უცხოეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორი, გენო ცაავა თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში "ქართული ლუვრის" დაფუძნების ინიციატივით გამოდის.
გენო ცაავა ღია წერილით მიმართავს საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტს და "ქართული ლუვრის" დაფუძნებასა და შენობის გამოყოფაში თანადგომას სთხოვს.
რეჟისორი მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს რეალურად არსებობს დიდი შანსი, თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში კულტურული და სამუზეუმო ცენტრი – პირობითი სახელწოდებით, "ქართული ლუვრი" დაფუძნდეს.
"ეს იდეა განაპირობა მისი უწმინდესობის ნათქვამმა, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა, რომ თბილისში უნდა შეიქმნას კულტურული ცენტრი.
"ქართული ლუვრის" შექმნის იდეის თაობაზე 2005 წლიდან ვფიქრობ და ამ საკითხზე პირველი პატრიარქთან მქონდა საუბარი. მისი უწმინდესობა ამ იდეით აღფრთოვანებული დარჩა და 1992 წელს, პარლამენტის გადატანა არ გადატანასთან დაკავშირებით, თავისივე ინიციატივის ძალზედ საინტერესო ისტორიაც მიამბო, რომელიც კონფიდენციალურია და ყოველივე ამაზე მიმაჩნია, რომ მის უწმინდესობას თავად გაესაუბროთ...
ეს იდეა ვინც კი გაიგო ყველა აღფრთოვანებული იყო!!..
ამ პროექტზე ასევე კულტურის ყოფილ მინისტრთან, ნიკა რურუასთანაც ოფიციალურად მქონდა საუბარი. ვუხსნიდი იდეის კონცეფციას და ასევე განვუმარტავდი, რომ 150 პარლამენტარს ამხელა უზარმაზარი შენობა რათ უნდა მეთქი. ყოფილ მინისტრს "ქართული ლუვრის" შექმნის თაობაზე სრული მოსაზრება მივაწოდე და ავუხსენი, რომ სასურველი იქნებოდა პარლამენტის შენობა მშენებარე პრეზიდენტის სასახლეში გადასულიყო. ან საქართველოს მთავრობის შენობაში ან ბორჯომში; ხოლო პარლამენტის შენობაში "ქართული ლუვრი" დაარსებულიყო.
ნიკა რურუა ამ იდეით აღფრთოვანებული იყო. ისე მოეწონა, რომ თავისი ინტერესი ვერ დამალა და წამოსცდა – "მანდ მაგარი სასტუმრო შეიძლება რომ გაკეთდესო", მაგრამ მის გამონათქვამზე ჩემი შეძრწუნებული და აღშფოთებული სახე რომ დაინახა, თქვა, რომ იხუმრა და "ქართული ლუვრის" შექმნის იდეა ფანტასტიკურია და ის აუცილებლად უნდა განხორციელდესო.
რურუასთან ამ საუბრის შემდეგ მასმედიაში ინტენსიურად – ფორსირებულ რეჟიმში პარლამენტის გადატანაზე დაიწყეს საუბარი და ეს უკვე რეალურად განახორციელეს...
მკითხველს კარგად ემახსოვრება პარლამენტარის ბობოხიძის "ღრმად საფუძვლიანი" განცხადება - ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტმა აიტაცა და ისეთი არგუმენტების ბუღი დააყენა, უკეთესს რომ ვერავინ ინატრებდა. არადა ბობოხიძის ინიციატივა, სააკაშვილისა და რურუას ინიციატივა იყო - გაჟღერებული ბობოხიძის მიერ.
ყოფილი პარლამენტის შენობის ვითომდა ინვესტორზე გაყიდვაც, ბლეფი იყო და ეს უშუალოდ რურუასი და სააკაშვილის ყოფილი პარლამენტის შენობის დასაკუთრების ცხოველურ ინტერესს წარმოადგენდა. ამ ინტერესმა შეგნებულად პარლამენტის ქუთაისში გადატანა განახორციელა და ყოველივე ეს ჩემმა პროექტმა განაპირობა...
დღეს ნამდვილად ის დროა, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი აზროვნებით და საზოგადოების აქტიური ჩართვით დედაქალაქის ცენტრში ისტორიული იდეა – კულტურული ცენტრი "ქართული ლუვრი" დაფუძნდეს და უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, უფლის ნაკარნახევი იდეა – თავისი ბრწყინვალებით განხორციელდეს...
ვფიქრობ, რომ ქართულ ცნობიერებაში დადგა ის დრო, როცა საპარლამენტო და პოლიტიკური ცხოვრება რუსთაველის გამზირზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და ყოფილ პარლამენტის შენობაში "ქართული ლუვრი" დაფუძნდეს;
თუ პარლამენტი თბილისში გადავა, 2013 წლის 27 ოქტომბრიდან რეალურად შესაძლებელია პარლამენტი საბოლოოდ პრეზიდენტის სასახლეში დამკვიდრდეს, პრეზიდენტის კაბინეტი არსებულ მთავრობის შენობაში დარჩეს; ხოლო ყველა შემთხვევაში თბილისში ყოფილ პარლამენტის შენობაში –"ქართული ლუვრი" დაფუძნდეს...
ამ მიმართულებით აზროვნება ბედნიერებასთან ზიარება იქნება და ვისურვებ ფიქრის, განსჯისა და ღრმა ანალიზის საფუძველზე, ქვეყანამ და მთავრობამ სიტყვითა და საქმით ერთად ვიფიქროთ", - ნათქვამია პროექტისა და იდეის ავტორის, ესპანეთში მცხოვრები რეჟისორის, გენო ცაავას წერილში.