ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს სოჭის ოლიმპიადის წინ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ჩაკ ჰეიგელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, სატელეფონო საუბარი აშშ-ის ინიციატივით შედგა. ამასთან, პენტაგონის შეფმა ვოლგოგრადის ტერაქტებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. საუბრის დროს ასევე განიხილეს რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხი.
სოჭის ოლიმპიადა 7 თებერვალს გაიხსნება და 23 თებერვალს დაიხურება. პარაოლიმპიური თამაშები კი სტარტს 7 მარტს აიღებს და 16 მარტს დასრულდება.
ვოლგოგრადში მომხდარმა ტერაქტებმა დღის წესრიგში დააყენა სოჭის ოლიმპიადის წინ უსაფრთხოების გამკაცრების საკითხი.