მშვიდობა, პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა - საზოგადოდ, ასეთია ყველა ერის "ნაციონალური ოცნება". ცალკეული ოჯახისთვის ეს "ბედნიერება, ხვავი და ბარაქაა", ყოველი ახალი წლის ღამეს მათთან მისული მეკვლისგან რიხიანად რომ ესმით. . .
2013 წელსაც, ისე როგორც მანამდე ცხრაჯერ, ქართველი ერის მეკვლეობა არავისთვის დაუთმია მიხეილ სააკაშვილს. მან, როგორც მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარი საახალწლო გამოსვლით შეაბიჯა ყველა ოჯახში – რიხიანიც იყო, თუმცა "ბედნიერების, ხვავის და ბარაქის" დაპირება ერისთვის არ გაუცია – მიზეზი იქვე განმარტა – ის იყო ოპოზიციონერი პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი პირი, რომელმაც ძალაუფლება გადააბარა...
დაპირებები ძალაუფლების მქონე ძალამ გასცა. კოალიციის ლიდერმა, რომელმაც, ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის რანგში 2013-ის დადგომა ერს პრეზიდენტის შემდეგ მიულოცა, საზოგადოებას ნანატრი ოცნებების ასრულების პირობა მისცა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა იქვე განმარტა, რომ ეს რთული გზაა, რომლის წარმატებით გავლასაც არა ერთი, არამედ ოთხი წელი დასჭირდება... ერიც ელოდება, ახალი მთავრობის საქმიანობის ერთი წლის თავზე, მეორე წელიწადის უკეთესობის მოლოდინში...
გზა კი, რომელმაც თითოეული ოჯახი კეთილდღეობამდე უნდა მიიყვანოს, მართლაც რთულია... მთავრობის კმაყოფილების ფონზე, რომელიც გადაჭარბებულადაც კი მიიჩნევს მისი ერთწლიანი მუშაობის შედეგს და ამტკიცებს, რომ მაქსიმალურად შესრულდა, რისი გაკეთებაც 12 თვეში იყო შესაძლებელი, "ნაციონალური მოძრაობა" კვირაში სულ მცირე ერთ ბრიფინგს უთმობს თემას, როგორ გაუარესდა ეკონომიკური მაჩვენებლები... მდგომარეობის შესაბამისად, უკვე რამდენიმე თვეა, პოლიტიკური ძალები ქვეყნის ეკონომიკური ვითარების შესახებ საზოგადოების სხვადასხვაგვარ ინფორმირებას ახდენენ. ხალხიც დაბნეულია, მათ ვინც, ახალი მთავრობის მოსვლა ჯერ ვერც სასიკეთოდ იგრძნო და ვერც პირიქით, არ იცის, რომელს დაუჯეროს...
კეთილდღეობამდე მისასვლელი გზის მსგავსად, ადვილი არ ყოფილა არც პოლიტიკური გზა, რომელმაც, თავის მხრივ, ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს. კოჰაბიტაცია ჭირდა – მიხეილ სააკაშვილმა ვერც თანამშრომლობის შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და "მოფერებით", ვერც აგრესიული ტონით და "კბილების გამოჩენით" მიიქცია მმართველი კოალიციის ყურადღება... ბიძინა ივანიშვილისთვის, ისე როგორც მისი მემკვიდრეებისთვის, საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა ბოლომდე მიუღებლად დარჩა. ურთიერთუპატივცემულობამ კიდევ უფრო იმატა საპრეზიდენტო არჩევნებისა და კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ, რაც მმართველი გუნდის წევრებს "მშვიდობიანი თანაცხოვრების" თმენის ვალდებულება მოეხსნათ – სიტყვიერი შეურაცხყოფა, თანდართული წიხლით საკანონმდებლო ორგანოს სასესიო დარბაზში უმრავლესობის ზოგიერთი წევრისთვისთვის "გმირობის" ტოლფასია. სწორედ ამიტომაც, იმას, რაც მმართველი გუნდის წევრის მიერ ოპონენტი კოლეგის მისამართით საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინ იხილა, "მთავარი გმირისთვის" უხერხულობა არ შეუქმნია...
ერთი სიტყვით, "ქართულ ოცნებაში" "ნაციონალებს" 9-წლიან წარსულს ვერ პატიობენ. წარსულის "წამოძახებით" იწყება დღემდე მთავრობის წევრთა უმეტესობის კომენტარები ნებისმიერ საკითხზე, იქნება ეს მთავარი პროკურორის ბრალდებულობის საკითხი, ბენზინის გაძვირება, თუ ის, რომ როგორც ნადურ ხადური ვარაუდობდა, ქვეყნის ეკონომიკა 6 %-ით ვერ გაიზარდა... წარსული მიხეილ სააკაშვილისთვის არც იმ მოქალაქეებს უპატიებიათ, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანმა მმართველობამ ოცნებები არა თუ აუსრულა, დაუმსხვრია... ის, რომ ამ კატეგორიის მოსახლეობისთვის სააკაშვილი პრეზიდენტი ვადის ამუწურვამდეც აღარ იყო, პირველად 8 თებერვალს გამოჩნდა, როცა ჯერ კიდევ მოქმედი პირველი პირი, რომელიც ერისთვის წლიური მოხსენების ჩაბარებას გეგმავდა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არ მიუშვეს...
კოჰაბიტაცია, რომელიც ოქტომბრიდან-ოქტომბრამდე გაგრძელდა, საპრეზიდენტო არჩევნებით დასრულდა. ძველ პრეზიდენტსაც უფლებამოსილება იმ მომენტიდან შეუწყდა, როცა ახალი პრეზიდენტი მის შესრულებას შეუდგა... ამით მთავრობამაც დაისვენა, ოპოზიციამაც და ხალხმაც – ორი დაპირისპირებული ძალის იძულებითი თანაცხოვრება უკვე აუტანელი იყო...
. . . და საქართველოს ზუსტად თვენახევარია, ახალი პრეზიდენტი ჰყავს. გიორგი მარგველაშვილი პირადად ბიძინა ივანიშვილის რჩეულია. ზუსტად ამ მიზეზით ის გუნდში არავის დაუწუნებია – მარგველაშვილის ივანიშვილისეულ დახასიათებას, რომ ნიჭიერი, კრეატიულად აზროვნების, ევროპული ტიპის ადამიანია, მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო ერთხმად დაეთანხმა. დღეს მარგველაშვილი შეკვეცილი უფლებების მქონე, თუმცა (მაინც) პრეზიდენტია. საქმიანობისთვის ის შენობა და ფუფუნების ის მასშტაბები შეარჩია, რომელიც მცირე უფლებამოსილების განხორციელებისთვის საკმარისია – 2009 წლის შემდეგ პირველად პრეზიდენტი ისევ სახელმწიფო კანცელარიაში ზის, ხოლო მიხეილ სააკაშვილის მიერ რუდუნებით აშენებული ავლაბრის რეზიდენციის დიდი ნაწილი ცარიელია...
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კი, ამჟამად პედაგოგია. მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველო სამუშაო ვიზიტის მიზეზით საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე დატოვა და ვივარაუდოთ, რომ "ახალი სამსახურის" გამო ვერ ბრუნდება, მუშაობა ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში დაიწყო. ყოფილი პირველი პირი, რომელიც აღნიშნულ სასწავლებელში მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწის სტატუსით მიიწვიეს, რეგიონულ საკითხებზე წაიკითხავს ლექციებს. სააკაშვილი ამბობს, რომ ახალი ცხოვრების უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოიდგენდა, ამის ფონზე კი, კითხვა: რამდენად შეიძლება მისი პასუხისგებაში მიცემის საკითხი დადგეს, ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში ჯერ კიდევ აქტუალურია და არც ერთ შესაბამის უწყებას მასზე მკაფიო უარყოფითი პასუხი არ გაუცია...
პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილიც წავიდა - 2013 წელს ძალაუფლების მქონე ძალამ ლიდერი, მისივე გადაწყვეტილებით გამოიცვალა. ივანიშვილი, რომელიც პირველია, ვის სახელსა და გვართანაც მიხეილ სააკაშვილი წესების გარეშე ბრძოლითაც კი უძლური აღმოჩნდა, ქართველ ხალხს პოლიტიკოსის რანგში ზუსტად იმ ვადაში დაემშვიდობა, რომელიც თავადვე დაანონსა. სააკაშვილის მსგავსად ივანიშვილმაც გადააბარა ძალაუფლებაც და საკუთარი პოსტიც... ახლა მისი "თანამდებობა", როგორც თავად განაცხადა, ასე ჟღერს: - "საზოგადოების აქტიური წევრი", თუმცა საზოგადოების აქტიური წევრი სამოქალაქო სექტორში ჯერ არ გამოჩენილა... მემკვიდრე კი წინამორბედზე აქტიურია. "ერთი თვის" პრემიერმა საკუთარი სამუშაო გრაფიკის შესახებ მედია უკვე აალაპარაკა. მავანნი ფიქრობენ, რომ ზეაქტიურობით ბიძინა ივანიშვილის მთავარი მემკვიდრე კოალიციაში ლიდერად და რეალურ პირველ პირად დამკვიდრებას ცდილობს...
"წასვლის" და წამსვლელთა თემა წელს ამით არ ამოწურულა. ბიძინა ივანიშვილს ფეხდაფეხ მიყვა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. ლიდერის მსგავდაც მისი არჩევანიც სამოქალაქო სექტორზე გაკეთდა, თუმცა, ისე როგორც ყოფილ პრემიერს, ახალი სტატუსით საქმიანობა არც პროკურატურის ექს-ხელმძღვანელს დაუწყია... ახალ ხელმძღვანელსაც უკვე "ყოფილის" სტატუსი აქვს. ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორობა მისმა წარსულმა გადაიყოლა. წინამორბედისგან ის ყველაფრით განსხვავებული იყო - არჩილ კბილაშვილისთვის დამახასიათებელი "ღია მმართველობის პოლიტიკა" და მედიასთან აქტიური კონტაქტი ფარცხალაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა – ჟურნალისტებთან გამოჩენა მისთვის, სავარაუდოდ, იმდენად არასასიამოვნო ან სახიფათო იყო, რომ ახალი მთავარი პროკურორის შესახებ მედია-არქივში მხოლოდ ერთი ფოტო არსებობდა, სამაგიეროდ, დაბადების ორი თარიღი და ისეთი წარსული აქვს. . .
კიდევ ერთი, რომლისთვისაც 2013 წელი არც თუ ფეხბედნიერი აღმოჩნდა, გიგი უგულავაა. დედაქალაქის მერისთვის უიღბლოდ 17 დეკემბერი დაიწყო – მის წინააღმდეგ მეორე საქმე აღიძრა და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე უფლებამოსილება შეუჩერდა. ფარცხალაძის უწყება დაპატიმრებასაც ითხოვდა, თუმცა... უგულავამ სანთელი მოსამართლე დალი მეტრეველს უნდა დაუნთოს... უფლებაშეჩერებული მერი ახლა განაჩენის აღსრულების მოლოდინშია, იურისტები კი განმარტავენ, რომ სასამართლო განაჩენი მისი გამოცხადების მომენტიდან უკვე ძალაშია და უგულავამ "შლაპა უნდა დაიხუროს" და ზედმეტი "აღსრულების გარეშე" წავიდეს...
ხო, კიდევ კობა წავიდა დავითაშვილი - "ქართული ოცნებიდან" ისევ ოპოზიციაში... ვერ ვიტყვით, რომ ამით კოალიციის რღვევა დაიწყო, თუმცა წასასვლელად ემზადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეც..
ერთი სიტყვით, გზა 2013 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრამდე გამოწვევებით სავსე, თუმცა საინტერესო იყო. რაც მთავარია, გველის წელს "დანაკარგების" გარეშე ვაცილებთ - წავიდა პრეზიდენტი და პრემიერი, თუმცა გვყავს ახალი პრეზიდენტი და პრემიერი, არ გვყავს პირველი ლედი, მაგრამ გვყავს პრემიერის მეუღლე, გვაქვს "ბედნიერება" მშვიდობის და მეტ-ნაკლები პოლიტიკური სტაბილურობის სახით, "ხვავს და ბარაქას კი", რაც საზოგადოდ ეკონომიკის ზრდას ნიშნავს, იმედია, ცხენის წელი მოიტანს...
ლელა ბაღდავაძე