იოსებ ნადაშვილი პროფესიით მუსიკოსია, მუშაობს მოძრაობის თეატრში, არის გორის თეატრის მოწვეული მსახიობი, თუმცა მას საზოგადოების დიდი ნაწილი ქუჩიდან იცნობს. ეს ის მუსიკოსია, რომელიც წლების წინ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტთან საქსოფონზე უკრავდა. ახლა კი ლესელიძეზე მუშაობს და კარგი ღვინის და მუსიკის მოყვარულ ადამიანებს ართობს.
- ზუსტად ჩავწვდი ამ მაღაზიის მფლობელების აზრს და განსხვავებული ფორმით ვეწევი პიარს თბილისში. ეს მაღაზია რომ გაიხსნა, სადაც ახლა ვმუშაობ, შემომთავაზეს დამეკრა და ამით მომეზიდა კლიენტები. მაქვს შესაბამისი ანაზღაურება და კარგ ხალხთანაც ვმუშაობ. ვცდილობ კარგი განწყობა შევქმნა ქუჩაში, ხალხს მაღაზიაში შემოსვლის სურვილი რომ გაუჩნდეს. ვუკრავ რეტროს - ჯაზს, ბითლზებს, მუსიკას, რომელიც ადამიანს ახალგაზრდობას ახსენებს. ბევრჯერ გაჩერებულან გამვლელები და უცეკვიათ კიდეც.
- ქართველებიც ცეკვავენ?
- კი, ქართველებსაც უცეკვიათ ქუჩაში ჩემს მუსიკაზე. რაც უფრო გავთავისუფლდებით კომპლექსებისგან, ევროპაც უფრო მიგვიღებს. 1995 წელს გამოვედი ქუჩაში, უკვე ვეტერანი ვარ ამ საქმეში, ბედნიერებაა, ვიღაცის დადებითი ემოციით ავსება რომ შემიძლია, აქ უამრავი მეგობარი შევიძინე.
- უცხოელები ხშირად გჩუქნიან ფულს?
- ხურდის ჩასაყრელი სიმბოლურად მიდევს აქ, ხელფასი მაქვს. რომ ვთქვა, რამდენს მჩუქნიან, მერე ყველა ქუჩაში დადგება (იცინის).
- მაინც რამდენს?
- ერთხელ 300 დოლარი აჩუქეს ჩემს მეწყვილეს, ასი ლარიც უჩუქებიათ, ღვინოც მოუციათ. ამ ქუჩას უხდება საქსოფონი, ბევრჯერ ისეც ყოფილა, რომ ერეკლეს ქუჩასა და შარდენზე მდებარე ბარებში ჯდომას და ყალბ ღიმილს გამორიდებიან და აქ მოსულან. მე ქუჩის მუსიკოსი ვარ, მივეჩვიე თავისუფლებას და თუ დამქირავებელი არ მომწონს, უარს ვამბობ სამსახურზე. ზოგიერთი რესტორნის ხელმძღვანელს, რადგან ბევრი ფულის პატრონია, თავში აქვს ავარდნილი. ძალიან ბევრი უნდა გადამიხადონ, თავისუფლება რომ შევიზღუდო 1-2 საათით. როცა ფულზე არ ფიქრობ, უფრო მეტი მოგდის. ყველას მივმართავ, შეწყვიტეთ ფულზე ფიქრი, უბრალოდ, კარგი საქმე გააკეთეთ და ფულიც გექნებათ.
- "ძალიან ბევრი" რამდენია?
- 100-200 ლარი გადამიხადონ. მირჩევნია, ოთხი საათი ვიდგე ქუჩაში და რამდენიმე ლარი ავიღო. ჩემი თავისუფლება ძალიან ძვირი ღირს.
- ქართველები არ არინ გულუხვები?
- ქართველები იშვიათად მოდიან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ისინი ხელგაშლილები არ არიან. გამიჭირდება იმის თქმა, ვინ უფრო გულუხვია - უკრაინელი, იაპონელი თუ სხვა. ერთი რამ კი შემინიშნავს, უცხოელები ქუჩაში სულ გაღიმებულები დადიან, ვისურვებდი, ქართველების სახეზეც მენახა ბედნიერი ღიმილი…
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)