როგორ ხვდება ახალ წელს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი

როგორ ხვდება ახალ წელს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი

როგორ ცხოვრობენ სახელმწიფოს პირველი პირები, რა გზა გამოიარეს მაღალი პოსტის დაკავებამდე, ვინ არიან მათი ოჯახის წევრები, ვისთან მეგობრობენ - ის კითხვებია, რომლებიც ხალხს აინტერესებს. ეს ინტერესი უფრო დიდია, როცა საქმე ხელისუფლებაში მოსულ ახალ პიროვნებას ეხება. ამიტომაც ბუნებრივია, მკითხველის ინტერესი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. ამჯერად ბატონ პრემიერთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. სამაგიეროდ, მისმა სიმამრმა - თამაზ თამაზაშვილმა გვიმასპინძლა და ქალიშვილისა და სიძის შესახებ ზოგიერთი "საიდუმლოც" გაგვიმხილა.

- ბატონო თამაზ, გილოცავთ შობა-ახალ წელს! გასული 2013 წელი ძალიან წარმატებული იყო თქვენი ოჯახისთვის. თქვენი სიძე პრემიერ-მინისტრი გახდა, მეორე ქალიშვილი, ნათია გაათხოვეთ... ვინ იყო თქვენი მეკვლე და წელსაც ის ხომ არ დაპატიჟეთ?

- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელ საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი! ჩვენი ოჯახის მეკვლეები ყოველთვის შვილიშვილები, ირაკლისა და ნუნუკას შვილები - ნიკოლოზი და პატარა ანდრია არიან. ნიკოლოზი ძალიან მგრძნობიარე ბავშვია, ჩემს ციხეში ყოფნას განიცდიდა და შარშან, 2013 წელს თოვლის პაპას ასეთი წერილი მისწერა: "თოვლის პაპა, ძალიან გთხოვ, ჩემი პაპა არასდროს დაიჭირო". 2013 წელი რომ დადგა, ციხიდან ახალი გამოსული ვიყავი და მთელი ოჯახი გახარებული იყო. მათ ძალიან დიდი სტრესი გადაიტანეს. 2013 წელს ჩემს შვილიშვილებს მოსვლა ახალმა სიძემ, ლევანმა დაასწრო და ის იყო ჩვენი მეკვლე.

- სასიძოს ფეხი კარგი აღმოჩნდა, არა?

- ძალიან კარგი და წარმატებული. ლევან სამალაშვილი მაშინ ჩემი ქალიშვილის, ნათიას შეყვარებული იყო და ოჯახში ჩემს გასაცნობად მოვიდა. დღეს ისინი ცოლ-ქმარი არიან.

- ასე მოიქცა ირაკლი ღარიბაშვილიც, ისიც თქვენს გასაცნობად პირდაპირ სახლში მოვიდა. მაშინ გავლენიანი პიროვნება, პოლიციის გენერალი ბრძანდებოდით. სასიძოებთან პირველი შეხვედრებისთვის ქალიშვილები წინასწარ გამზადებდნენ?

- არა. მოულოდნელი იყო ირაკლის სტუმრობა, ჩემს ქალიშვილს არაფერი უთქვამს. ნუნუკა 19 წლის იყო მაშინ. ირაკლი მარტო მოვიდა ჩემს გასაცნობად. გამიკვირდა, ასე თამამად რომ შემოვიდა. მაშინ საი-ს (სახელმწიფო ავტოინსპექციის) უფროსის მოადგილე ვიყავი. ისე, ვიცოდი, ერთმანეთს რომ ხვდებოდნენ, ამას ვერ გამომაპარებდნენ... მამაჩემი ცოცხალი იყო მაშინ და გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. ირაკლიმ პირდაპირ მითხრა, თქვენი გოგო მიყვარსო. მერე ნუნუკას დავუძახე, იმ იმედით, რომ "არას" იტყოდა და ამ ბიჭსაც ასე გავისტუმრებდი... ნუნუკას ვუთხარი, - აგერ მოსულია და შენ რას იტყვი-მეთქი? გაჩუმდა... გასაგები იყო ყველაფერი. გავშალეთ პურმარილი და გაცნობა ასე აღვნიშნეთ... ახალი სიძე, ლევანიც პირდაპირ მოვიდა სახლში ჩემს გასაცნობად. ნათიაც იურისტია და ლევანიც. იგი სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. იმ საშინელ პერიოდში გაიცნო ნათიამ, როცა მე ციხეში ვიყავი გამოკეტილი. მაშინ ჩვენი ბიძაშვილებიც შიშით არ გვესალმებოდნენ, ყველას "ნაციონალების" ეშინოდა. ლევანი კი ნათიას სულ გვერდით ედგა, შეუყვარდათ ერთმანეთი. ძალიან ერთგული ბიჭია. როცა შვილებს უყვართ, მამა ამას გაგებით უნდა შეხვდეს. ჩემს შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ბედნიერი კაცი ვარ: მე და ჩემმა მეუღლემ, მაიამ 4 შვილი გავზარდეთ - ნუნუკა, ნათია, ალექსანდრე და მარიამი. ტრადიციული ქართული ოჯახი გვაქვს. ჩემი შვილები ეკლესიურად გაიზარდნენ. ირაკლიც ძალიან მორწმუნეა. ადამიანს თუ გინდა, ბედნიერი დღეები გქონდეს, სულიერად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად გაძლიერებული უნდა იყო. ორი შვილიშვილი მყავს, - ნიკოლოზი და ანდრია. ნიკოლოზი ფრანგულ სკოლაში დადის, ანდრია ბაღშია. ძალიან კარგები არიან, ხშირად დამყავს სასეირნოდ. ზაფხულობით მე და ნიკოლოზი სავარჯიშოდაც ერთად დავდივართ. ჩემთან ერთად დარბის. ახლა ცივა და ამიტომ მხოლოდ ცურვაზე დადიან ბავშვები.

- როგორ შეხვდით სიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას?

- სიმართლე გითხრათ, მძიმედ, რადგან ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს - ამ შუბლძარღვგაწყვეტილ არაკაცებში... ირაკლის გონიერების, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების მჯერა, შეცდომა შეიძლება ნაკლებად დაუშვას, მაგრამ ძალიან მძიმე ტვირთია. არ ვიცოდი, რომ ნიშნავდნენ, თუმცა პოლიტიკური გათვლებით იყო მოლოდინი, რომ შეიძლებოდა, ირაკლი დაესახელებინა ბატონ ბიძინას. ბიძინა ივანიშვილის გაზრდილია ირაკლი და კარგად იცის მისი შესაძლებლობები. ბატონი ბიძინა საოცარი ადამიანია. თუ ადამიანს არ აქვს სათანადო რესურსი, ინტელექტი, ერთგულება, არ არის თავისი საქმის პროფესიონალი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ისე არავის ნიშნავს თანამდებობაზე.

- როდის დაიწყო ირაკლის ურთიერთობა ბატონ ბიძინასთან?

