გენინსპექციამ ვანო მერაბიშვილი მის სკანდალურ განცხადებაზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში გამოკითხა

 გენინსპექციამ ვანო მერაბიშვილი მის სკანდალურ განცხადებაზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში გამოკითხა

სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვანო მერაბიშვილი მის სკანდალურ განცხადებაზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში გამოკითხა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მერაბიშვილის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განუცხადა, ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილ პრემიერთან გამოკითხვის მიზნით, გენინსპექციის წარმომადგენლები დღეს იმყოფებოდნენ. ადვოკატი გამოკითხვის პროცესს თავადაც ესწრებოდა.

ხაჟალიას თქმით, მერაბიშვილმა გენინსპექციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ციხიდან მისი გაყვანის შესახებ. მისივე განმარტებით, რა ვადაში დადებს უწყება მოკვლევის შედეგებს, განსაზღვრული არ არის.

დავით ხაჟალია აცხადებს, რომ მერაბიშვილის მხარისთვის უცნობია, მოხდა თუ არა იმ ვიდეოფირების ამოღება, რომელსაც დაცვის მხარე ითხოვს. თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, სამინისტროს გენინსპექცია ვალდებულია, აღნიშნული ფირები, რომელიც მერაბიშვილის მტკიცებით, ღამით ციხიდან მის გაყვანას ასახავს, გამოიკვლიოს. ხაჟალია მოითხოვს, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაყვანის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

"პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ "ვითანამშრომლებდი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის "ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