ახალ წელს ყველა თავისებურად ეგებება და განსხვავებული ოჯახური ტრადიციით ამ დღესასწაულს თავისებურ ელფერს სძენს. დავინტერესდით, როგორ ხვდებიან ახალ წელს მინისტრები და მათი ოჯახის წევრები. რა ხდება მათ სამზარეულოში, რომელი კერძი ამშვენებს ყოველ წელს მათ საახალწლო სუფრას, როგორ მონაწილეობენ მინისტრები საახალწლო სამზადისში? ჩემი რესპონდენტები - დავით სერგიენკოს მეუღლე, ლელა მიგრიაული და დავით ნარმანიას მეუღლე, თინათინ თინიკაშვილი არიან.
ჯანდაცვის მინისტრის მეუღლე პროფესიით ექიმი გახლავთ. მათ ტყუპი ქალიშვილი ჰყავთ. პრესასა და ტელევიზიაში გამოჩენისგან თავს იკავებენ. ინტერვიუებს ყოველთვის თავს არიდებს ქალბატონი ლელაც, მაგრამ "გზისთვის" საახალწლოდ, გამონაკლისი დაუშვა.
ლელა მიგრიაული:
- ჩვენს ოჯახში ახალი წლის დღესასწაულს ტრადიციული ქართული სუფრით აღვნიშნავთ. გამორჩეული არაფერი ხდება. ამ მხრივ ორიგინალობით ვერ გამოვირჩევით.
- ნაძვის ხეს როდის რთავთ?
- ახალ წლამდე 3-4 დღით ადრე. ამ საქმეში ჩვენი ქალიშვილები უფრო აქტიურობენ.
- ბატონი დავითი თუ არის საახალწლო სამზადისში ჩართული?
- ნაკლებად. ნაძვის ხის მორთვაშიც არ მონაწილეობს.
- სამზარეულოში არ გეხმარებათ?
- არა.
- პროდუქტებით თუ გამარაგებთ?
- ყველაფერს თავად ვაგვარებ. დათოს ყოველთვის ისეთი სამსახური ჰქონდა, ძალიან დაკავებული იყო. დღესაც ასეა, საოჯახო საქმეებისთვის იშვიათად იცლის.
- კერძი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას ყოველთვის ამშვენებს, რომელია?
- ასე გამორჩეული და ამოჩემებული არც ერთი კერძი არ გვაქვს, მაგრამ ამ ბოლო წლებში ყოველთვის ვამზადებთ ქათმის რულეტს. გოგონებს მოსწონთ.
- თქვენი მეუღლე წლების განმავლობაში ექიმად მუშაობდა. თუ გახსენდებათ შემთხვევა, ახალი წლის ღამეს პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად წასულიყოს.
- რამდენადაც მახსოვს, ასეთი შემთხვევა მის სამედიცინო საქმიანობაში არ მომხდარა.
- 31 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, თქვენს ოჯახში რა ხდება?
- ამ დროს ყველანი შინ ვართ. ერთმანეთს ვულოცავთ. მერე სტუმრებს ვიღებთ ან თავად მივდივართ სტუმრად.
- ერთმანეთს საჩუქრებს არ უძღვნით?
- დათოს მაღაზიებში სიარული არ უყვარს. სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, საახალწლო ცერემონია უფრო პომპეზური იყო, ახლა ძალიან მოკრძალებულად და სადად აღვნიშნავთ. სუფრაზე შეიძლება, ყოველთვის არ გვქონდეს შამპანური, მაგრამ გვაქვს ღვინო. დათოს უყვარს ღვინის დაყენება. მართალია, ყოველთვის ვერ ახერხებს, მაგრამ ვიცი, მისთვის სასიამოვნო პროცესია. ტექნოლოგია საფუძვლიანად აქვს შესწავლილი და კარგი ღვინის დაყენება იცის.
- უპირატესობას ღვინის რომელ სახეობას ანიჭებს?
- ამბობს, ჩინური ჯიშის ყურძნისგან და გორული მწვანით ყველაზე კარგი ღვინო გამოდისო.
- საახალწლო სუფრის მომზადებაში დამხმარე თუ გყავთ?
- არა. ამ საქმეს თავად ვუმკლავდები.
- ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
- მადლობა. თითოეული ჩვენგანისთვის სიკეთის მომტანი წელი ყოფილიყოს!
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მეუღლე, თინათინ თინიკაშვილი გახლავთ. ისინი 2008 წელს დაოჯახდნენ. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. ერთი სტუდენტი იყო, მეორე - ლექტორი. მათი სიყვარულის ამბავი ქორწინებით დაგვირგვინდა და დღეს 2 შვილის მშობლები არიან. უფროსი - კონსტანტინე 4 წლის არის, პატარა ილია-დენისი კი სექტემბერში დაიბადა.