- ზუსტად სად გაიცნეს ერთმანეთი, არ ვიცი. 8-9 წელია, ერთმანეთს იცნობენ. ირაკლის საფრანგეთში სწავლის პერიოდიდან მოდის ეს ურთიერთობა. იყო რიგითი თანამშრომელი "ქართუში", მერე გადაიყვანა სხვა თანამდებობაზე. ბიძინა ყველაფერს ხედავს, მოვლენაა. ასე რომ არ ყოფილიყო, "ნაციონალებს" ვერ დაამარცხებდა. არავის სჯეროდა მათი დამარცხების, მაგრამ ხედავთ, როგორ მოახერხა? მარტო სამების ტაძარი კმარა იმის დასამტკიცებლად, როგორი ადამიანია. მაშინ არავინ იცნობდა. ამ ერთმა კაცმა გადაარჩინა შიმშილს ქართველი ინტელიგენცია, სპორტსმენები, კულტურა. იცით, რაში დავრწმუნდი? ბიძინა ივანიშვილი ადამიანის აზრებსაც კითხულობს. შვილებს გეფიცებით, ხვალ რომ გადააყენოს ირაკლი, მასზე უფრო მეტ კარგს ვილაპარაკებ. თუ არასწორი ნაბიჯებით ივლის ირაკლი, ბიძინა აუცილებლად ჩადგება ოპოზიციაში და შეეცდება, ხელისუფლებაში მოიყვანოს ის ადამიანი, ვინც სწორ გზაზე ივლის, - ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილისთვის თანამდებობა არაფერს წარმოადგენს, მან ასე აღზარდა ირაკლიც. ჩემი სიძე კომუნიკაბელური, ძალიან თავაზიანი, მართალი კაცია. ეკლესიურია, ადრე სტიქაროსანიც იყო. უშიშარი, განათლებული, ინტელექტის მატარებელი. ირაკლი ქიზიყელია. საერთოდ, ქიზიყელები ერთგულებით გამოირჩევიან. უსაზღვროდ უყვარს თავისი ცოლ-შვილი. ბავშვობიდან სპორტს მისდევს, საფრანგეთის ჩემპიონატზე გამოდიოდა, კიკ-ბოქსინგში, ისეთი მომზადებული იყო. ძალიან ძლიერია ფიზიკურად, 3-4 კაცს გალახავს, თუმცა ჩხუბი არ უყვარს.

- როგორია მისი დღის რეჟიმი? ახლაც ვარჯიშობს?

- ახლაც ყოველ დი­ლით ვარჯიშობს. ერთი ოთახი აქვს მოწყობილი სავარჯიშოდ. ეს მისი ცხოვრების წესია. ქართველი კაცია და თუ სტუმარი მოვიდა, 2-3 ჭიქას დალევს. საერთოდ, ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობს.

- სამწუხაროდ, ირ­აკლის მშობლები მედიასთან არ კონტაქტობენ. რას იტყვით თქვენს მძახლებზე?

- ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. დედა, მარინა ყორანაშვილი პედაგოგია, მამამისი ვაჭრობის სფეროში მუშაობდა და "რაიკავშირის" თავმჯდომარე იყო. მერე ბიზნესიც ჰქონდა.

- ანუ მის ოჯახს მატერიალურად არასოდეს უჭირდა?

- 90-იან წლებში, როცა ყველაფერი აირია ქვეყანაში, მათაც ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ ირაკლი საოცრად ნიჭიერი იყო და ამიტომ ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, რომ შვილს სათანადო განათლება მიეღო. ოჯახებით ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. ირაკლის მშობლები კახეთში ცხოვრობენ და ხშირი ურთიერთობა გვაქვს.

- სანამ დანათესავდებოდით, ალ­ბათ იცნობდით ერთმანეთს, ერთ რაიონში ხართ...

- ჩემი სახლიდან 300-400 მეტრში ცხოვრობენ. მისალმებით ვიცნობდი, როგორც რაიონში ყველა მცხოვრებს. დედოფლისწყაროში ვცხოვრობთ ორივე.

- ამჟამად რას საქმიანობენ?

- ირაკლის მამა სოფელ დედოფლისწყაროს გამგებელია. ამ თანამდებობაზე იყო მანამ, სანამ ივანიშვილი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებდა. მერე მე დამიჭირეს და ირაკლის მამამაც სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ისიც ჩაერთო "ნაციონალებთან" ბრძოლაში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაუბრუნდა თავის სამსახურს... მათზეც ხდებოდა ზეწოლა. სახლთან ასაფეთქებელ ნივთიერებებს უყრიდნენ, ათას პროვოკაციას უწყობდნენ, ქუჩაში მანქანით ვერ დადიოდა. ძალიან მძიმე დღეები გამოიარეს, არანაკლები, ვიდრე ჩემმა ოჯახმა. ამის შემდეგ კიდევ გამოდიან "ნაციონალები", შუბლის ძარღვგაწყვეტილები, და უსინდისოდ საუბრობენ. შინაგანი ინტელექტის დეფიციტი აქვთ მათ. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას და ჩუმად იყვნენ, კიდევ ყაყანებენ. უგულავამ 47 მილიონი გაფლანგა და ამდენს ყაყანებს!.. ან სხვებს შეხედეთ: უსინდისოდ ლაპარაკობენ ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი ბარამიძე, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი - რომელი ერთი ჩამოვთვალო?!.

- ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ კადრების შერჩევაში ერევით. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მართლა თქვენი ნათლულია?

- ეს ტყუილია. ვინც პროფესიონალია, ისინი მუშაობენ თანამდებობაზე. თუ ნადირაშვილის ბიძაშვილები არიან პროფესიონალები, იმათაც დანიშნავენ. მაგრამ ესენი ავანტიურისტები არიან. თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების არ ეშინიათ, რომ ამდენ ტყუილს ამბობენ?! ეს ხომ მათ წინ დახვდებათ! ალექსანდრე ჭიკაიძე არ არის ჩემი ნათლული. მამამისს ვიცნობდი, მე შევცვალე ის კახეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; მერე გივი ჭიკაიძე თბილისში მუშაობდა. მე ბევრ ადამიანს ვიცნობ და მისი შვილი თანამდებობაზე რომ დაინიშნოს, მე რა შუაში ვარ?! პოლიციაში გაიზარდნენ ისინი, პროფესიონალები გახდნენ და დაინიშნენ თანამდებობებზე.

- ხომ არ გისაუბრიათ თქვენს სიძესთან, რა ნიშნით შეარჩია ალექსანდრე ჭიკაიძე? მისი ყველა მოადგილე კახელია; ამბობენ, შს სამინისტრო "კახური კლანით" დაკომპლექტდაო. იცნობთ მის პირველ მოადგილეს, ზედელაშვილს?

- მხოლოდ პროფესიონალიზმით დანიშნა ალექსანდრე. მას მეუღლეც პოლიციელი ჰყავს. ზედელაშვილიც წლების მანძილზე მუშაობდა სისტემაში. ის ახლახან გამაცნეს. პატარაობის შემდეგ ალექსანდრე ნანახი არ მყავდა. კარგი ახალგაზრდაა. მე რამდენი ბიძაშვილი და მამიდაშვილი, ნათესავი მყავს, იცით? ზემო მაჩხაანი არის ჩემი დედულეთი, ქვემო მაჩხაანში გავიზარდე, დედოფლისწყაროში ვცხოვრობ. ჩემი ნათესავებიც მეუბნებიან, პოლიციის უფროსად ვერ დამნიშნავო? საქმე არ იციან, ასეთები არ უნდა იყვნენ თანამდებობებზე და არც არიან. ირმა ნადირაშვილიც ქიზიყელი დედაკაცია და სულ გაიძახის, თამაზაშვილის კლანიო. მე ვიცნობ მის ნათესავებს. ერთ-ერთმა მითხრა, - ირმა კვირაში ორჯერ ჩამოდის და გვაძალებს შენზე კომპრომატების მოპოვებას, გვეკითხება, ახლა მითხარით, თამაზაშვილის ახლობლები ვინ რას აკეთებენო? მოტოციკლეტით დავდივარ ხოლმე სავარჯიშოდ და თურმე მათთან იმის გადამოწმებაც უცდია, მართლა დავდივარ თუ არა მოტოციკლეტით. რას გადამეკიდნენ, მიხედონ თავიანთ საქმეს.

- მოტოციკლეტით დადიხართ?

- "სუძუკით" რაიონშიც დავდივარ და თბილისშიც, როცა კუს ტბაზე სავარჯიშოთ მივდივარ, რა არის ამაში ცუდი? დილის 6 საათზე ვდგები, მერე, ხან კუს ტბაზე, ხან ლისის ტბაზე ვვარჯიშობ. იქიდან საცურაოდ აუზზე დავდივარ. თბილისში კორპუსის ბინაში ვცხოვრობ და აუზი არ მაქვს, კახეთში კი ვცურავ ჩემს აუზში... ათას სისულელეს ამბობენ ჩემზე, არადა, 9 წელი კოშმარებში გავატარე.

