90-იან წლებში მხატვრების - გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის ოჯახში მომხდარ უცნაურ მოვლენებზე მთელი საქართველო ლაპარაკობდა. ეს ყველაფერი წყნეთის აგარაკზე დაიწყო, შემდეგ კი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, მათ საცხოვრებელ ბინაში გაგრძელდა. წლების წინ განვითარებულ მოვლენებს "ყველა სიახლესთან" მხატვარი გია გუგუშვილი იხსენებს.
- მას შემდეგ 23 წელი გავიდა და რაც მახსოვს, მხოლოდ იმას გიამბობთ. სექტემბერი იყო, იმ წელს დაიბადა ჩემი ქალიშვილი მარიამი. ინტუიციით ვგრძნობ, რომ ეს სწორედ მარიამის გაჩენას დაუკავშირდა და სასიკეთო ძვრებისთვის მოხდა. 90-იან წლებში საზოგადოებაში შეიმჩნეოდა ინტერესი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მიმართ. ეს საკმაოდ ჩაკეტილი თემა იყო კომუნისტურ სივრცეში, "პერესტროიკის" პერიოდში კი ბევრ რამეს ტაბუ აეხსნა და ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია, საზოგადოების ინტერესმაც იმატა. თითქოს სოციუმი მზად იყო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სარწმუნოდ მიეღო. განსაკუთრებით გახშირდა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ლაპარაკი. რასაც ახლა გიამბობთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებია.
- პირველად რა უცნაურობა შენიშნეთ?
- ბავშვი რომ დაიბადა, მთელი ოჯახი წყნეთში ავედით, ვაჟა-ფშაველას 27 ნომერში გვაქვს აგარაკი. კაკლის ხის ძირში ვისხედით, როცა ციდან პატარა კენჭები და დახვეული მავთულები ჩამოცვივდა. არადა, წყნეთში ჩვენი სახლი ისეთ ადგილასაა, სადაც ხალხი ნაკლებად მოძრაობს, სიწყნარეა. შეგვეშინდა და პოლიციას მივმართეთ. პოლიციამ გადაწყვიტა ჩვენგან დამოუკიდებლად ჩასაფრებოდნენ და გაეგოთ, რა ხდებოდა. ერთხელაც, უკვე დასაძინებლად ვემზადებოდით, რომ ღამის 12 საათისთვის ჩვენთან მოვიდა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე პოლიციელი, ვიღაც უცნობ პიროვნებას ეძებდნენ, ვუთხარით, რომ არავინ შეგვინიშნავს. შუაღამისას საშინელი სროლა ატყდა. მივვარდით ფანჯარას და ვხედავთ, ქუჩაში უამრავი ხალხი დარბის. ყვირიან, გარეთ გამოდითო. გავედით და ვნახეთ აკანკალებული პოლიციელები. იქვე იდგა მწვანე ჟიგულის მარკის ფურგონი, რომლის საქარე მინაზეც უზარმაზარი ბრტყელი ქვა ეგდო, თუმცა მინა ჩამსხვრეული არ იყო. ხელი მოვკიდე და, ქვა თბილი იყო...
- სროლა რატომღა ატყდა?
- პოლიციელებს სახლი ჩუმად მოუქცევიათ ალყაში, უფიქრიათ, რომ ვიღაც ჩვენს შესაშინებლად ისროდა ეზოში ქვებს და მის დასაკავებლად ჩასაფრებულან. უეცრად "ჟიგულის" მარკის ავტომობილში მსხდომ პოლიციელებს შეუნიშნავთ, როგორ მიემართებოდა მათკენ უცნაური ობიექტი, სწორედ ამ დროს მოხვედრია მანქანის მინას ქვა. უფიქრიათ, რომ მეზობლად მდებარე სახლის სხვენიდან მოხვდა მანქანას ქვა და დაუწყიათ ჰაერში სროლა. ერთ პოლიციელს უცდია ღობეზე გადახტომა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოუხერხებია, თითქოს ვიღაცა უკნიდან ექაჩებოდაო... ამის შემდეგ დავრწმუნდით, რომ, რაც ხდებოდა, რეალური იყო. შიშით კარიც ვერ დავხურეთ (იცინის).
- როგორც ვიცი, საქმეში თალეს შონიაც ჩაერთო...
