დღეს საქართველოში ნაკლებად მოთხოვნადი სპეციალობებია - პედაგოგიკა, არქეოლოგია, ფსიქოლოგია და ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერებები. მიზეზად ამ სფეროში სამუშაო ადგილების სიმცირე და დაბალი ანაზღაურება სახელდება.
არსებობს მოთხოვნადი და ნაკლებად სასურველი სპეციალობები. იგი სამუშაო ადგილების რაოდენობით, ანაზღაურებითა და პრესტიჟულობის მიხედვით განისაზღვრება. ახალგაზრდები, სხვის მაგალითზე დაყრდნობით, არჩევანს თავისებურად აკეთებენ. სწავლობენ იმ განხრით, სადაც დასაქმების მეტი შანსი აქვთ. ესენია: იურიდიული, ფარმაცია, საბანკო-საფინანსო, ბიზნესის ადმინისტრირება და ა.შ.
დასაქმების სტრუქტურაზე მუშაობა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შრომის ბაზრის მოთხოვნის პარალელურად სამსახურთა მაძიებელთა ბაზაც შეიქმნება. დასაქმების სტრატეგიის მიხედვით, დადგინდება, რა სპეციალობებზეა მოთხოვნა და ქვეყანას რა კადრები ჰყავს. სერგეენკოს განმარტებით, მათ, ვისაც ისეთი პროფესია აქვს, რომელზეც მოთხოვნა არაა, უფასოდ გადაამზადებენ მოთხოვნად სპეციალობებზე.
გამოკითხულთა უმეტესობა კი სახელმწიფოსგან არა გადამზადებას, არამედ უმაღლესი სასწავლებლებისა და შრომითი ბაზრის რეფორმირებას ითხოვს.
"საქართველოში სპეციალობებს სარფიანობისა და პრესტიჟულობის მიხედვით არჩევენ. ძალიან ბევრი საინტერესო სფერო დასაქმების მხრივ არაპერსპექტიულია. არახელსაყრელი პროფესიების ჩამონათვალი არცთუ მცირეა: ჰუმანიტარული მიმართულებები, პედაგოგობა, ფილოლოგობა. საჭიროა, სახელმწიფოს მხრიდან საკითხის შესწავლა და ამ კვლევაზე დაყრდნობით მთლიანად მისი ძირფესვიანად რეფორმირება.
მარტო უმაღლესი სასწავლებლების აქტიურობა ვერაფერს შეცვლის. უნდა მოხდეს თავიდან ბოლომდე შრომის ბაზრის გადახარისხება და დარეგულირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება დღე, როდესაც უმაღლესდამთავრებულთა შორის ნამდვილი ფიზიკოსი, პედაგოგი თითო-ოროლა გვეყოლება. აბსოლუტური უმრავლესობა კი ეკონომისტები, ექიმები და იურისტები იქნებიან.
ამ სავალალო შედეგის წინაშე უკვე ვდგავართ. განსაკუთრებით საფრთხილოა, რომ სამომავლოდ ეს პრობლემა უფრო მეტად არ გამწვავდეს", - ამბობს თბილისელი მალხაზ გამცემლიძე.
ჰოლანდიის პროფესიათა თეორიის მიხედვით, ადამიანები სპეციალობას მხოლოდ იმის მიხედვით ირჩევენ, რომელიც აინტერესებთ და მათ ხასიათს, ბუნებას შეესატყვისება. საქართველოში კი ბოლო დროს სულ სხვაგვარი მიდგომა დამკვიდრდა. წინა რესპონდენტის მსგავსად, მარიამ ქარდავაც სპეციალობის არჩევის მთავარ მოტივად სარფიანობას განიხილავს.
"არსებობს დეფიციტური პროფესიები. ერთ-ერთი მათგანია პედაგოგიკა. დღევანდელ შრომის ბაზარზე ამ სფეროს წარმომადგენლები დაფასებულნი არ არიან. აქვთ დიდი დატვირთვა, პასუხისმგებლობა და ძალიან დაბალი ხელფასი. დღეს საქართველოში მასწავლებლის ანაზღაურება, საშუალოდ, 300 ლარს შეადგენს.