- ალბათ ბევრი ადამიანი გთხოვთ სამსახურს. მათ ეხმარებით?

- ბევრი ადამიანი მოდის: ნაცნობები, უცნობები, პატიმრები - ყველას სამსახური უნდა. უკვე ნევროზი დამმართეს. ძირითადად, პოლიციაში მუშაობის დაწყებას მთხოვენ. ბევრი მეუბნება, - მაღალი თანამდებობა არ მინდა, ინსპექტორობა ან სამმართველოს უფროსის მოადგილეობა მინდა, უფროსობას ხომ არ გთხოვო. მე ვინ ვარ, რომ მთხოვთ მაგას, დაწერეთ განცხადება და შეიტანეთ შს კადრებში; თუ დასანიშნი ხართ, დაგნიშნავენ. კადრებში მე არ ვერევი.

- ახალი მთავარი პროკურორის მისამართით უამრავი ბრალდება ისმოდა. ის მართლა თქვენი სიძის შერჩეული კადრი იყო?

- ალბათ. ფარცხალაძე წლების მანძილზე მუშაობდა სისტემაში და თუ ასეთი დამნაშავე იყო, თავის დროზე რატომ არ გამოიკვლიეს "ნაციონალებმა", ახლა რომ ყვირიან?! მე ვიცი, რომ წესიერი კაცია, პირადად არ ვიცნობ. "ნაციონალებმა" ამდენი ადამიანი გაამწარეს და პასუხი არ უნდა აგონ? დადგება ის დრო, როცა ყველა პასუხს აგებს. ახლა მერაბიშვილი რომ ხმაურობს, დაავიწყდა ვინმეს, მერაბიშვილი ვინ იყო? რომ გამოდიან ბარამიძე, უგულავა, ჯაფარიძე, მალაშხია და სხვები, აბა, გაიხსენონ, რას ამბობდნენ ჩემზე. თუნდაც ჩხატარაშვილი და ზოდელავა. ისინი არ იყვნენ, მე რომ მაბრალებდნენ ციხეში იმ საშინელი კადრების გადაღებას?! თითქოს გადმოვიბირე სასჯელაღსრულების თანამშრომლები, ვითომ კადრები გადავაღებინე და ფული გადავუხადე. ცოცხები გააკეთებინა თამაზაშვილმაო, რომ ყვიროდა გარეწარი სააკაშვილი და ზოდელავა, ისინი არ უნდა დაიჭირონ?! სიმართლე გაირკვა, მაგრამ დღემდე არ მოსულა გამომძიებელი და არ დავუკითხავვარ. ჩემი ლიკვიდაცია უნდოდათ!.. ახლა პასუხი უნდა აგოს ყველამ: კალმახელიძემ, სააკაშვილმა, ზოდელავამ, ადეიშვილმა - ყველამ, ვინც ცილი დამწამა. პროკურატურისგან მოვითხოვ, ამოიღონ ის კადრები, სადაც მე მაბრალებდნენ საჯაროდ და პასუხი აგებინონ ყველა მათგანს. შეტანილი მაქვს საჩივარი. მერაბიშვილი ამდენს რომ ლაპარაკობს, თქვას, რატომ ჩამიდო იარაღი! ეს არ იყო პოლიტიკური? ახლა ამბობს სისულელეს, - ციხიდან გამომიყვანეს, თავზე რაღაც წამომაცვესო. ამას ვინ იზამდა?! ავანტიურისტია მერაბიშვილი. ჩემი ნება რომ იყოს, ფეხებით უნდა ჩამოკიდონ იგი, იმდენი საშინელება აქვს ჩადენილი. ციხეში წამალს მაძლევდნენ, სისხლის გამასქელებელს, რომ ბუნებრივი სიკვდილით მოვმკვდარიყავი. ელექტროშოკით მომაბრუნეს. მითხარით, პასუხი არ უნდა აგოს მოსამართლემ, რომელმაც გამომიტანა განაჩენი, პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა, რომელიც სულ წითლდებოდა, რომ შევხედავდი? გრიგოლამდე ჯერ არ მივსულვართ. იმედია, მივალთ და მოსამართლე არევაძეც დაისჯება უკანონო განაჩენისთვის.

