დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევამდე რომ მიხვიდეთ, 2-3 კილომეტრი ფეხით უნდა იაროთ. თუ გაგიმართლათ და ორხიდიანი მანქანა გყავთ, მაინც ფრთხილად უნდა იყოთ, სოფლამდე მისასვლელი სამანქანო გზა არ არსებობს. გაზაფხულზე ადიდებული ორი მდინარის ფეხით გადალახვა მოგიწევთ. ამჯერად გაგვიმართლა და გაყინულ მდინარეზე ჟურნალისტების თხუთმეტკაციანმა ჯგუფმა უვნებლად გავიარეთ.
სოფლის შესასვლელში იქაური მაცხოვრებელი თამარ ინაშვილი დაგვხვდა და ერთგვარი მეგზურობაც გაგვიწია.
ვეძათხევში შესვლისთანავე იგრძნობა მოწყენილობა და სიდუხჭირე, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ მოსახლეობა მუდმივი სტრესის ქვეშ ცხოვრობს, არ იციან როდის გააქტიურდება მეწყერი და ვის სახლს შეიწირავს. თამარ ინაშვილთან ერთად სოფლის გზას მივუყვებით, გზადაგზა სევდიანი ისტორიები ახსენდება:
"2012 წლის მაისში 24 წლის ბიჭი დაგვეღუპა. მეზობელ სოფელში იყო და სახლში ბრუნდებოდა. ხევზე რომ გადმოდიოდა, ეტყობა მეწყერისგან დაგუბებული წყალი გადმოვარდა, მდინარე უცებ ადიდდა და წყალმა წაიღო. სამი დღის შემდეგ მეზობელ სოფელში ვიპოვეთ. წყალმა ნაპირზე გამორიყა. იმავე წლის ზამთარში სიცივისგან 72 წლის მოხუცი მზია მურღუევი გარდაიცვალა. წლების წინ მისი სახლი მეწყერმა დაანგრია. სხვაგან წასასვლელი რომ არ ჰქონდა, მოწნულ მიწურში უწევდა ცხოვრება მეუღლესთან ერთად. გაცივდა, ფილტვებში წყალი ჩაუდგა, ექიმთან ვერ შეძლო მისვლა და დაიღუპა."
ვეძათხევის მკვიდრი, ამირან ზვიადაური 49 წლის არის და მისი ოჯახის ერთადერთი ფულადი შემოსავალი მამამისის სოციალური დახმარებაა:
"რომელ ევროკავშირზე და ადამიანების უფლებაზეა ლაპარაკი, როცა 11 ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ. წინა მთავრობის დროს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან შემოგვთავაზეს საცხოვრებლად კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გადასვლა. აქ პრივატიზებული მიწები გვაქვს, ასე თუ ისე სარჩო-საბადებელს ვშოულობთ, წინაპართა საფლავები აქ გვაქვს, აქ გვილოცია, აქ გავზრდილვართ და ვბერდებით. დუშეთის რაიონს ტერიტორიულად აქვს იმის საშუალება, რომ ამავე რაიონში სხვა ადგილას ვიცხოვროთ. სანამ გადაგვასახლებენ ელემენტარული პირობები მაინც შეგვიქმნან, სოფელში სამანქანო გზაც კი არ არის. სასმელი წყლის პრობლემაა, ერთადერთი წყაროა მთელ სოფელში, ადამიანებიც და პირუტყვიც ამ წყალს ვსვამთ. წინა წლებში პირველადი მოხმარების სურსათით გვეხმარებოდნენ. იქნებ ამ მთავრობამ არც კი იცის, რომ საქართველოს რუკაზე არის ასეთი სოფელი, - გვეუბნება ამირანი და თან თავისი დამეწყრილი კარმიდამოსკენ მივყავართ. სახლი ავარიულია და ვერ ვუახლოვდებით, ამირანი გვეუბნება, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს.
სკოლა და ბავშვები
ამჟამად სოფელში მხოლოდ ორი ბავშვი ცხოვრობს. არმაზ და გიორგი არდოტელები გასული წლიდან ანანურის საჯარო სკოლაში სწავლობენ. არმაზი მე-7 კლასის მოსწავლეა, გიორგი მე-10 კლასშია. სკოლა ვეძათხევიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული. ვიდრე განათლების სამინისტრო ანანურიდან ვეძათხევის მეზობელ სოფლამდე ბავშვების გადასაყვანად მიკროავტობუსს დანიშნავდა, არმაზი და გიორგი 20 კილომეტრს ფეხით გადიოდნენ. გზა ტყის პირას გადის და ორი მდინარის გადალახვა უწევდათ. გაზაფხულობით, როცა მდინარე ადიდებულია, ზოგჯერ იძულებულები არიან სკოლა გააცდინონ.
რას აკეთებს მთავრობა ეკომიგრანტების დასახმარებლად?
ვეძათხევში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობის შესასწავლად მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი და განსახლების სამმართველოს უფროსი 2010 წელს იმყოფებოდნენ სოფელში, სადაც დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ. გამართულ შეხვედრაზე ოჯახები ითხოვდნენ დუშეთის ტერიტორიაზე მიწების გამოყოფასა და სახლების აშენებას. რადგან ამ პრობლემის გადაწყვეტა სამინისტროს კომპეტენციას სცილდებოდა, მათ შესთავაზეს განსახლება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებში კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში. თავად სოფლის მაცხოვრებლები კი ამბობენ, რომ მათ სურდათ პირადად ენახათ სახლები, რაზეც სამინისტრომ უარი განაცხადა.
დუშეთის მაჟორიტარ ერეკლე ტრიპოლსკისთვის სოფელ ვეძათხევის პრობლემა კარგად არის ნაცნობი და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის განმავლობაში სამჯერ შეხვდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძეს.
როგორც ერეკლე ტრიპოლსკიმ "ამბები.გე"-ს აცნობა, მისთვის გუშინ გახდა ცნობილი, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდა ჟინვალში არსებული ხუთსართულიანი, 60 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სოფელ ვეძათხევში მცხოვრებ დაზარალებულ 11 ოჯახს შესახლებას უპირებენ. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მზად არის გაზაფხულამდე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, მთავარია ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე გავიდეს და საბოლოოდ დამტკიცდეს. კომპენსაციის სახით კი თითო ოჯახს 10 000 ლარი უნდა გადაეცეს, რაც სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინებულია.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს გეოლოგებმა ვეძათხევში ჩატარებული კვლევების შედეგად სოფლის ტერიტორია საცხოვრებლად უვარგისად შეაფასეს. ბოლო 6 წლის მანძილზე მეწყერმა სოფელში 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
იხილეთ ფოტოგალერეა
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge