არგენტინის სანაპიროზე პირანიებმა 70-ზე მეტი ადამიანი დაკბინეს.
ინციდენტი მდინარე პარანის ნაპირზე მოხდა. იგი აღმოსავლეთ არგენტინაში, ქალაქ როსარიოსთან ახლოს მდებარეობს. ერთ-ერთ დაშავებულს, 7 წლის გოგონას, ხელზე თითის ამპუტაცია ჩაუტარდა.
თავდასხმის შემდეგ, წყალში მყოფთა უმეტესობა ნაპირზე გამოვიდა, მაგრამ არა - ყველა. მათ ხმელეთზე პოლიციელები "ერეკებოდნენ". მაგრამ სულ რაღაც ნახევარ საათში ადამიანებმა წყალში დაბრუნება დაიწყეს: ბოლო რამდენიმე დღეა არგენტინაში ტემპერატურა 37 გრადუსზე დაბლა არ ეცემა.
ქალაქ როსარიოს სამაშველო სამსახურის უფროსის თქმით, ასეთი საქციელი პირანიებისთვის უჩვეულოა: მართალია თევზები ხანდახან ადამიანებს კბენენ, მაგრამ მასობრივი თავდასხმა ძალიან იშვიათად ხდება.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.