სამი ტყუპის დაბადება არც ისე ხშირი მოვლენაა, საქართველოში კი 2013 წლის განმავლობაში ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, არა - ხელოვნური განაყოფიერების შედეგად. მაგალითად, ბათუმში გოგონა და ორი ვაჟი გაჩნდა, თბილისში - გვანცა არაზაშვილს ორი გოგონა და ერთი ვაჟი შეეძინა, გიორგი და სუსანა მალხასიანებს კი შვიდწლიანი ლოდინის შემდეგ სამი ვაჟი გაუჩნდათ და ა.შ. სამი ტყუპი და - მარიამ, მართა და ელისაბედ დარჩიაშვილები ქვეყანას 13 დეკემბერს, თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში მოევლინნენ. გოგონებს ოთხი წლის ძმა ჰყავთ, რომელიც მათ დაბადებას, რა თქმა უნდა, სიხარულით შეხვდა. 26 წლის მრავალშვილიანი დედა - ნათია კეშელავა საკუთარ ემოციებს გვიზიარებს.
- ნათია, როდის გაიგეთ, რომ სამ ტყუპს ელოდებოდით და როგორი იყო თქვენი რეაქცია?
- უკვე ექვსი კვირის ვიყავი, როცა ფეხმძიმობის ამბავი შევიტყვე, ექიმთან წავედი და ექოსკოპიური გამოკვლევისას ორი ნაყოფი გამოჩნდა. ვინაიდან ტყუპი იყო, ათი კვირისა ისევ დამიბარეს და მაშინ აღმოჩნდა, რომ ორი კი არა, მუცელში სამი ნაყოფი გახლდათ. მე და ჩემი მეუღლე გაოცებულები, გაღიმებულები დავრჩით (იცინის). შემდგომ ვიზიტზე მისვლა მეშინოდა. ვფიქრობდი, - ახლა არ მითხრან, რომ ოთხი ტყუპი მყავს-მეთქი. 12 კვირის ვიყავი, ბავშვების სქესი რომ გამიმჟღავნეს: გოგონები არიანო. მათ ელისაბედი, მართა და მარიამი დავარქვით. ჩვენი პირველი შვილი ბიჭია. ერეკლე 4 წლის გახლავთ.
- როგორია პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- სამივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უბრალოდ, მართა შედარებით ნაკლებია წონაში - ერთი კილო და 900 გრამია და რამდენიმე დღით სხვა კლინიკაში ამიტომაც გადმოგვიყვანეს. მარიამი 2 კგ და 300 გრამი დაიბადა, ელისაბედი - 2 კგ და 200 გრამი. მათი გაჩენა ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის, პირველ რიგში, დიდი სიხარული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ სამივე ჩემია. მათ გაზრდაში, როგორც ქართველი ქალების უმეტესობას, მეც დედა დამეხმარება. ზოგს ჰგონია, რომ სამი ტყუპი ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაჩნდა, მაგრამ ასე არ არის. ბებიაჩემს - მამაჩემის დედას ტყუპი და-ძმა ჰყავდა და როგორც ჩანს, გენეტიკურად გამოგვყვა, ოღონდ - ჩვენ მესამე მივამატეთ (იცინის). როგორც მითხრეს, სოციალურ ქსელში ყველა ჩემს შვილებზე ლაპარაკობს, მათ ფოტოებს აზიარებენ. კომპიუტერთან დასაჯდომად ჯერ ვერ მოვიცალე, მაგრამ მინდა, თქვენი მეშვეობით ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ჩვენით დაინტერესდა, ვისაც ეს ამბავი გაუხარდა.
- პატარა ერეკლე რას ამბობს, ერთდროულად ამდენი დაიკო რომ შეეძინა?
- ვიდრე მუცელში იყვნენ, ამბობდა, - მათ მაკაკებს დავარქმევ, მაკაკა ერთი, მაკაკა ორი და მაკაკა სამი მეყოლებაო. გოგონები 13 დეკემბერს, დილის ხუთ საათზე გაჩნდნენ.
- გოგონებისთვის ნივთები მათ დაბადებამდე შეიძინეთ?
- რაღაც-რაღაცები ცხადია, წინასწარ ვიყიდეთ. სხვათა შორის, ჯერ ვერ ვარჩევ, რომელი რომელია. მარიამი შედარებით პუტკუნაა და დებისგან ამით განსხვავდება. მართა ცოტა ზარმაცია, ჭამა ეზარება (იღიმის).
- როგორია თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა? სამი ახალშობილის მოვლა-პატრონობა ადვილი არ იქნება.
- გეთანხმებით, მათი მოვლა ალბათ გაგვიჭირდება, მაგრამ თავს როგორმე გავიტანთ. მე ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობ, სადაც გარკვეულ შეღავათებს მიწევენ და შეძლებისდაგვარად, მხარშიც მიდგანან. ჩვენს ბანკში ორი თვის წინ სიახლე დაინერგა - მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, თანამშრომელს ფულად პრემიას აძლევენ. ბედმა გამიღიმა, რომ ამ პროექტში მეც მოვხვდი. ჩემთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთეს და ამისათვის თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი... ჩემი მეუღლე უმუშევარია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე დასაქმდება. ცუდი ის არის, რომ ბინა იპოთეკით გვაქვს დატვირთული და იმის გამო, რომ გადასახადს ვეღარ ვიხდით, საცხოვრებლის გაყიდვა მოგვიწევს. როგორც გვითხრეს, მრავალშვილიანებს სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ აქვთ. ნუ, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია, ერთჯერადად 700 ლარს აძლევენ...
- დეკრეტის ვადის ამოწურვის შემდეგ სამსახურში გასვლას აპირებთ?
- რა თქმა უნდა! სამსახურს თუ დავკარგავ, ჩემს შვილებს მატერიალურად ვინ უზრუნველყოფს?
- როგორ ეგუებით მრავალშვილიანი დედის ამპლუას?
- ეს ჯერ გააზრებული არ მაქვს (იცინის). ბედნიერებაა, რომ ახალ წელს ასეთი ნამატით ვხვდებით. ვამბობ ხოლმე, - თოვლის ბაბუა ჩვენთან ნაადრევად მოვიდა-მეთქი. მადლობა უფალს ასეთი საჩუქრისთვის!
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)