მსახიობსა და ტელეწამყვანს, ბაია დვალიშვილს რომ დავუკავშირდი და პოლიტიკაზე საუბარი ვთხოვე, გაიცინა, - პოლიტიკაზე მე რა უნდა გითხრაო? ხელისუფლებაში რომ რადიკალური ცვლილებაა, ამ თემაზე მაინტერესებს თქვენი პასუხი-მეთქი, ვუთხარი.
- მიმაჩნია, რომ ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები არ არის. ხელისუფლება კი შეიცვალა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ რაც ძველმა ხელისუფლებამ წამოიწყო, - საგარეო ურთიერთობები, გეზი ევროპასა და ნატოსკენ, ის გაგრძელდება. მართალია, ევროპასთან ინტეგრირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ხელის მოწერა ძალიან ცოტა რამეს ნიშნავს. მთავარი ახლა იწყება. ერთი და ორი წელი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. ასეთი გადამწყვეტი პერიოდი მგონი არც ყოფილა. ახლა გამოჩნდება, ვინ რისი გამკეთებელია.
- თქვენი აზრით, ევროპასთან ურთიერთობა საქართველოს რაში წაადგება?
- რატომ მეკითხებით, თავადაც ხომ იცით ამ შეკითხვაზე პასუხი? საბოლოოდ გავთავისუფლდებით რუსეთისგან. ზოგიერთი ჩემი კოლეგისგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ 200 წლის განმავლობაში რუსეთი ახშობდა, კლავდა და ახრჩობდა ყველაფერს ქართულს. ჩემს ზოგიერთ კოლეგას კი ჰგონია, რომ პირიქით, რუსეთმა ბევრი რამ შეგვძინა, გაგვამდიდრა და ჭკვიანები გაგვხადა. ასე ნამდვილად არ არის. თუ ჩვენი ევროპასთან ინტეგრირება მოხდება, საბედნიეროდ, ბოლოს და ბოლოს, საქართველო დაადგება დამოუკიდებლობის გზას.
- როგორ ფიქრობთ, რუსეთი ამის საშუალებას ასე მარტივად მოგვცემს?
- არა. აუცილებლად განახორციელებს ისეთსავე პროვოკაციებს, როგორიც უკრაინასთან გამოიყენა. შესაძლოა, უარესიც გაგვიკეთოს. სწორედ მაშინ გამოჩნდება, თუ რა მთავრობა გვყავს, თორემ ახლა რა უშავს ჩვენს ახალ მთავრობას. არიან, რა!
- ძველი ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი საქმეებიდან კიდევ რომელს გამოარჩევდით?
- ყველაფერი მათ არ გააკეთეს? მათ მიერ დაწყებულ ყველა გზას ახალი ხელისუფლება აგრძელებს, რაც მიხარია. შეცდომებზე ლაპარაკი კი არ ღირს, რაც იყო - იყო. არც ესენი დაგვაკლებენ შეცდომებს, რადგან პოლიტიკა შეცდომების გარეშე არ არსებობს. ძველი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთზე არ ვართ დამოკიდებული და ისინი ვერც გაზს შეგვიწყვეტენ და ვერც დენს გაგვითიშავენ. თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები რომ გალამაზებულია, ესეც მათ გააკეთეს. მათ გაკვალეს ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. მოკლედ, იმ 9 წლის განმავლობაში ნახევარზე მეტი საქმე სწორად გაკეთდა. უბრალოდ, ნახევარზე ნაკლებს უსვამენ ახლა ხაზს. ეს პროცესები რომ არ დაეჩქარებინათ, ჩვენ ახლა უკრაინის დღეში ვიქნებოდით. უკრაინის წინა პრეზიდენტმა თავისი ლოიალობით, ხასიათითა თუ ასაკით რაღაცები ვერ მოახერხა და ამიტომაც არიან ახლა ამ დღეში. იმედია, ამ სიტუაციიდან გამოძვრებიან, რადგან ჩვენ უკრაინის პოლიტიკურ ვითარებაზე მიბმულები ვართ. ჩვენ უნდა შევძლოთ რუსეთისგან საბოლოოდ გათავისუფლება.
- ახლა აქტუალური თბილისის ახალი მერის არჩევნებისთვის მზადებაა. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამ საკითხზე?
- თბილისის მერმა ფულის სწორად თვლა, განკარგვა და გადანაწილება უნდა იცოდეს. რომ ამბობენ, თბილისის მერი თბილისელი უნდა იყოსო, ეს ყველაზე დიდ გოიმობად მიმაჩნია. სანამ ამაზე საუბარი არ დამთავრდება, თბილისს არაფერი ეშველება. ეს ყველაზე დიდი სირცხვილია. დავით ნარმანიას მეგრელობა სულ არ მაწუხებს. მთავარია, რომ ყველაფერი სწორად გააკეთოს და გემოვნებიანი იყოს. გემოვნებიანი ადამიანი შესაძლოა, ღრმა სოფლელი კაცი იყოს, უგემოვნო კი ვაკეშიც ძალიან ბევრი მყავს. თან პრეტენზია აქვთ საკუთარ გემოვნებაზე.
- ბოლო რამდენიმე დღეა, ქართული ლარის კურსმა ცოტა დაიწია. როგორ ფიქრობთ, რას გამოიწვევს ინფლაცია?
- ვაიმე, ამდენი ეკონომიკა არ ვიცი. არაერთხელ გამოგვივლია ვალუტის ინფლაცია და ყველამ ვიცით, რასაც ნიშნავს ეს. გაძვირდება პროდუქტი და ამაზე ფიქრიც არ მინდა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს წინასაახალწლო მდგომარეობაა, რადგან ყოველ ახალ წელს ვალუტა მერყეობს ხოლმე. ამიტომ, მჯერა, რომ ახალი წლების მერე ეს მდგომარეობა გამოსწორდება.
ნათია ჟივიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)