მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ქორქია ბოლო ხანს პრესასა და ტელევიზიაში აღარ გამოჩენილა. ამის მიზეზი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები გამხდარა, რამაც მისი გადაცემა "აღმოაჩინე საქართველო" შეიწირა...
- ლიკა, რა გახდა ბოლო ხანს ტელეეკრანიდან და პრესის ფურცლებიდან შენი გაუჩინარების მიზეზი?
- ზაფხულის სეზონზე პროექტი შეჩერდა, რათა ყველას დაგვესვენა. არხის მართვასთან დაკავშირებით იყო რიგი გაურკვეველი საკითხები, რაც, ბუნებრივია, ჩვენს გადაცემაზეც აისახა. პრესის ფურცლებიდან კი იმიტომ "გავუჩინარდი", რომ თავად ვერიდები საზოგადოებაში გამოჩენას. იშვიათად დავდივარ სხვადასხვა მიღებაზე, მათ შორის კონცერტებზე, მაღაზიების გახსნაზე, ფილმების პრემიერებზე და ა.შ. ხანდახან გინდა, თავისუფალი დრო ოჯახთან და მეგობრების წრეში მშვიდად გაატარო.
- შენი ოჯახი ახლა განსაკუთრებულ მოლოდინშია, შენი და, ანი ქორქია, ბავშვს ელოდება, ალბათ თქვენი ყურადღება მთლიანად ამ სასიამოვნო სიახლეზეა გადატანილი.
- გეთანხმებით, ოჯახში ახალ სიცოცხლეს ველოდებით და რა თქმა უნდა, ეს ამბავი ძალიან მახარებს. ერთი სული მაქვს, როდის ვიხილავ პატარას, რომელიც უკვე მიყვარს და წარმომიდგენია, რა იქნება მისი დაბადების შემდეგ... უკვე საჩუქრებიც ვუყიდე.
- შენ თვითონ არ ფიქრობ ჯერ ოჯახის შექმნაზე?
- ალბათ ამაზე ფიქრი მაშინ უნდა დაიწყო, როდესაც მიხვდები, რომ გვერდით გყავს ადამიანი, ვისთანაც დიდი გრძნობა გაკავშირებს და მზად ხარ, მასთან მთელი ცხოვრება გაატარო. ახლა ამ სტადიაში ნამდვილად არ ვარ და ამიტომაც არც ვჩქარობ - ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ზერელედ ვერ მოვეკიდები.
- ხან ვისთან დაგაწყვილეს, ხან ვისთან... ყველაზე გახმაურებული ჭორი შენს მიმართ ანზორიკო ბიწაძის სიმპათიებს უკავშირდებოდა, საინტერესოა, ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- ჩემდა გასაკვირად, ამ ჭორმა იმაზე დიდხანს გასტანა, ვიდრე უნდა ეარსება. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ამაზე პირველად მაშინ დაიწერა, როდესაც ანზორიკო თვალითაც არ მყავდა ნანახი. ჟურნალ-გაზეთებმაც მაშინვე აიტაცეს, მაგრამ რას გაიგებ, ჭორი ჭორია, ზოგიერთი ადამიანის ფანტაზია ხომ უსაზღვროა... ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. ექსპერიმენტების მომხრე არ ვარ, აქედან გამომდინარე, ხშირი სასიყვარულო ისტორიებით არ გამოვირჩევი.
- ისიც ითქვა, ლიკა ბიზნესმენ ბუბა ქებურიას ვაჟს მიჰყვება ცოლადო...
- ეს ჭორი პირველად მესმის და თანაც, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. არ მესმის, როგორ შეიძლება ასე თავის გემოზე დაგაწყვილონ შენთვის უცხო ადამიანთან?
- საახალწლოდ როგორ ემზადები, მონაწილეობ სადღესასწაულო სუფრის გაწყობასა და მომზადებაში?
- ახალი წელი ძალიან მიყვარს. ნაძვის ხესაც ვრთავ და კერძებსაც ვამზადებ საახალწლო სუფრისთვის. არ დაგიმალავთ, კულინარია ჩემი ჰობია.
- გჯეროდა ბავშვობაში თოვლის ბაბუის არსებობა?
- თოვლის ბაბუის არსებობა მანამდე მჯეროდა, ვიდრე არ დავინახე, როგორ აწყობდა დედა ჩემს შეკვეთილ საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ... ამის შემდეგ ჩემს მოტყუებას აზრი აღარ ჰქონდა.
- ამბობდნენ, თითქოს "რუსთავი 2"-დან იმიტომ წამოხვედი, რომ არ გინდოდა ასოცირებული ყოფილიყავი იმ არხთან, რომლის უკან, ხალხის აზრით, კონკრეტული პოლიტიკური ძალა იდგა.
- "რუსთავი 2" მანამდე დავტოვე, ვიდრე მის მიმართ საზოგადოების ერთი ნაწილისგან აგრესია წამოვიდოდა. პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია. მით უმეტეს, რომ ჩემს საქმიანობას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მე იქ გავიზარდე როგორც წამყვანი, ბევრი რამ ვისწავლე და ძალიან მიყვარს დილის გადაცემის ის გუნდი, ვისთანაც მუშაობა მიწევდა. უბრალოდ, მიმაჩნდა, რომ პირველმა არხმა იმ მომენტისთვის შემომთავაზა უფრო საინტერესო, სრულიად განსხვავებული ფორმატის გადაცემა, რაც მომცემდა გამოძინების საშუალებას და იმის შანსსაც, საკუთარ თავზე უფრო მეტი მემუშავა.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
იხილეთ ასევე:
- რატომ ვერ "მოერგო" სოფელს ლიკა ქორქია