- არ მახსოვს, ვინ მიმართა თალეს შონიას ჩვენი ოჯახიდან, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შესაბამისი ხელსაწყოებით მოგვადგა შინ. მის მოსვლამდე კიდევ უფრო გახშირდა ჩვენს სახლში უცნაური მოვლენები, ეზოში წერილების გადმოყრა და ა.შ. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს სახლში ჩვენთან ერთად ვიღაც იყო. წინა დღით მაგარი ქარი, თითქოს მაგნიტური ქარიშხალი ამოვარდა. თალესი შევიდა იმ ეზოში, სადაც გადახტომა უნდოდა პოლიციელს, მიწაში ჩაარჭო სპილენძის მავთულები და თქვა, აქ იჯდა ობიექტი 7XX7-ზე, ტოლფერდა სამკუთხედის ფორმის, ქარიშხალიც სწორედ ამით იყო გამოწვეულიო. შემდეგ სახლიც შეამოწმეს, თალესმა იკითხა, სახლში უცნაურს ხომ არაფერს ხედავთო. ჩემი მეუღლის, ქეთი მატაბელის ბებიამ უთხრა, ხშირად ვამჩნევ ციმციმსო. თალესმა მაშინვე "ჩაავლო", რა ციმციმს ხედავო? ნესტოროვნამ აუხსნა, შუშაბანდში, სადაც მძინავს, ჩემს თავთან ვამჩნევ ციმციმსო. თალესმა გაზომა ზუსტად ის ადგილიც და თქვა, აქ იყვნენ უცხოპლანეტელებიო. ყოველ ნაბიჯზე გვიმტკიცებდნენ ფაქტებით, რომ ისინი ნამდვილად არსებობდნენ. ბებია ადრე რომ ამბობდა, ციმციმს ვხედავო, წნევის ბრალი გვეგონა, წამლებს ვასმევდით და ვაძინებდით... სასწრაფოდ დავბრუნდით თბილისში. გაგიკვირდებათ და, აქაც გაგრძელდა იგივე მოვლენები. ერთ საღამოს მე და ჩემი სიმამრი მისაღებ ოთახში ვისხედით. გაზეთები გვეწყო წინ, დაახლოებით რვა მეტრის დაშორებით ვისხედით ერთმანეთისგან, უცებ გაზეთები აფრიალდა და ძირს გაიფანტა. არადა, კარი და ფანჯრებიც დახურული გვქონდა. ქეთის მამამ შემომხედა და გაფითრდა კაცი. სასწრაფოდ დავურეკეთ თალეს შონიას. თალესმა გვითხრა, მოდი, ოჯახის წევრების ბიოველები გავზომოთო. ყველას ცალ-ცალკე გაგვიზომეს, ბოლოს ქეთი და მაკაც შეამოწმეს და პირდაპირ თქვა თალესმა - ეს არის მედიუმიო. ყველაზე დიდი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან სწორედ მაკას ჰქონდა. ამის შემდეგ სახლში დაგვიმონტაჟეს აპარატურა, ფქვილი დაყარეს და ეუბნებოდნენ უცხოპლანეტელებს - აქ თუ ხარ, ფქვილზე დატოვე ანაბეჭდიო. ერთი ამბავი იყო, ვინ არ გვსტუმრობდა, უმეტესობა "საღადაოდ" დადიოდა ჩვენს სახლში (იცინის). ერთხელაც შევნიშნე ფქვილზე ბლაგვი ფორმის ანაბეჭდი. ქეთის მამას, გული მატაბელს, ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, იმ დიაგნოზით დიდი დღე აღარ ეწერა, მაგრამ სამი წელი კიდევ იცოცხლა. თალესი გვეუბნებოდა, სასიკეთოდ არიან მოსულებიო. აგროვებდა უცხოპლანეტელების დატოვებულ დახვეულ ბარათებს ხსნიდა და ამბობდა, რომელი იყო მათი და რომელი არა. ერთხელ წერილიც ვიპოვეთ, სადაც ეწერა, რომ უცხოპლანეტელს იქოლა ერქვა. თალესმა თქვა, რომ ნამდვილად უცხოპლანეტელის ნაწერი იყო. ტკბილეულსაც კი ვუტოვებდით იქოლას. თამაშის ელფერი მიიღო ამ ყველაფერმა და ერთხელაც იქოლა რომ აორთქლდა, მაკამ ძალიან განიცადა მისი გაუჩინარება. ისინი ძირითადად მაკასთან ურთიერთობდნენ. ერთ დღესაც ჩვენთან მოვიდა მაკას მეგობარი ხათუნა, რომელმაც თქვა, რომ უცხოპლანეტელები მასთან წავიდნენ, წლების განმავლობაში ხდებოდა მის სახლში უცნაური მოვლენები და მთელი რიტუალები ტარდებოდა. ახლა, როგორც ვიცი, იქაც აღარ ცხოვრობენ. მე ვახდენ ფაქტის კონსტატაციას, რაც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და პირადად შევეჯახე.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)