თინათინ თინიკაშვილი:
- დაოჯახებამდე დათო ყოველ ახალ წელს სოფელში, მშობლებთან ერთად ხვდებოდა. რაც ერთად ვართ, ხან თბილისში ვხვდებით, ხან - სოფელში. პირველ ახალ წელს ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან შევხვდით. მაშინ დათო გერმანიაში სტაჟირებას გადიოდა.
- გერმანული ახალი წელი რით დაგამახსოვრდათ?
- გამორჩეული იმით იყო, რომ მილიონზე მეტმა შეკრებილმა ადამიანმა გრანდიოზული ფეიერვერკი მოაწყო. შთამბეჭდავი ახალი წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ციოდა, მაინც ხალისიანი, პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც ერთად შევხვდით. მომდევნო წელს უკვე შვილი გვყავდა.
- წელს სად და როგორ ხვდებით?
- ახლა 2 შვილი გვყავს, სოფელში წასვლას ვერ მოვახერხებთ. თბილისში შევხვდებით. მშობლებთან დათოს ძმა წავა.
- თქვენს ოჯახში საოჯახო სამზადისი როდიდან დაიწყო?
- ნაძვის ხე ახალ წლამდე 3 კვირით ადრე მოვრთე. ჯერ პროდუქტის მომარაგებაზე არ გვიზრუნია, მხოლოდ ნიგოზი ვიყიდე გოზინაყისთვის.
- ნაძვის ხის მორთვაში მინისტრი აქტიურობს?
- საერთოდ არ ერევა. ახლა დრო არ აქვს, მაგრამ როცა ჰქონდა, მაშინაც არ აქტიურობდა. ასეთი რამეები დიდად არ უყვარს. სამაგიეროდ, მე მიყვარს ძალიან. ნაძვის ხეს რომ ვრთავ, დღესასწაულის შეგრძნება მიმძაფრდება.
- პროდუქტების მომარაგებაში გეხმარებათ?
- შეიძლება, მძღოლის მოვალეობა შეასრულოს და მაღაზიამდე მიმიყვანოს, სხვა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თავად უნდა შევარჩიო და შევიძინო.
- სამზარეულოში ტრიალი არ ეხერხება?
- იქიდან გამომდინარე, რომ სკოლის დასრულების შემდეგ დათო ქალაქში ძმასთან ერთად ცხოვრობდა, კერძების მომზადება ეხერხება. რაც დავოჯახდით, ეს საქმე მიივიწყა. საამისოდ დროც არ რჩება, მაგრამ რომ დასჭირდეს, მოხერხებულობა ნამდვილად არ აკლია.
- კერძი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას ყოველთვის ამშვენებს, რომელია?
- სამეგრელოდან ყოველ ახალ წელს გოჭს გვიგზავნიან. დათოს ძალიან უყვარს.
- ახალი წლის ღამეს ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნით?
- ასეთი ტრადიცია არ გვაქვს, უფრო იმაზე ვფიქრობთ, ბავშვს რა მოეწონება, რა გაუხარდება, ორივე მასზე ვზრუნავთ.
- მინისტრს სიურპრიზების მოწყობა სჩვევია?
- ნაკლებად.
- რომანტიკული არ არის?
- რომანტიკული არის, მაგრამ საჩუქრების შერჩევა დიდად არ ეხერხება. თან მეც ცოტათი პრეტენზიული ვარ. ამიტომ ორივეს გვირჩევნია, სასურველი ნივთი თავად შევარჩიო, მან დამაფინანსოს.
- მისი რომანტიკულობა რაში გამოიხატება?
- ახსოვს მნიშვნელოვანი თარიღები, რომლებიც ჩვენს ურთიერთობასთან არის დაკავშირებული. ახსოვს ის ადგილი, სადაც პირველად სიყვარული ამიხსნა და იმ ადგილზე, როცა კი მოხვდება, მესიჯს მწერს.
- ოჯახში მის მოუცლელობას როგორ ეგუებით?
- ბავშვი ისე იზრდება, მამას ვერ ხედავს, თან იმ ასაკშია, ვერც აცნობიერებს, ამის მიზეზი რა არის. დათო ძალიან მოგვაკლდა.
- ახალ წელს სტუმრებს თუ ელოდებით?
- წინასწარ არავისთან ვართ შეთანხმებული. თუ ჩვენთან სტუმრობის სურვილი ვინმეს აქვს, სულითა და გულით დავხვდებით, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ.
- ღამის 12 საათზე თქვენს ოჯახში რა ხდება?
- ერთმანეთს გოზინაყს ვაჭმევთ, სიტკბოს დაბედების ნიშნად, და ჭიქა შამპანურით ვულოცავთ.
- შესაძლოა, რამდენიმე თვეში თქვენი მეუღლე თბილისის მერი გახდეს. მის ამ პოსტზე წარდგენას როგორ შეხვდით?
- მიხარია და ვამაყობ იმით, რომ მას ასეთი საპასუხისმგებლო საქმე ანდვეს. დათოს იმედი მაქვს, მჯერა, რომ თავს არ დაზოგავს. იმედია, მოსახლეობა მხარს დაუჭერს.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)