ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგში ქართული უნივერსიტეტები 51-ე და 71-ე პოზოციებზე აღმოჩნდნენ. შეფასების 100-ქულიანი შკალის მიხედვით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა - 12, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კი - 10 ქულა მოიპოვა. რეიტინგისთვის შესარჩევ სასწავლებლების ჩამონათვალში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი "ალმა მატერიც" შევიდა, თუმცა ის საუკეთესო 200 უნივერსიტეტს შორისაც ვერ მოხვდა.
რეიტინგი საინფორმაციო ჯგუფის "ინტერფაქსის" მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მომზადდა, რომელიც უმაღლეს სასწავლებელთა საერთაშორისო რეიტინგების შექმნას ითვალისწინებს.
რეიტინგის შემდგენელთა ჯგუფი განმარტავს, რომ შეფასების მეთოდიკა სააგენტო QS-ის მეთოდიკას ემყარება. ეს ბრიტანული კომპანიაა, რომელიც ბოლო 10 წელია მსოფლიო უნივერსიტეტების რანგირებას ახორციელებს.
ავტორთა განცხადებით, რეიტინგის შედგენაში გათვალისწინებული იყო შემდეგი მაჩვენებლები:
საგანმანათლებლო საქმიანობა - ავტორიტეტული აკადემიური ექსპერტების შეფასებები. აგრეთვე მეცნიერ-პედაგოგთა კონტიგენტის ხარისხი და კვალიფიკაცია.
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა - უნივერსიტეტის მეცნიერული პროდუქტიულობა გლობალურ სამეცნიერო სივრცეში. სამეცნიერო სტატიები.
საერთაშორისო საქმიანობა - სტუდენტთა მობილობა. უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ორმაგი დიპლომები და ა.შ.
რეიტინგის პირველი ადგილი (100 ქულა) მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტს ერგო. მეორე ადგილზეა (60 ქულა) - ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მესამე პოზიცია კი სანკტ-პეტერბურგის სახელწიფო უნივერსიტეტმა დაიკავა. რაც შეეხება მეზობელ სახელწიფოებს, 27 ქულა აქვს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბაქოს უნივერსიტეტი კი 11-ქულიანია.
მომზადებულია univer-rating.ru-ს მიხედვით.