თუ ციხე იქნება, ციხეში წავალ, გაქცევას სიკვდილი მირჩევნია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა . ასე გამოეხმაურა გიგი უგულავა პროკურორების შუამდგომლობას, რომლებმაც უგულავას წინასწარი პატიმრობა მისი მიმალვის საფრთხიდან გამომდინარე დააყენეს.
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, თუკი პატიმრობას შეუფარდებენ, მას გაუჭირდება მონაწილეობა მიიღოს მოახლოებულ არჩევნებში. ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ თუკი სასამართლო პატიმრობას შეუფარდებს, ეს იქნება პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევის მცდელობა. "ქართული ოცნების" ზევსმა დაგვიტოვა მერობის კანდიდატი და უნდათYმე ჩამომაშორონ პროცესებს", - განაცხადა გიგი უგულავამ. მისივე თქმით, არც ერთ ეტაპზე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამს. პროკურატურის დღევანდელი მოთხოვნას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გიგი უგულავამ წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა უწოდა. "კარგად იციან, რომ არსად წამსვლელი არ ვარ. თუ პატიმრობაა- პატიმრობა იყოს, გაქცევას სიკვდილი მირჩევნია", - განაცხადა უგულავამ. სასამართლოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებაზე, გიგი უგულავამ მოსამართლე დალი მეტრეველისგან შენიშვნა მიიღო, რისთვისაც დედაქალაქის მერმა ბოდიში მოიხადა. სასამართლო პროცესი გრძელდება. უახლოეს პერიოდში მოსამართლე უგულავას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად გავა. "ინტერპრესნიუსი"