- ბატონო თამაზ, წელს ვინ იყო თქვენი მეკვლე? ირაკლის სახლში როგორ აღნიშნავენ ახალ წელს?

- ახალ წელს ასეთი ტრადიციაა: ირაკლის მშობლები თბილისში ჩამოდიან და ერთად, ოჯახურ გარემოში ხვდებიან. ჩვენც ჩვენს სახლში ვხვდებით და მერე იწყება გადასვლა-გადმოსვლა ოჯახებში. ახალ წელს ჩვენები ძირითადად, მარხულობენ და ამიტომ, უფრო ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. დედაჩემი შობას არის დაბადებული და შობას ღორს ვკლავთ. ისე, ჩვეულებრივ, ყველანაირი კერძი გვაქვს სუფრაზე: გოჭი, ინდაური, გოზინაყი, მწვადი, რაც ტრადიციულ სუფრაზეა ხოლმე.

- საოჯახო საქმეებში მეუღლეს ეხმარებით?

- კახელი ვარ, მაგრამ ბუნებით მაინც ფიცხი. სახლში უწესრიგობას ვერ ვიტან. ოდნავ რომ იყოს რამე უადგილოდ, იმასაც ვამჩნევ. მინდა, ყველაფერი წესრიგში იყოს. მეც შემიძლია მივალაგო ყველაფერი. მეუღლეს ვეხმარები, რატომ არ უნდა დავეხმარო? ზოგიერთმა ქალმა იცის თქმა, - ერბოკვერცხის შეწვაც არ ვიციო, - და ეს კარგი ჰგონია. ჩემმა შვილებმა ყველაფრის მომზადება იციან. მეც ვამზადებ კერძებს, ზამთრისთვის ტყემალსაც ვხარშავ, ტომატსაც და მწნილსაც ვხუფავ - აბა, მეუღლეს ამაზე ვაწვალებ?! მეხალისება ბოსტანში მუშაობა და ჩემი ხელით მომყავს კიტრი, პომიდორი და სხვა პროდუქტები. ბორშჩის, "სუფის" მომზადებაც ვიცი. კუპატსაც ჩემი ხელით ვამზადებ და თან, ისეთი კარგი გამომდის, რომ მოსწონთ ჩემს შვილებს. ტყეში დავდივარ ბროწეულის საკრეფად. მომაქვს, ვწურავ და წვენს ვინახავ ბოთლებში. 50 ბოთლი მაქვს წელს ტყის ბროწეული შენახული. მჟავეა და მწვადისთვის ვიყენებ, ძალიან უხდება. მე რომ დაჭერილი ვიყავი, ჩემი ვაჟი, ალექსანდრეც ყველაფერს აკეთებდა, მასაც ჩემი თვისებები აქვს. სიცოცხლე მოძრაობაშია, ბაღში მუშაობა მართლა მეხალისება. ჩემს შვილებს მოსწონთ ჩემი მომზადებული მწვადი და განსაკუთრებით - პომიდვრის სალათა. ვფცქვნი პომიდორსაც, კიტრსაც, ჩავჭრი ოხრახუშსა და ქინძს, მწვანე ხახვს, მარილს დავამატებ, რომ მოვურევ, მერე ვასხამ ნაღდ მზესუმზირის ზეთს - უგემრიელესი გამოდის. ნუნუკაც კარგი დიასახლისია, კარგ სადილებს ამზადებს, კარგ ხინკალს ახვევს, ტოლმა არაჩვეულებრივად გამოსდის, შინდის შეჭამადი იცის არაჩვეულებრივი.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა