1956 წლის 30 დეკემბრის საღამოს ეთერში გავიდა "თბილისის ტელეხედვის" პირველი გადაცემა. იმ მცირერიცხოვანი თბილისელების ტელევიზორების ეკრანებზე, რომლებსაც სახლში ეს საოცარი ყუთი ედგათ, გამოჩნდა ახალგაზრდა გოგონას ლამაზი სახე და მოღიმარი თვალები. იგი მიესალმა მაყურებლებს, შემდეგ კი თავისი სტუმრები წარუდგინა. იმ წუთიდან დაიწყო საქართველოს ტელევიზიის ისტორია. ახლა კი, 22 დეკემბერს, ჩვენი ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორებს: ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძესა და ალექსანდრა (შურიკო) მაჭავარიანს მთაწმინდაზე ანუ იქ, სადაც პირველი სატელევიზიო სტუდია იყო, "ვარსკვლავები" გაუხსნეს.
პირველი დიქტორი, რომელიც ჩვენი ტელევიზიის ეკრანზე გამოჩნდა, ქალბატონი ლია მიქაძე იყო. "ვარსკვლავების" გახსნის შესახებ რომ გავიგე, მას დავურეკე და ინტერვიუ ვთხოვე.
ლია მიქაძე:
- ტელევიზიის დიქტორების შესარჩევად კონკურსი რომ გამოცხადდა, თეატრალურ ინსტიტუტში, პირველ კურსზე (მიხეილ თუმანიშვილთან) ვსწავლობდი. ერთხელაც, ბატონ მიშასთან მისი ყოფილი სტუდენტი, მერაბ ჯალიაშვილი მივიდა და სთხოვა, - თბილისში ტელევიზია იხსნება და ლამაზი გოგონები გვჭირდებაო. მიშამ მკვახედ უპასუხა: მე შენთვის არავინ მყავს, თავი დამანებეო... რამდენიმე ხნის შემდეგ რადიოში დამიბარეს, მაგრამ თუმანიშვილის ნებართვის გარეშე როგორ გავბედავდი წასვლას?! რომ ვკითხე, - რატომ მიბარებენ-მეთქი? მეც მკაცრად მიპასუხა: ძ ჯნრელფ პყფ.? (მე რა ვიციო?). - მაშინ არ წავალ-მეთქი. - აუცილებლად უნდა წახვიდეო. საქართველოს რადიო მაშინ რუსთაველის გამზირზე, კავშირგაბმულობის სახლში მდებარეობდა. იქ ვიღაც კაცი დამხვდა, დიდი სათვალით. მერე გავიგე, ავთო გაჩეჩილაძე ყოფილა, რომელიც რადიოს საბავშვო რედაქციიდან ტელევიზიის ჯგუფში გადასულა. რაღაც ოფიციალური ტექსტი წამაკითხეს გაზეთიდან, თანაც - ქართულ და რუსულ ენებზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ მთაწმინდაზე დამიბარეს. იქ რომ ავედი, კინაღამ გადავირიე: 300-მდე გოგო დამხვდა! ვინც კი თბილისში ლამაზმანი იყო, ყველა იქ შეკრებილა, საღამოს კაბებში, გრძელი ხელთათმანებით, გეტრებითა და ა.შ. ვიფიქრე, - ლია, აქ შენი ადგილი არ არის-მეთქი, - და გამოპარვა დავაპირე. უკვე ეზოში ვიყავი გასული, როცა მერაბ ჯალიაშვილმა დამინახა და ძალით შემათრია უკან. ვეხვეწებოდი: დაღლილი ვარ, გამიშვი-მეთქი, მაგრამ არ მომეშვა. სტუდიაში შემიყვანა, კამერის წინ დამაყენა და მითხრა, - გამოაცხადე: "ტექნიკური მიზეზების გამო, დროებით წყდება ფილმის ჩვენება და ცოტა ხანში კვლავ განვაგრძობთ ფილმის დემონსტრირებას". ყველაფერი ეს ვთქვი ჩვეულებრივად, ნერვიულობის გარეშე. მერე ისევ წამაკითხეს ოფიციალური ტექსტები. მერაბს ისევ ვთხოვე: გამიშვი, დაღლილი ვარ-მეთქი. პატარა ოთახში შემიყვანა, აქ დაისვენეო. იქ ორი ქალი და ახალგაზრდა ბიჭი რაღაცას კერავდნენ. - უსაქმოდ ვერ გავჩერდები, მომეცით, მეც მოგეხმარებით-მეთქი, - ვუთხარი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სტუდიის ფარდა, რომელიც შემდეგ 11 წელი ეკიდა მთაწმინდის სტუდიაში. კონკურსი ღია ეთერში გადაიცემოდა და ვისაც უკვე ჰქონდა ტელევიზორი, უყურებდა. რეკავდნენ სტუდიაში: "ეს კარგია, ეს არ ვარგა, ის საერთოდ, რატომ მოვიდა, იმას სარკე არა აქვს სახლში?!" ყველას თავისი აზრი ჰქონდა. ამ 300 გოგონადან პირველ ეტაპზე 9 შეგვარჩიეს, შემდეგ კი უკვე ცეკაში გადაწყვიტეს, რომ პირველი დიქტორები ვიქნებოდით მე და შურიკო მაჭავარიანი.
- დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გემახსოვრებათ თქვენი პირველი გადაცემა.
- რა თქმა უნდა. პროგრამა მე გავხსენი. შემდეგ წარვადგინე ტელევიზიის პირველი თავმჯდომარე აკაკი ძიძიგური, თბილისის პარტიის ქალაქკომის პირველი მდივანი ალექსანდრე მელაძე, აკადემიკოსი ვიქტორ კუპრაძე, პოეტი იოსებ გრიშაშვილი, ჩემი ნათლია, და სოციალისტური შრომის გმირი ანატოლი ზაბოლოტსკი. მათ თბილისელებს მიულოცეს ტელევიზიის გახსნა. გრიშაშვილმა ლექსები წაიკითხა, ხოლო შემდეგ შურიკო მაჭავარიანმა წაიყვანა კონცერტი. მახსოვს, ეთერ გვაზავამ და ციცინო ციცქიშვილმა რამდენიმე სიმღერა შეასრულეს... ამ პირველი პროგრამისთვის ჩვენ მთელი სამი თვე ვემზადებოდით. რა თქმა უნდა, გადაცემამდე, სტუდიის სტუმრები მთაწმინდაზე არ ამოგვყავდა და მათ მაგივრად რეპეტიციებში ჩვენი თანამშრომლები მონაწილეობდნენ. თავიდან შტატში სულ 28 ადამიანი ვიყავით, ყველანი - სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის, ამიტომ აკაკი ძიძიგური კვირაში ან ათ დღეში ერთხელ ცდილობდა, სხვადასხვა მიზეზით შევეყარეთ ერთად ვინმეს ოჯახში ან კაფეში, რომ ერთმანეთს დავახლოებოდით. ბატონი აკაკი ჩინებული ხელმძღვანელი იყო.
- საქართველოს ტელევიზიაში სატელევიზიო ტექნიკა ყოველთვის ჭირდა. წარმომიდგენია, რა აპარატურა გქონდათ მაშინ. ამის მიუხედავად, მაინც ახერხებდით ეთერში ოპერატიულად გასვლას.
- ეს მართლაც, საინტერესო იყო. სტუდიაში სულ ერთი კამერა გვქონდა, რომელსაც მხოლოდ საშუალო პლანით შეეძლო ადამიანის ჩვენება. მეორე კამერა კინოსაპროექციოში იდგა. თანაც, არ მოძრაობდა და მარტო სტატიკას აჩვენებდა. რაც მთავარია, იმ პერიოდში 16-მილიმეტრიანი კინოფირიც არ გვქონდა. ყველაფერს ფოტოაპარატით იღებდნენ. ჩვენი ფოტოგრაფი, რევაზ კეზელი ყველაფერს ასწრებდა. პირველ საინფორმაციო გამოშვებას ერქვა "რა მოხდა დედაქალაქში", შემდეგ დაარქვეს "ახალი ამბები". თავიდან ეთერში 5, 7 წუთით გავდიოდით, მერე - 10 წუთით. მოგვიანებით გაჩნდა 16-მილიმეტრიანი კინოფირიც, ამასთან, გამჟღავნების შემდეგ პირდაპირ პოზიტივს ვიღებდით. ჩვენი რეჟისორი ზენონ კაცია მონტაჟის დიდოსტატი იყო. ასე რომ, გადაღების მომენტიდან ეთერში გასვლამდე სულ ორიოდ საათში ვასწრებდით ყველაფერს. რა თქმა უნდა, ფირი უხმო იყო, გამოსახულება კი - შავ-თეთრი. არ დაგავიწყდეთ, ყველანი არაპროფესიონალები ვიყავით. მაგალითად, პირველი ოპერატორი, ბიჭიკო სულამანიძე კინოსტუდიიდან მოიწვიეს, რევაზ გაბაშვილი და ენრიკო დონდუა კი თავიდან ჩვეულებრივი მუშები იყვნენ, კინოფირებს ტვირთავდნენ, მერე ოპერატორობა მოინდომეს და ისწავლეს. მე საეთერო კაბებს თავადვე ვყიდულობდი.
