ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი "გრძელი, ნათელი დღეები", რომელიც "ოსკარის" 86-ე დაჯილდოების საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად იყო წარდგენილი, შესაძლო ნომინანტთა სიაში ვერ მოხვდა.
კინოაკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ცხრა ფილმი, რომელიც ამერიკის კინოაკადემიამ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში წარდგენილი 76 ფილმიდან შეარჩია.
"ოსკარის" 86-ე დაჯილდოების უცხოენოვანი ფილმების შორთლისთის პირველ ეტაპზე მოხვდნენ The Broken Circle Breakdown (ფელიქს ვან გრონინგენი, ბელგია), An Episode in the Life of an Iron Picker (დენის ტანოვიჩი, ბოსნია და ჰერცოგოვინა), The Missing Picture (რიტი პანი, კამბოჯა), The Hunt (ტომას ვინტერბერგი, დანია), Two Lives (გეორგ მაასი, გერმანია), The Grandmaster (ვონგ კარ-ვაი, ჰონგ კონგი), The Notebook (იანუშ სასი), The Great Beauty (პაოლო სორენტინო, იტალია), Omar (ჰანი აბუ ასადი, პალესტინა).
პირველ შორთლისთში მოხვედრილი ამ ცხრა ფილმიდან საბოლოოდ ხუთი ფილმი შეირჩევა, რომელიც "ოსკარის" 86-ე დაჯილდოების უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იქნებიან წარდგენილი. შერჩეულ ხუთ ფილმს კინოაკადემია იანვარში დაასახელებს.
ამასთან, 16 იანვარს "ოსკარის" 24 კატეგორიაში წარდგენილი ნომინანტების სრული სია გახდება ცნობილი.
"ოსკარის" 86-ე დაჯილდოების ცერემონია 2014 წლის 2 მარტს გაიმართება. ცერემონიას ცნობილი ტელეწამყვანი ელენ დეჯენერისი გაუძღვება.