სპორტის სასახლეში გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საახალწლო ბაზრობა იმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, მაკა კევლიშვილმა განუცხადა, 27 დეკემბრიდან 1-ლი იანვრის ჩათვლით, სპორტის სასახლე მასპინძლობს უპრეცედენტო, მასშტაბურ 3D სპექტაკლს "ყინულის დედოფალი". სპორტის სასახლეში წარმოდგენილი საახალწლო ბაზრობა კი 6 დღის განმავლობაში 60 000 - მდე მაყურებელს უმასპინძლებს.
მისივე ინფორმაციით, სასახლის შესასვლელ ფოიეში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე პატარებისთვის გამომცემლობა "პალიტრა L" საბავშვო ლიტერატურის მრავალფეროვან სპექტერს წარმოადგენს. სპექტაკლზე მისულ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, პატარებისთვის საშობაო და საახალწლო საჩუქრები შეიძინოს; საახალწლო ბაზრობით "გამომცემლობა პალიტრა L" კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ "წიგნი - საუკეთესო საჩუქარია".
"27 დეკემბრიდან 1-ლი იანვრის ჩათვლით, სპორტის სასახლე მასპინძლობს არაჩვეულებრივ გრანდიოზულ სპექტაკლს "ყინულის დედოფალი". გამომცემლობა "პალიტრა L"- მა გადაწყვიტა, აქტიური მონაწილეობა მიეღო ამ სპექტაკლის განვითარების პროცესში და სპორტის სასახლის ფოიეში გააკეთა არაჩვეულებრივი მინი ღია ბაზრობა. აქ მოსულ ნებისმიერ სტუმარს საშუალება ექნება, ძალიან დიდი ფასდაკლებით შეიძინოს "პალიტრა L" –ის მიერ გამოცემული წიგნები. აქციებში წარმოდგენილი გვაქვს მრავალფეროვანი საბავშვო ლიტერატურა. აქციები არის "1+1", "ორლარიანი წიგნების აქცია", "10-დან 20%-მდე აქციები" და ა.შ. მაქსიმალურად ვეცადეთ, აღნიშნული აქციები ყველა ტიპის მომხმარებლისთვის მოგვერგო, რითაც კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ საშობაოდ და საახალწლოდ წიგნი არის საუკეთესო საჩუქარი", - აღნიშნა მაკა კევლიშვილმა.