- თქვენი ხელფასი გაძლევდათ ამის საშუალებას?
- ორ დიქტორზე - ჩემზე და შურიკო მაჭავარიანზე გამოყოფილი იყო 1.500 მანეთი. გარდა ამისა, მე, როგორც ფრიადოსანი სტუდენტი, ინსტიტუტში ვიღებდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიას - 500 მანეთს. ასე რომ, ჩემთვის ეს სავსებით საკმარისი იყო.
- ოჯახში თუ გქონდათ ტელევიზორი?
- ტელევიზიაში რომ დავიწყე მუშაობა, მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა, მოგვიანებით შევიძინეთ. თუმცა მოსკოვში ზოგიერთი ჩემი ახლობლის ოჯახში ნანახი მქონდა პატარა ტელევიზორები. მოსკოვის ტელევიზიის დიქტორებიც მახსოვს: ვალენტინა ლეონტიევა და ნინა კონდრატიევა. ჩვენ მოგვიანებით დავმეგობრდით და ქალიშვილი რომ შემეძინა, ძალიან თბილი წერილი და დიდი, თეთრი სათამაშო მაიმუნი გამომიგზავნეს.
- საინფორმაციო გამოშვების გარდა, სხვა რა გადაცემები გადიოდა ეთერში?
- "ქართული სცენის ოსტატები", "მწერლები სტუდიაში", "ახალი წიგნები" და მხატვრული ან დოკუმენტური ფილმები. მწირი სატელევიზიო ტექნიკის მიუხედავად, საინტერესო გადაცემებს ვაკეთებდით. მიხეილ თუმანიშვილმა ისიც კი მოახერხა, რომ 1958 წელს ერთი კამერით სატელევიზიო სპექტაკლი - "დარისპანის გასაჭირი" დადგა. მაშინ ვიდეოჩამწერი აპარატურა არ გვქონდა, არც მოძრავი სატელევიზიო სადგური (მსს). იგი მოგვიანებით შევიძინეთ, მაგრამ იმ მსს-ით მხოლოდ პირდაპირი ტელერეპორტაჟების მოწყობა შეიძლებოდა. მოგვიანებით, კარლო გარდაფხაძის თავმჯდომარეობის დროს, ინგლისური მსს-იც ჩამოიტანეს თბილისში. MAI ერქვა, მაშინ მოსკოვში დიდი ბრიტანეთის გამოფენა მოეწყო და ეს მსს ადგილობრივმა ტელევიზიამ ინგლისელებისგან იყიდა, გარდაფხაძემ კი იმდენი ეხვეწა მოსკოვის ტელევიზიის თავმჯდომარეს, ნიკოლაი მესეცევს, რომ ჩვენთვის დაათმობინა.
- საინტერესოა, ცენტრალური ტელევიზიის გადაცემების სტილს თუ ჰბაძავდით?
