არ გეგონოთ, სტატიის სათაურში რამე შემეშალა. ამ "მარგალიტებს" მთელი წლის მანძილზე, თქვენთვის საგულდაგულოდ ვაგროვებდი. გაიცანით ის ერთი მერცხალი, ვის მოფრენასაც გაზაფხულის მოყვანა შეუძლია და გაარკვიეთ, რამდენი მილიონით დაფინანსდა აგროსექსები.
წლევანდელი წლის დასაწყისში, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი აქტიურად განიხილებოდა. ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა დღემდე არსებობს. "პარლამენტი უნდა გადავიტანოთ თბილისში, რათა ხალხთან უფრო ახლოს ვიყოთ", - ასეთი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას არგუმენტი.
ერთ-ერთ ტელეკომპანიაში სტუმრობისას, პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ელენე თევდორაძემ თქვა, რომ შეწყალებული პატიმრები მასთან ხშირად მიდიან, ხელშეწყობას და დასაქმებაში დახმარებას სთხოვენ. მისი თქმით, ციხიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით იოლად ირკვევა, პატიმარს სასჯელი რამდენად სამართლიანად მიესაჯა. მან ერთი მაგალითი მოიყვანა, როცა ახალგაზრდა მამაკაცის ჩადენილ ქურდობას - მეზობლისთვის მამლის მოპარვას, მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა და მას თავისუფლება 5 წლით აღუკვეთეს. "ამ ახალგაზრდისთვის ეს პირველი პატიმრობაა, რატომ შეფასდა ეს დანაშაული მძიმედ, ვერ გამიგია, ქათამი რომ ყოფილიყო, კიდევ მესმის, კვერცხს მაინც დებს, მაგრამ - მამალი?!"
არჩევნების ჩატარების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ამნისტიის კანონი გააკრიტიკა. აღნიშნა, რომ უკუშედეგები უკვე სახეზეა. "ბებიაჩემი მზია ამ ამნისტიას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. დღეს რომ დავურეკო, ახლაც ეწინააღმდეგება. ეს ამნისტია ბებიაჩემ მზია წერეთლის მიერ არ არის მიღებული, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერაა მიღებული".
დასამახსოვრებელი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ (როდესაც იქ შეკრებილი ხალხი პრეზიდენტსა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ბიბლიოთეკაში არ უშვებდა), პრეზიდენტის გამოსვლა რეზიდენციაში: "ყველა ადამიანს აქვს არსებობის უფლება. მათაც, ვინც ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენებს დასდევდა, მაგრამ ყველა ადამიანის მუშტის მოქნევის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირი".
"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ფოტოებისა და ვიდეოების "ფეისბუკის" საკუთარ კედელზე გამოჩენას აპროტესტებდა. "რაღა დარჩა - რვა თვე, არ შეიძლება, მისი ნათქვამი და აზრები არ გავიმეოროთ, გავაანალიზოთ და გავაზიაროთ? დავივიწყოთ მიშა და გაქრება. მისი გახსენებით კი ვაცოცხლებთ და ვაძლიერებთ. ამოვირჩიოთ, რა გვინდა!"
როგორ შეიძლება, გასული წლის "მარგალიტებში" კასპის გამგებელი, ოლეგ იაძე არ ვახსენო? ერთ-ერთ ტელევიზიაში სტუმრობისას ის მსმენელის ზარს გამოეხმაურა. მსმენელი იმ ქალბატონებზე ელაპარაკა, რომლებიც კასპში გამგებლის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ. იაძემ უპასუხა: "ჩემზე ამბობენ, ქალებთან პრობლემები აქვსო. 60-70% გამგეობაში ქალი მუშაობს. ყველა ღირსეული ქალის ადგილი ყოველთვის იქნება ოლეგ იაძის გვერდით. ქალი უნდა იყოს წესიერი, პატიოსანი, განსწავლულიც და უნდა იცოდეს, სად როგორ მოიქცეს".
და მთავარი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილის დროც დადგა. გასულ წელს მის გამოსვლებში "მარგალიტი" უხვად იყო:
"ივანიშვილს პრემიერობას ვთავაზობდი ჩემს მთავრობაში. მე პრეზიდენტი უნდა ვყოფილიყავი, აბა, მაგას ხომ არ დავისვამდი თავზე".
"შემოულაწუნესავით" რომ დაჰყავს ივანიშვილს", - ასე ამბობდა წინასაარჩევნო პერიოდში მთავარ კონკურენტზე, გიორგი მარგველაშვილზე.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ნათელაშვილი ნაძალადევის ამომრჩევლებს საკუთარი ხელით ურიგებდა ფლაერებს წარწერით - "მოვიცილოთ მძარცველები". მას გვერდს გიორგი გუგავა უმშვენებდა. ფლაერში ეწერა: "გიორგი გუგავას არჩევა იქნება ცივი შხაპი და დარტყმა ხელისუფლებაზე". "გიორგი გუგავას არჩევა იგივეა, რომ თქვენ აირჩიოთ შალვა ნათელაშვილი - ეს ნიშნავს თქვენი გულისცემის გაჟღერებას პარლამენტში". "შეგვიძლია, ივანიშვილი ვაიძულოთ, გაიღოს მილიარდებიდან ის, რაც თქვენი წილია". "გიორგი გუგავას პარლამენტში არჩევა ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს მოიყვანს".
"ვიცით გადამფრენი ფრინველების რაოდენობა, მაგრამ არ ვიცით, რამდენი ამომრჩეველია საქართველოში", - განაცხადა გიორგი გუგავამ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში სტუმრობისას.
ნათელაშვილის რისხვას ვერც დავით აქუბარდია გადაურჩა: "კავკასიაზე" ზის 24 საათი ბუდასავით აქუბარდია და ქებათა ქებას უძღვნის მაღალს, ღირსეულს, ყველა დიდებით შემკულ თავის დამფინანსებელ ივანიშვილს. მოვლენილ ღმერთს. პინგვინ პირველის უდიდებულესობას".
ლეიბორისტული პარტიის რღვევასთან დაკავშირებით კი პარტიის ყოფილმა სახემ, სოსო შატბერაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: "ბატონი ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარტია არ დაშლილა. - მე ვიყო და ბუზი ბაღდათიდან მოვაო. ის ადამიანები, რომლებიც მომავალ პოლიტკომიტეტში იქნებიან, როგორც ჩანს, მას ბუზებად მიაჩნია, საკუთარი თავი კი - თაფლად".
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთელი სერიოზულობით განაცხადა: "ინვესტორებს საქართველოს მიმართ აქვთ არასტაბილურობის განცდა, რადგან მათთვის უცნობია, რეალურად საით მიდის ქვეყანა. რეგიონებში მოქალაქეები საუბრობენ, რომ აღარ აქვთ ფული, რამე იყიდონ. მაღაზიებში გაიზარდა ნისიად წოდებული საქონლის რაოდენობა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2014 წლის ბიუჯეტის განხილვისას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თქვა: "68 მილიონი ლარით გაგრძელდება შეღავათიანი აგროსექსების დაფინანსება".
დასამახსოვრებელი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ფრაზა დიცსა და დვანში არსებული ბარიერების შესახებ: "ეს ნიშნავს ბარიერების აღმართვის გაგრძელებას. ეს ბარიერები დღეს არის 35 კილომეტრი სიგრძის. თუ გაგრძელდა (მე იმედი მაქვს, რომ არ გაგრძელდება), მაშინ შეიძლება უფრო გრძელი მივიღოთ. რა არის აქ გაუგებარი?"
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)