რუსი მომღერალი, რუსული შოუბიზნესის პრიმადონა ალა პუგაჩოვას ქალიშვილი კრისტინა ორბაკაიტე 24 დეკემბერს მეუღლესთან ერთად ეწვია თბილისს. "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ წვეულებაზე ორბაკაიტემ თავისი რეპერტუარიდან 15-მდე ცნობილი სიმღერა შეასრულა და ასე მიულოცა შობის დადგომა სტუმრებს.
სტუმრებს შორის ქართული შოუბიზნესის ცნობილი სახეებიც იყვნენ. დუეტ "ჯორჯიას" წევრებმა მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა რუსი მომღერლის გამოსვლამდე რამდენიმე სიმღერა შეასრულეს, შემდეგ კი ორბაკაიტეს რეპერტუარზე იცეკვეს კიდეც.
კრისტინა ორბაკაიტემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ სცენაზე, ბოლოს 17 წლის წინ იდგა და ქართველ მსმენელთან შეხვედრა მოენატრა. მომღერალი მეუღლესთან და 30-კაციან შემოქმედებით ჯგუფთან ერთად თბილისიდან გამთენიისას გაფრინდა.