საერთაშორისო რეიტინგით, ქველმოქმედების დონით საქართველომ მსოფლიოს 135 ქვეყანას შორის 116-ე ადგილი დაიკავა, შარშან კი 128-ე ადგილი ეჭირა. რეიტინგში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საქველმოქმედო ორგანიზაციებში თანხის გადარიცხვა, უცხო ადამიანებისთვის გაწეული დახმარება და ა.შ. რა არის ქველმოქმედება, არის თუ არა ის დამოკიდებული სიმდიდრეზე? როდის უჩნდება ადამიანს სხვისი დახმარების სურვილი და რა მოტივები ამოძრავებს? - ამ საკითხებზე სოციალური დახმარების ცენტრის, ასოციაცია "კათარზისის" პრეზიდენტის მოადგილე გულიკო რომანიშვილი და კულტუროლოგი, სოციოლოგი ლელა იაკობაშვილი გვესაუბრებიან.
გულიკო რომანიშვილი: - ქველმოქმედების სურვილი უფრო მეტად წინასადღესასწაულოდ - საშობაოდ, საახალწლოდ, სააღდგომოდ იზრდება. ამ დროს სათნოების სახლისთვის, გაჭირვებული თანამოქალაქეებისთვის გაღებული თანხის რაოდენობაც მატულობს და შემოწირულობის სიხშირეც. თუმცა, ჩვენი ორგანიზაცია მთელი წლის განმავლობაშიც მხოლოდ ქველმოქმედებით, კერძო პირებისა თუ კომპანიების შემოწირულობით არსებობს.
- ადამიანებს პირადი ტრაგედიისას, ოჯახის წევრის განსაცდელის გამო თუ უჩნდებათ ქველმოქმედების სურვილი?
- არის ასეთი შემთხვევები. ამ დროს თანხის გადმორიცხვაზე ხშირად შესაწირი ცხვარი მოჰყავთ, ცოცხალი ან დაკლული, ჩაუთქვამენ და მერე საკლავს კლავენ, პროდუქტიც მოაქვთ. როცა ოჯახის წევრს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს ან ავარია შეემთხვევა და გადარჩება, აღუთქვამენ, რომ გაჭირვებულებისთვის შესაწირს გაიღებენ.
- რამდენად გულწრფელები არიან ადამიანები ქველმოქმედებისას?
- შესაძლოა, ზოგი პიარისთვისაც აკეთებს, ასეთი შემთხვევები იშვიათად გვქონია - ვიღაცას მცირედი გაუღია და მერე მოუთხოვია გაშუქება, ფართო აფიშირება. ძირითადად, უანგაროდ გვეხმარებიან, გვყავს მეგობარი კომპანიები, რომელთა გარეშეც ვერ ვიარსებებდით. ისინი გულწრფელად ეხმარებიან მათ, ვისაც მართლა ძალიან უჭირს. გვინდა, რომ ნებისმიერი, ვინც თუნდაც ერთ თეთრს გაიღებს უმწეოებისთვის, ამ სახლში მოვიდეს და თავისი თვალით ნახოს ისინი, ვისაც ეხმარება - ამ შემთხვევაში მათ უფრო მეტის კეთების სურვილი უჩნდებათ.
ლელა იაკობაშვილი: - დახმარების, ქველმოქმედების სურვილი, ისე როგორც სხვა სოციალური ქცევა, ადამიანის ღირებულებათა სისტემაზეა დამოკიდებული; იმაზე, შეუძლია თუ არა პიროვნებას გაიზიაროს მეორე ადამიანის გაჭირვება და მისი მდგომარეობის შემსუბუქების საშუალება გამონახოს. ჩვენს სინამდვილეში ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ საქართველო უღარიბესი ქვეყანაა, ხოლო შეძლებული ადამიანების ღირებულებათა სისტემა კი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ეს ახალი ქართველების პირველი თაობაა, რომელიც ფულს "გადაეყარა" და თავისი როლი სოციალურ სტრუქტურაში ჯერ გაცნობიერებული არა აქვს. დასავლეთის ქვეყნებში ფინანსურმა ელიტამ ზუსტად იცის, რომ თვითონ მხოლოდ მაშინ იქნება კარგად, როცა მის ირგვლივ ნაკლები გაჭირვებული ადამიანი იცხოვრებს, მათ უზრუნველ ყოფას ნაკლები საფრთხე, აგრესია დაემუქრება და უანგაროდ გაცემის სურვილის გარდა, მათ ესეც ამოძრავებთ. ქველმოქმედება მარტო ფულის მიცემა არ არის, სოციალურ სივრცის გაკეთილშობილებაა: მათხოვარს დაეხმარები, თუ დაინახავ, რომ სახელმწიფოს (ნორმალურ სახელმწიფოს) გაჭირვება აქვს კონკრეტული მიმართულებით და იქ ჩადებ ფულს; უცხოეთში ძალზე მდიდარი ადამიანი არ შევა მაღაზიაში, სადაც თუნდაც საშუალო ფასებია, პრესტიჟის გარდა მას ისიც ამოძრავებს, რომ სხვა, ნაკლებად უზრუნველყოფილ ადამიანებს დაუტოვოს ეს სივრცე, ესეც სოციალური თანადგომის, ქველმოქმედების ერთგვარი ფორმაა.
- ამ გამოკითხვით, ჩვენი მოქალაქეები ჯერ კიდევ ამჯობინებენ, ქუჩაში უცნობს ფული მისცენ, ვიდრე საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხონ. რით ახსნით ამას?
- ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, გასაგებია - ხელგაწვდილ, გათოშილ ადამიანს ხედავ და ისიც იცი, რაში აძლევ ფულს. საქველმოქმედო ორგანიზაციებს კი რიგ შემთხვევაში, არ ენდობიან, ესეც ჩვენი მწარე გამოცდილების ექოა: ზოგიერთი ორგანიზაცია ჰუმანიტარული დახმარებით მიღებულ პროდუქტს ბაზრობებზე ყიდდა.
ესაუბრა ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)