რამდენიმე სერიაა, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ახალი გმირი, ზიზი გამოჩნდა. თამუნა ბუხნიკაშვილის გმირი ერთ ქალზე შეყვარებულ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ დიტოსა და მირიან ბარათეონს შორის დგას და ორმაგ თამაშს თამაშობს. მიზნისა და ფულისთვის უკან არაფერზე იხევს. ნდობის მოსაპოვებლად დიტოს საწოლშიც კი უწვება. ეს უკანასკნელი დარწმუნებულიც კია, რომ ჟურნალისტს ის ''ევასება''.
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქმარს გაშორებულია. მისი ყოფილი ქმარი ცნობილი მსახიობი გურამ ჯაში გახლავთ.
კოტე თოლორდავასა და თამუნა ბუხნიკაშვილს გადასაღებ მოედანზე მივაკითხეთ, რესტორანში, სადაც ფინჯან ყავაზე დიტოსა და ზიზის მორიგი გარიგების სცენას იღებდნენ.
- თამუნა, საკმაოდ საინტერესო პერსონაჟი გამოჩნდა სერიალში თქვენი გმირის, ზიზის სახით. ჟურნალისტი, რომელიც იყიდება ფულზე, ხლართავს ინტრიგებს.
- აქამდე ნამდვილად არ მქონია მსგავსი როლი. ეს განსაკუთრებით უარყოფითი პერსონაჟია. ჟურნალისტი, რომელიც იყიდება ფულზე, ასრულებს დაკვეთებს, ჰყავს თავისი ხელის გოგონები.
კოტე:
- რატომ უარყოფითი, მთლად უარყოფითსაც ვერ იტყვი, პირიქით, თავისი საქმის პროფესიონალია. თან ფული ვის არ უყვარს?
თამუნა:
- ეგ მართალია... რთული იყო იმ მხრივ, რომ მე ამ სერიალში გვიან შემოვედი. როცა ერთად იწყებთ შენ, რეჟისორი და დანარჩენი მსახიობები, შედარებით იოლია. ამ შემთხვევაში გამირთულდა, ვინაიდან აბსოლუტურად გამზადებულ სიტუაციაში შემოვედი, ყველას დაწყობილი აქვს თავისი ხაზი, ხასიათი, ტიპაჟი. ერთი-ორი გადაღების მერე ავუღე ალღო ყველაფერს.
- სერიალში თამაში ახალია თქვენთვის?
- ახალი არ არის. პირველად ვითამაშე სერიალში ''ბიჭები და გოგონები''. იქ ვასახიერებდი მეზობელ ლალის. ცოტა ''დაფშტვენილი'', ჭორიკანა პერსონაჟი იყო (იცინის). ამ სერიალში მოწვევა ძალიან გამიხარდა. ჯერ რა გავაკეთე, არ ვიცი, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს, მაგრამ ამ ჯგუფთან მუშაობა რომ ძალიან მომწონს, ეს აშკარაა.
- კოტე როგორი პარტნიორია?
- გამიხარდა, რომ სწორედ კოტესთან მომიწია მუშაობამ. ჩვენ დიდი ხნის პარტნიორები ვართ დაწყებული კინოდან, თეატრით დამთავრებული. ორ ფილმში ვითამაშეთ მე და კოტემ ცოლ-ქმარი. აქედან ერთი მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ნამუშევარი იყო და არაერთ ფესტივალზე აიღო ჯილდო.
კოტე:
- ეს იყო ''მოსფილმის'' ბაზაზე ერთი რეჟისორის მიერ გადაღებული ორი ფილმი. ერთ-ერთს ერქვა ''აზნიფი''. მე და თამუნა ცოლ-ქმარი ვიყავით.
- ფილმში ეროტიკული სცენებიც იყო?
- არა. ეროტიკული სცენები კადრს მიღმა იყო (იცინიან). იქ ვერ მოხერხდებოდა ეს ამბავი. მრავალწევრიანი ოჯახი გვქონდა, ბევრი ბავშვით. ოჯახში ჩასიძებული გახლდით, ჩემს ცოლს ჰყავდა და, ძმა, ბებია, ბაბუა, ჩვენ - სამი შვილი. ერთ საძინებელში გვეძინა ცხრა ადამიანს.
- სამაგიეროდ, სერიალში გაქვთ დიდი საძინებელი. მაყურებლისთვის დასამახსოვრებელი სცენა იყო, როცა თამუნა ბიუსტჰალტერის ამარა წამოდგა საწოლიდან და ტანისამოსს იცვამდა.
- ასეთი დასამახსოვრებელი იყო? მე ეგ სცენა არ მინახავს.
- ყოველ შემთხვევაში, მაყურებელს სალაპარაკო თემა მიეცა.
თამუნა:
- მართლა? რაო, რას ამბობენ?
- მაგალითად, იმას, რომ კარგი მკერდი ჰქონია თამუნა ბუხნიკაშვილს.
თამუნა:
- (იცინის) არ გადამრიო.
კოტე:
- ვაა, ეგ კადრი უნდა გადავახვიო, იქ, სამწუხაროდ, ვერ დავაფიქსირე, ზურგით იდგა ჩემკენ (იცინიან).
იხილეთ სტატიის გაგრძელება