როცა გლდანში მეტრო "ახმეტელიდან" ამოსულმა გახურებული საახალწლო სამზადისი დავინახე, ჯერ ჩემი ქვეყანა შემეცოდა, მერე ჩემი თავი - მოჩვენებითი მხიარულების მორევში ვართ გადაშვებულები და ვაი ჩვენი ბრალი! - იქვე, მეტროსთან გლდანის II მიკრორაიონში, მარკეტებითა და ჯიხურებით გაჭედილ პარკში, 20 წლის ჯიმი შელიას ცხედარი ესვენა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ციხიდან გამოსულმა კრიმინალებმა ცემით მოკლეს. მე კი საუბედუროდ, არა მხოლოდ ამ ბიჭის სიკვდილმა ჩამაგდო შოკში, არამედ უკვე ხალხში დაბრუნებულმა და საიმედოდ დაბანაკებული კრიმინალების შიშმა. ჩემსა და იქ მდებარე მაღაზიების დაახლოებით ორ ათეულ მოვაჭრეს შორის დაახლოებით ასეთი საუბარი გაიმართა:
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქ, კერძოდ, 35-ე კორპუსის წინ, 20 წლის ბიჭი მეგობრის დედის გამოქომაგებისთვის მოკლეს. თურმე ამ ქალბატონს ე.წ. "ძველმა ბიჭებმა" ფულის "შეწერა" მოუნდომეს.
- ჩვენ არაფერი ვიცით, რადგან ეგ გვიან ღამით მოხდა და მაღაზიები უკვე დაკეტილი გვქონდა, აბა, რა უნდა გაგვეგო! არაფერი ვიცით, არაფერი!
- ისიც არ იცით, კონკრეტულად რომელ საათზე მოხდა ეს ამბავი?
- 9-დან 10-მდე.
- მერე ეგ გვიან როგორ არის, ამ დროს ფაქტობრივად ყველა სავაჭრო ობიექტი ღიაა...
-..."
... ამ თემაზე საუბარი მხოლოდ მან ისურვა, ვისაც დასაკარგავი აღარაფერი აქვს, - მოხუცებმა და ასევე ასაკოვანმა მენაგვემ. მან ჯერ დაკეტილი მწვანე ჯიხურისკენ (სურათზე) მიგვითითა, - მაგ მკვლელობის ამბავი აი, იქ დაიწყოო, მერე კი 30-ოდე მეტრის იქით, პარკისაკენ, - საწყალი ბიჭი მაგ პარკში ჯერ სიკვდილამდე მიიყვანეს ცემით და მერე ქვა ჩაარტყეს თავშიო.
- ვინ ჩაარტყა, იცით?
- ეხლა ეგ როგორ გითხრა! მე ის ვიცი, რომ ის უნამუსოები ერთი 20 იყვნენ, ის საცოდავი პარკში გაიყვანეს, წიხლები ურტყეს, ბოლოს ქვა აიღეს და საწყალს თავი გაუხეთქეს. სასწრაფომ რო წაიყვანა, სანამ საავადმყოფომდე მივიდოდა, მანქანაში მოკვდა.
- ამ ბიჭს იცნობდით?
- მაგ უბედურს? მაშ, ვიცნობდი, კარგი ბიჭი იყო, წესიერი. ეგ "ბუტკა" მაგისი ამხანაგის დედის არის. ბოსტნეულსა და სხვა რამეს ჰყიდის ის ქალი. შრომობს, შვილიც ეხმარება ხანდახან, - მაგ მოკლულის ძმაკაცი. ჰოდა, იმ ქალს ართმევდნენ საქონელსა, - ააწონინეს, ააწონინეს და უფულოდ უნდა წავიღოთო. აყვირდა ის ქალი და ეგ ბიჭიც მივარდა, მა რა იქნებოდა, მაგ ქალის ბიჭთან ამხანაგობდა. იმ ნასროკალმა კაცმა კიდევ, ძმაკაცები დააყენა თავზე, ერთი 20 კაცი. იმ 20 კაცმა გაიყვანა და მოკლა ეგ უბედური". მითხრა მან და ჯიმი შელიას საცხოვრებელი კორპუსიც მიმასწავალა, - მანდ არის მიცვალებულიო.
ასეთთ სიტუაციაში ჭირისუფალთან ჟურნალისტისთვის მისვლა ძალზე ძნელია, თუმცა არც სხვა გზა არსებობს და მეც იქეთკენ დავიძარი. ამასობაში იქვე, სკამზე ჩამომსხდარმა მოხუცმა ქალბატონებმა მომატირეს: - შვილო, მტერსაც არ შეხვდეს ის უბედურება რაც მაგ ოჯახში დატრიალდა. ამის შემდეგ მაგ საცოდავის დედის სიცოცხლეს რაღა აზრი აქვს, ერთი შვილი ჰყავდა, ხუთი წლისა მამით დაუობლდა და წვალებით გაზარდა, ახლა კი ჩიტივით მოუკლესო.