"რამიშვილების" პროექტი, რომელსაც "სუხიშვილები" დიდი ხნის განმავლობაში აანონსებდნენ, რუსთაველის თეატრში წარმატებით შედგა. თუმცა ახალი პროგრამის შესახებ ინტერნეტსივრცეში ასეთი შეფასებაც გაჩნდა, - "ეს ყველაფერი სიახლე კი არა, ჰონგ კონგის ბალეტის" პროგრამის ანალოგიააო... სუხიშვილების პლაგიატობაში დადანაშაულებას ისინიც აჰყვნენ, ვისაც ზოგადად "სუხიშვილების" ნებისმიერი პროექტის მიმართ აქვთ უარყოფითი პოზიცია...
Ambebi.ge კომენტარისთვის ნინო სუხიშვილს, "სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის" ხელმძღვანელს დაუკავშირდა.
- ნინო, პრემიერის შემდეგ სოციალურ ქსელში წერენ, რომ თქვენი ახალი პროექტი "რამიშვილები" "ჰონგ კონგის ბალეტის" ანალოგია. რას იტყვით ამაზე?
- ეს ამბავი მეც სხვისგან გავიგე... როდესაც ამა თუ იმ ახალ პროექტზე ვმუშაობთ, ჩვენთვის შთაგონების წყარო ყოველთვის ქართული ცეკვაა (რაც უნდა არაფოლკლორულ პროექტს ვაკეთებდეთ); ჩვენთვის ყველაფერში - კოსტიუმებშიც და ქორეოგრაფიაშიც ქართული ცეკვაა ამოსავალი, რადგანაც მუშაობა სხვანაირად არ გამოგვდის. იმას, რასაც ახლა ჩვენი ახალი პროექტი ("რამიშვილები") შეადარეს, ანუ ჩინურს, ტაილანდურს თუ იაპონურს, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არც ვიცი. მთელი ჩინეთი და ტაილანდი გადაჭრელებულია ფერადი შიფონიანი სახელოიანი კაბებით, დარბიან და იმ გრძელ სახელოებს დააფრიალებენ. შეიძლება ეს სცენა არაერთ კარგ ფილმშიც იყოს გამოყენებული, მაგრამ ჩვენს ნამუშევარს მას ვერც ვადარებ, ანალოგს ვერ ვავლებ, რადგანაც ამ მხრივ ქართული კოსტიუმი (ოსური, გნებავთ, მთიულური კაბა) გრძელი, გამჭვირვალე შიფონიანი სახელოებით საუკუნეებიდან მოყოლებული გამოირჩეოდა. ის ჩვენს პროგრამაში ბევრი წელია, არსებობს. აქამდე თვალში არავის მოხვედრია? იქნებ აქედან აქვთ სხვებს იქ წაღებული?- ხაზგასმა ხდება კიდევ ერთ ილეთზე, რასაც მუხლებზე დაცემა და გასრიალება ჰქვია...
- სასაცილოა... მუხლებზე დაცემა-გასრილება ჩვენს პროგრამაში როდიდან არის, არც კი ვიცი. კარგად მახსოვს, როცა ჩვენი ანსამბლი, "ბროდვეიზე", 80-იან წლებში ერთ-ერთი წლის საუკეთესო შოუდ გამოცხადდა, მიშა ბარიშნიკოვი მოვიდა და ბებიაჩემს ხელები დაუკოცნა. მოცეკვავე ბიჭებს კი ეკითხებოდა: - მუხლებზე გასრიალებას როგორ აკეთებთო? ის კი არა, ქალბატონი ნინო ერთადერთი ქალი იყო, ვინც მუხლებზე გასრიალებას აკეთებდა. ასე რომ, ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია და ბოროტი შეფასებებია! ვისაც ჩვენი წარმატების შურს, ბოღმა არ ასვენებს, ინტერნეტიც სწორედ მათი მეშვეობით ჭრელდება.
- იყავით ასეთი შეფასებებისთვის მზად?
- ამ კონკრეტულ პროექტზე ამაზე არც გვიფიქრია... ისე, ქართულ ცეკვასაც რომ ვაკეთებთ, მაშინაც არის ამდაგვარი თავდასხმა... რეალურად კი ჩვენს კონცერტებზე ბილეთს ვერ იშოვით, ხალხი აღფრთოვანებულია... იწერება დადებითი რეცენზიები... ახლა თუ ადამიანების უმცირესი პროცენტი ამით ბედნიერი არ არის, ეს მათი პრობლემაა. წესით, ასეთ თემაზე კომენტარს არც უნდა ვაკეთებდე, რადგანაც ძალიან სასაცილოა. საერთოდ, ყოველთვის თავს ვიკავებ, როდესაც პლაგიატობაზეა ლაპარაკი. რა უნდა ვთქვა, მთელი ცხოვრება ჩვენგან იღებენ, გვბაძავენ, ჩვენსას იმეორებენ და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ სულ ახალ-ახალის კეთება გვინდა... არასდროს ჩემს კოლეგებზე არაფერი მითქვამს.
- საერთოდ, რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტზე მუშაობა?
- ამ პროექტით შევეცადეთ, გამოგვეხატა ის, რისი თქმაც დღესდღეობით გვინდოდა. მოკლედ, "რამიშვილებში" რაც გვაწუხებს, ყველაფერი ჩავდეთ. არის აგრესია, სიყვარული, ბრძოლა, ნოსტალგიაც... ასე რომ, ჩავდეთ ტკივილიც და სიხარულიც, ბევრი ემოცია. ეს არის 50-წუთიანი, ერთი ამოსუნთქვით მოყოლილი ამბავი. ჩვენი შრომა წარმატებულიც აღმოჩნდა და პროექტი ძალიან მომწონს. ბედნიერი ვარ, რომ პრემიერა შედგა და შოუს არაჩვეულებრივი გამოძახილი აქვს, მშვენიერი რეცენზიებია. ახლა თუ ვიღაც გაბოროტებული ადამიანი სადღაც ზის და წერს რაღაცას, რომელსაც დრო და ენერგია არ ენანება, ის ჩემში სიბრალულს იწვევს.
თუმცა შეიძლება, ვიღაცას რაღაც მართლა არ მოეწონოს, რაც ნორმალურია, რადგანაც ყველაფერი გემოვნების საკითხია და დასაძრახიც არაფერია, მაგრამ როდესაც ეს ყველაფრი გესლითა და ბოღმით კეთდება, ამაზე რეაგირებაც უაზრობაა.
მთავარი ის არის, რომ ჩვენი ადგილი ქართულ კულტურაში კარგად დავიკავეთ. ისე, ისიც კარგია, როცა ამდენი კვირა შენზე ლაპარაკობენ...
ლალი ფაცია
სპეციალურად Ambebi.ge-სთვის