"თავისუფლების მოყვარეა. გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა", შეზღუდვები "კლავს". გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი. სუსტ და მხდალ მამაკაცებს არ წყალობს. შეუძლია, იყოს ულმობელი და სასტიკი, ძლიერი და საშიში, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. გულმოდგინედ გეგმავს, მტერზე ჯავრი როგორ იყაროს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ ეკა აბშილავას ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგთან არასდროს ვყოფილვარ და შესაბამისად, პირადი რუკაც არ მაქვს შედგენილი. რომ დამირეკე და ამ რუბრიკის შესახებ მითხარი, დავინტერესდი. ჰოდა, შეხვედრაზეც სიამოვნებით დაგთანხმდი. მაინტერესებს, რა უნდა მითხრა?
- "თავისუფლების მოყვარეა. გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა", შეზღუდვები "კლავს", - ვკითხულობთ შენი ნიშნის დახასიათებაში. მართლა ასეა?
- თავისუფლება ძალიან მიყვარს, მაგრამ ოჯახს პატივს ვცემ. მადლობა ღმერთს, მშობლებისგან მკაცრი შეზღუდვები არასდროს მქონია.
- "მას შეუძლია, იყოს ულმობელი, სასტიკი, საშიში - ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".
- ძალიან ლმობიერი ვარ. ადამიანისთვის სამაგიეროს გადახდაც კი არ შემიძლია. კამათში აყოლაც არ მიყვარს. მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანებს გული არ ვატკინო. აგრესიული მორიელის ტიპს არ განვეკუთვნები.
- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს. მის მზერას ხალხი თავს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობთ".
- როცა რაღაც მწყინს, სიტყვების ნაცვლად მირჩევნია, ყველაფერი გამოხედვით ვთქვა. თვალებით სათქმელი ხშირად მითქვამს.
- "იმდენად ფლობს საკუთარ ემოციებს, რომ სახეზე ვერაფერს შეატყობთ".
- გამონაკლისიც ყოფილა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მთელი რიგი საკითხები თუ პრობლემები ისე გადამიჭრია, არავის არაფერი გაუგია.
- "თუ ნამდვილად გაინტერესებთ, რას წარმოადგენთ, ჰკითხეთ მორიელს და ის პირდაპირ გეტყვით".
- (იცინის) მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საკუთარ აზრს დაუფარავად გამოვხატავ, რიგით ნაცნობს კი შეიძლება, სიმართლე პირდაპირ არ მივახალო. კითხვაზე: - "ეს კაბა მიხდება?" თუ არ მომწონს, არ ვეტყვი, - ძალიან გიხდება-მეთქი.
- "ვერ იტანს ტყუილს, მლიქვნელობას"...
- ტყუილის გამო ადამიანი დამიკარგავს. პიროვნებას, რომელიც მატყუებს, შემიძლია ვაპატიო, მაგრამ მასზე გული ისე მიცრუვდება, რომ შემდგომში ურთიერთობის სურვილი მეკარგება.
- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს, მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".
- მგონია, რომ ადამიანებში გაღიზიანებას არ ვიწვევ. არც კი ვიცი, მტრები მყავს თუ არა. დღემდე არავის შევუწუხებივარ.
- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".
- უი! როგორც წესი, ნაღველის, დარდის სხვისთვის გაზიარება კარგია, ეს მდგომარეობას ამსუბუქებს. მე შემიძლია, საკუთარ თავში იმდენად ჩავიკეტო, რომ წუხილი არავის გავუზიარო. ასე თითქოს, საკუთარ თავს ვგესლავ, მაგრამ რა ვქნა, პრობლემებზე ლაპარაკი არ მჩვევია. ბოლომდე გახსნილი უახლოეს ადამიანებთანაც კი არ ვარ.
- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე".
- საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ მართლა ასეა.
- "გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. საბოლოოდ, მოწინააღმდეგეს ისეთ დარტყმას აყენებს, რომ მასთან ქიშპობის სურვილს უკარგავს".
- ასეთი მამაკაცებთან ურთიერთობაში ვარ.
- ასეთი სასტიკი?
- (იცინის) ღირსები არიან და იმიტომ!
- ასე ძალიან ვინ გაგაბრაზა?
- ყველა მაბრაზებს. როცა ადამიანს ერთი და იმავე თხოვნას ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გავუმეორებ და ის ნათქვამს არ გაითვალისწინებს, მასთან ურთიერთობის სურვილი მიქრება. მერე როგორც უნდა იაქტიუროს, მისკენ გული აღარ მომიბრუნდება.
- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, ვინმე განერვიულებს?
- (იცინის) ვიღაცები ნერვებს ისევ მიშლიან.
- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?
- "მოსიყვარულე".
- ასტროლოგები "უძლეველს" გიწოდებენ. ამბობენ, რომ შენი დათრგუნვა შეუძლებელია, ნებისმიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდიხარ.
- არადა, შეიძლება, ერთმა სიტყვამაც კი ძალიან დამთრგუნოს და მომშხამოს.
- "მას თავისი გრძნობების დემონსტრირება არ სჩვევია".
- მართალია, ამას ვერ ვიტან. ჩემთვის მიუღებელია საჯაროდ მოფერება, კოცნა, ჩახუტება...