ახალგაზრდები ცხოვრებას უკვე პრაქტიკულად უყურებენ და იმ სპეციალობებზე აკეთებენ არჩევანს, რაც ყველაზე მაღალანაზღაურებადია. არადა, დღევანდელ შრომის ბაზარს, ქვეყანას ეს პროფესია სჭირდება. მთავრობა უნდა დაფიქრდეს მის აუცილებლობაზე და მასწავლებლებს უკეთესი სამუშაო პირობები შეუქმნას, რომ შემდგომ მომავალ თაობას სკოლაში მუშაობის სურვილი გაუჩნდეს. თუკი მას სათანადო ყურადღება არ მიექცევა, მალე კადრების დეფიციტი იქნება.
დღეს მასწავლებლობა აღარავის უნდა. კვალიფიციური კადრები სამუშაოდ სკოლაში აღარ მიდიან და კერძოდ არჩევენ მუშაობას - ბავშვებს ამზადებენ. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, სავალალო შედეგს მივიღებთ. პროფესიონალი პედაგოგი სკოლებში სანთლით საძებარი გახდება", - ამბობს მარიამ ქარდავა.
არსებობს პრესტიჟული, მაგრამ არასარფიანი სპეციალობები. ერთ-ერთია ბავშვთა ფსიქოლოგიის პოზიცია. წესით, პირიქით უნდა იყოს, რადგან დღესდღეობით ადამიანები ყველაზე ხშირად სტრესსა და შფოთვას უჩივიან, რაც ხშირ შემთხვევაში ბავშვზეც აისახება ხოლმე.
"რომელ პროფესიაზეა ყველაზე ნაკლები მოთხოვნა? ბოლო დროს ეს კითხვა მართლაც ძალიან აქტუალურია, რადგან საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია. ბევრი უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს და უმუშევარი რჩება. გარდა ამისა, არის სპეციალობები, რომლებიც მცირეშემოსავლიანია, თუმცა მათ მიმართ ინტერესი მაინც დიდია, ეს გახლავთ ფსიქოლოგია.
შეიძლება ითქვას, რომ ბავშვთა ფსიქოლოგები არ გვყავს. მათი რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. მთავარი პრობლემა ჩვენი მენტალიტეტია. ადამიანს ჰგონია, რომ ფსიქოლოგთან პატარა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიყვანო, თუკი თავს ცუდად გრძნობს. იმ ფაქტს არ ითვალისწინებენ, რომ შესაძლოა, ჯანმრთელსაც დასჭირდეს ფსიქიატრი ან ფსიქოლოგი.
ევროპაში ეს სფერო მეტად მოთხოვნადი და განვითარებულია. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე "გადაშენების პირას" მდგარი პროფესია. მათი რიცხვი არცთუ მცირეა, მაგალითად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. სახელმწიფომ უნდა გამოიკვლიოს, თუ რომელია ნაკლებად სასურველი პროფესიები და სათანადო ყურადღება მიაქციოს, უფრო მეტად იზრუნოს მათ პოპულარიზაციაზე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნინო ჭელიძემ.
ქვეყანა ჯერ კიდევ ეკონომიკურ კრიზისშია. მთავარ პრობლემად მცირე შემოსავალი და უმუშევრობა სახელდება. სწორედ ამიტომაც პრიორიტეტები ყველას ერთნაირი აქვს. ახალგაზრდები სპეციალობას იმ დეტალების გათვალისწინებით ირჩევენ, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ფინანსურ სარგებელს მოუტანს.
"ახალგაზრდები უპირატესობას პრესტიჟულ და მასთან ერთად სარფიან სპეციალობებს ანიჭებენ. აქედან გამომდინარე, ჩნდება დეფიციტური პროფესიები: ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია, არქეოლოგია, ფილოლოგია, აგრონომია და ა.შ.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქიმიურ-ტექნოლოგიური, საგზაო, მეტალურგიული სფერო მუდმივად კადრების სიმცირეს განიცდის. ნაკლებად პრესტიჟულობის გამო ახალგაზრდებს არ სურთ ამ პროფესიების დაუფლება. დღეს საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია ტურიზმის სპეციალისტი - გიდი, ბუღალტერ-ფინანსისტი, იურისტი და ოფისმენეჯერი", - აღნიშნა გიორგი კუხიანიძემ.
მარიამ აფციაური