იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ 2013 წელს შობის ტრადიციული ზეიმი გადადო, რომელსაც მილანთან ახლოს, ვილა - ბელვედერში აღნიშნავდა. ვილაში ადრე დღესასწაულისთვის გიგანტურ ნაძვის ხეს დგამდნენ.
როგორც გაზეთი Corriere della Sera წერს, შესაბამისი გადაწყვეტილება პოლიტიკოსმა ეკონომიის გამო მიიღო.
უფრო მეტიც, ვილის მთელმა მომსახურე პერსონალმა გათავისუფლების შესახებ შეტყობინება უკვე მიიღო. ვილის ყველა კარი, სადაც ბერლუსკონი ყოფილ ცოლთან ერთად ცხოვრობდა, 23 დეკემბრიდან დაიხურება.
გამორიცხული არაა, რომ ექს-პრემიერმა ვალების დასაფარად ვილა გასაყიდად გამოიტანოს. მართალია, ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან ვარონიკა ლარიოსთან განქორწინების პირობებით, სწორედ ლარიომ მიიღო ვილის გამოყენების უფლება.
Corriere della Sera ასევე წერს, რომ საშობაო საჩუქრის გარეშე 77 წლის ექს-პრემიერის ამჟამინდელი საყვარელი - 29 წლის ფრანჩესკა პასკალეც დარჩება. პოლიტიკოსმა მისთვის მოტოციკლ Harley Davidson-ის ყიდვაზე უარი თქვა, რომელზეც პასკალე დიდი ხანია ოცნებობს. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკოსმა საყვარლის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახსნა.
ბოლო წლებში ბერლუსკონის წინააღმდეგ მთელ რიგ სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ. იგი საგადასახადო თაღლითობაში, არასრულწლოვან მეძავებთან ურთიერთობასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ინფორმაციის უკანონო გავრცელებაში ბრალდებულად ცნეს. 2013 წელს ყოფილ პრემიერს ორი წლის მანძილზე სახელმწიფო პოსტის დაკავება აეკრძალა, იტალიის სენატმა კი მას საპარლამენტო უფლებამოსილებები ჩამოართვა.
მომზადებულია Corriere della Sera-ს მიხედვით.