- "მორიელი ქალი მომხიბლავი, თავდაჯერებული და ამაყია, მაგრამ მას ერთი საიდუმლო სურვილი აქვს: მამაკაცად ყოფნა უნდა".
- უი!!! ამაზე მიფიქრია. მამაკაცობა არასდროს მნდომებია, მაგრამ სიმღერის, ცეკვის დროს მამაკაცურ მოძრაობებს ვაკეთებ. თითქოს ასე უფრო მეტად მომწონს.
- "მან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. არასდროს გაიქცევა კისრისტეხით, შეყვარებულს რომ კისერზე ჩამოეკიდოს".
- ასტროლოგები ასე კარგად მიცნობენ? მამაკაცებთან ურთიერთობისას ამაყი ვარ. შინაგანი თავშეკავებულობა მაქვს. თუ ინიციატივა მისგან არ მოდის, გამორიცხულია, ვიაქტიურო. არა მგონია, ეს კარგი თვისება იყოს.
- "მორიელი ქალები "ჯადოქრები" არიან. მეექვსე გრძნობის წყალობით, გულის სწორს დანახვისთანავე ცნობენ".
- კარგი ინტუიცია მაქვს. ახალგაცნობილთან ურთიერთობის სურვილი უფრო ხშირად მიჩნდება, ვიდრე - ძველ ნაცნობებთან.
- "ის მხდალ და სუსტ მამაკაცებს არ წყალობს. გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი".
- მამაკაცის ერთმა ქცევამ, პატარა დეტალმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩვენი მომავალი. მიმაჩნია, რომ კაცი სწორედ ამ დეტალებს უნდა აკონტროლებდეს, ქალის პატივისცემა რომ დაიმსახუროს.
- "ის ხან თეთრს თეთრზე აწებებს და ხანაც - ფულს უაზროდ ფლანგავს".
- ფულს ვაგროვებ, რათა მერე გემრიელად დავხარჯო, ღირებული ნივთი შევიძინო.
- "საკუთარ თავზე კონტროლს იშვიათად კარგავს".
- იშვიათად კი არა, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავზე კონტროლი არასდროს დამიკარგავს. 2 ჭიქა ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, კონტროლის მექანიზმი ჩემში გაასმაგებული ძალით იწყებს მუშაობას.
- "ნაკლებად მეოჯახეა, შინ გაჩერებას გარეთ ყოფნა ურჩევნია".
- უი, ეგ არ ვიცი. ბავშვობაში, ჩემი დისგან განსხვავებით, გარეთ თამაში მერჩივნა, ვიდრე - შინ ყოფნა. ახლა პირიქით ვარ და მგონია, რომ მომავალში მეოჯახე გოგო ვიქნები.
- "მას უყვარს უცნაურობები და ძალიან მოსწონს იდუმალი ადგილები".
- სკოლიდან "შატალოზე" 2 მეგობართან ერთად, ყოველთვის ერთსა და იმავე ამოჩემებულ ადგილას მივდიოდი. სოლოლაკში საცხოვრებელი სახლების უკან პატარა, შემაღლებული ადგილი იყო, სადაც მხოლოდ ერთი ხე იდგა და ეს ადგილი გვიყვარდა. კლასელებს არც კი ვუმხელდით, სად მივდიოდით, რათა ჩვენი მყუდროება არ დაერღვიათ.
- ეგოისტი ხარ?
- ეგოიზმი ყველა ადამიანში არის რაღაც დოზით. ჩემს ხასიათში ეს თვისება გამოკვეთილი ნამდვილად არ არის.
- "მოკრძალებული არ არის. დრაკონის ტემპერამენტსაც თუ გავითვალისწინებთ, ხელში მბრძანებელი შეგრჩებათ".
- გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. შემიძლია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადვილად მოვექცე, მაგრამ ხასიათზე თუ არ ვარ, შესაძლოა, ჩემი არსებობაც კი ვერავინ შეამჩნიოს. მბრძანებელი ვარ თუ არა? - იშვიათად ვმბრძანებლობ.
- "მარტივად უყვარდება, მაგრამ ძნელია, მოანდომო ოჯახის შექმნა, რადგან ძალიან უყვარს დამოუკიდებლობა. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ოჯახს იშვიათად ანგრევენ".
- 25 წლის ვარ და ახლობლები მირჩევენ, - გათხოვდიო. ამ ნაბიჯის გადადგმა მართლა არ მინდა, რადგან სხვა გეგმები მაქვს. ახლა ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა რომ მქონდეს და დარწმუნებული ვიყო, რომ მის გვერდით ბედნიერი ვიქნები, უახლოესი 2 წელი ოჯახის შექმნისგან თავს მაინც შევიკავებდი.
- შენი გეგმები კარიერულ წინსვლას უკავშირდება?
- რა თქმა უნდა, თან - ჯერ დამოუკიდებლობა, თავისუფლებაც არ მეთმობა.
- ახალ წელს როგორი განწყობით ეგებები?
- ამ დღეს ყოველთვის კარგი განწყობა მაქვს. ეს დღესასწაული ძალიან მიყვარს და დამდეგს ტრადიციულად, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)