წლის მიწურულს ნებისმიერი ჩვენგანი განვლილ წელს აფასებს და ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს უყრის თავს. გასული 2013 წელი უდავოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით და, ალბათ, ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაშიც მოხდა ისეთი რამ, რაც ყოველთვის გვემახსოვრება.
ნანა მაისურაძე: "ბევრი პოლიტიკური მოვლენა შეიძლება დაასახელო, რაც 2013 წლის მოვლენების ჩამონათვალში შევა - საპრეზიდენტო არჩევნებით დაწყებული და ევროკავშირთან პარაფირების ხელშეკრულებით დამთავრებული. მაგრამ შედეგი იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, რამდენად გაუმჯობესდა ან გაუარესდა ყოველი მოქალაქის პირობები. 2013 წელი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან 60 წელი შემისრულდა და რამდენიმე თვის წინ პირველი პენსია ავიღე. პროფესიით ბიოლოგი ვარ, მაგრამ წლებია, რაც სპეციალობით აღარ ვმუშაობ. არაფერს ვთაკილობდი, თავი რომ მერჩინა, ხან რესტორანში ვმუშაობდი ჭურჭლის მრეცხავად და ხანაც სახლებს ვალაგებდი, მაგრამ ჯანმრთელობა შემერყა და ავადმყოფიც არავის უნდა სამსახურში. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ველოდი საპენსიო ასაკს, რომ საარსებო წყარო მქონოდა. სიბერე რომ გაგახარებს ადამიანს... ახლა თავად განსაჯეთ, ვიცინო თუ ვიტირო?"
სოსო ქავთარაძე: "წლის მოვლენა ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება იყო. რა თქმა უნდა, ყველა ელოდება, რა განაჩენით დასრულდება მისი საქმე. ეს, ალბათ, მომავალი წლის მოვლენა იქნება. წლის მოვლენა იყო ასევე სააკაშვილის ქვეყნიდან და ტელევიზორის ეკრანებიდან "გაუჩინარება". ტელევიზორში რომ ვერ ხედავს, ჩემი ხუთი წლის გოგონა ლამის ყოველდღე კითხულობს, მიშა სად არისო?"
სოფიო ნინიძე: "წელს ჩემი შვილი გამოვიდა ციხიდან და ეს იყო ჩემთვის წლის, საუკუნის და მთელი ცხოვრების მოვლენა. მომავალი წლისგან კი ველოდები, რომ სამსახურს მაინც იშოვის და იპოვის თავის ადგილს, რომლისგანაც 7 წელზე მეტხანს იყო იზოლირებული".
გერონტი დოკვაძე: "საჩხერელი ვარ, ბიძინას სამშობლოდან. ჩემთვისაც გასული წელი საპრეზიდენტო არჩევნების გამო იყო მნიშვნელოვანი. საჩხერელებს ბიძინამ ბევრი რამ გაუკეთა და იმედია, მომავალშიც ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდება. მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წავიდა, საჩხერელებს იმედი მოგვეცა, რომ უფრო მეტად მოიცლის ჩვენთვის. ჩვენც არ უნდა დავიზაროთ და ყველაფერი კარგად იქნება. მას შემდეგ, რაც ეს ხელობა ვისწავლე, ვაცხობ პურს და ვარჩენ ოჯახს. მომავალი წლისგან ყველაზე სასიხარულოს - შვილს ველოდები, ვაჟი მეყოლება!".
ლაშა ჯიქია: "ქვეყნისთვის თუ ვიმსჯელებთ, გასული 2013 წელი არაფრით არ იყო გამორჩეული. არჩევნებში მარგველაშვილმა კი არ გაიმარჯვა, ისევ ივანიშვილს გამოუცხადა ხალხმა ნდობა, ისევე როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ბიძინამ კი რა ქნა? დაიხურა ქუდი და წავიდა! რომ მოდიოდა პოლიტიკაში, მაშინ გვეკითხებოდა ამომრჩევლებს და წასვლა აღარ იყო ჩვენთვის საკითხავი? მომავალი წლის მოვლენა კი ის იქნება, რომ ივანიშვილის გარეშე დარჩენილი კოალიცია ხუხულასავით დაგვენგრევა თავზე და ისევ "ნაციონალების" საჯიჯგნი გახდება ქვეყანა".