადაღებული?
- სურათი, თუ არ ვცდები, 1983 წელსაა გადაღებული. მამას გვერდით ჩემი ნათლია დგას, რომლის სახელიც არ მახსოვს. ფოტოზე არის მამიდაჩემი, რომლის ფანიც ვარ ბავშვობიდან. ფანტასტიკური მოცეკვავე იყო. მერე თავი დაანება. ფოტოზეა ასევე ბიძაჩემი, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია. არ დამავიწყდება, მან ჩემს ცხოვრებაში პირველად დამსვა მანქანის საჭესთან. შვიდი შვილის მამაა. აქედან ხუთი გოგოა და ორი ბიჭი. ხუთი გოგო რომ ჰყავდა, ამბობდა, ძილში თავს მოვიკლავ, ხუთი გოგო რა ამბავიაო. პირველი ორი გოგონა რომ შეეძინა, მერე ტყუპი გოგო ეყოლა. ბოლოს ამბობდა, ვანის რაიონში თუ ვინმეს გოგონები უნდა, ორ ფუთ ლობიოდ გავაკეთებო. მაგრამ არ გაჩერდა და მერე ტყუპი ბიჭი ეყოლა, პავლე და შოთიკო რამიშვილები, რომლებიც ახლა შესანიშნავად მღერიან.