- აკაკი ძიძიგური სულ გვეუბნებოდა: ჩვენ თბილისის ტელევიზია ვართ და არავის არ უნდა მივბაძოთ, ჩვენ ჩვენი პროდუქცია უნდა შევქმნათო. არავის ვბაძავდით და საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესოები ვიყავით. ჩვენს სტუდიას სტუმრობდნენ მთელ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები: მომღერალი დინ რიდი, პიანისტი ვან კლიბერნი, იტალიელი კინოვარსკვლავი ლუჩია ბოსე, ბერძენი მომღერალი იოვანა. მაშინ თბილისის ფილარმონიის დირექტორი იყო გუგული ყიფიანი. მოსკოვში თუ ვინმე ცნობილი არტისტი ჩამოვიდოდა, აუცილებლად ჩამოიყვანდა თბილისში. მაშინ ფილარმონია "გოფილექტის ბაღში", პლეხანოვის გამზირზე იყო და იქ იმართებოდა კონცერტები, რომლებიც მე მიმყავდა. როგორღაც ისე მოხდა, რომ მე მიწევდა მხეცების მომთვინიერებლებისა და მათი ცხოველების მასპინძლობაც. ავთო გაჩეჩილაძე იყო ცირკის "გიჟი" და მას მოჰყავდა ხოლმე სტუმრები: ვალტერ ზაპაშნი, მარგარიტა ნაზაროვა, ირინა ბუგრიმოვა. ზაპაშნის ვეფხვის თავი მუხლებზე მედო, მაგრამ როდესაც მთაწმინდის სტუდიის ვიწრო კორიდორში ბუგრიმოვას ლომის უზარმაზარი თავი გამოჩნდა, ყველანი ოთახებში ჩავიკეტეთ. ირინა მას "ფისუნიას" ეძახდა. ეს "ფისუნია" კი სტუდიურ პიანინოზე აძვრა და ისე გვარიანად გაისეირნა მის კლავიატურაზე, რომ მერე ვეღარც ააწყვეს.
- თქვენს კურსელებს, ახლობლებს თქვენთვის შურის თვალით არ შემოუხედავთ?
- მე ისეთ ოჯახსა და წრეში გავიზარდე, რომ ჩვენთვის შური არ არსებობდა. არც მე შემშურებია ვინმესი. მწამს, უფალი ადამიანს ამქვეყნად რომ მოავლენს, ყველას თავის ადგილს მიუჩენს. ჩვენც საკმაოდ პოპულარულები ვიყავით, მაგრამ მე ამით არასდროს მისარგებლია.
- საქართველოს რადიოს დიქტორმა - თინა ელბაქიძემ ერთხელ მიამბო, რომ გმირთა მოედანზე ბრმა ქალი გადადიოდა. თინა მივიდა და დახმარება შესთავაზა. მოხუცმა თინას ხმა რომ გაიგონა, მაშინვე იცნო. გადაეხვია და უთხრა: "შვილო, მე შენი თვალებით და ხმით ვხედავ ქვეყანას. მადლობელი ვარ შენი, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს!" თქვენ არ გქონიათ ასეთი შემთხვევა?
- ზუსტად ასეთი - არა, მაგრამ ქუჩაში დღესაც მცნობენ და მეც მლოცავენ. ტელევიზია სიკეთეა, ხელოვნების ახალი დარგი და თეატრის, კინოს, ოპერის სინთეზია. ყოველივე ამას შემოქმედებითი ჯგუფი ქმნის. ადამიანი, რომელიც ეკრანზე ჩნდება, ინტელიგენტი უნდა იყოს. მისგან სითბო, სიკეთე უნდა მოდიოდეს. მაყურებელი ტელეწამყვანისგან შინაგან სიმშვიდეს უნდა გრძნობდეს. მე ათეული წლები ვიმუშავე ტელევიზიაში და ბუნებრივია, მასზე შეყვარებული ვარ. ჩემი ქალიშვილი ეჭვიანობდა ხოლმე, მეუბნებოდა, - შენ ტელევიზია უფრო მეტად გიყვარს, ვიდრე მეო (იღიმის). მეტად როგორ უნდა მყვარებოდა, თუმცა კი ტელევიზია ჩემს პირველ სიყვარულად დარჩა...
ქალბატონ ლიასთან საუბარი არ მინდა, დავამთავრო. ბევრ საინტერესო დეტალს იხსენებს, კიდევ ბევრი რამ მაინტერესებს, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონ შურიკოს, ქალბატონ ჯულიეტას, თქვენი სიკეთისათვის, თქვენი სიყვარულისათვის. გულით გილოცავთ "ვარსკვლავის" გახსნას და მოახლოებულ ახალ წელს!
გოგი ფრანგიშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)