ახალი წელი მოდის და ყველა განსაკუთრებულად ემზადება დღესასწაულისთვის, მათ შორის შოუბიზნესის წარმომადგენლები. როგორც გაირკვა, 2014 წლის დადგომას ისევე ჩუმად აღარ შეხვდება თბილისი, როგორც ეს 2013 წელს მოხდა და თავისუფლების მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალ მარიკა თხელიძის მამიდა, პოლიტპატიმარი ნანა თხელიძე, მარინა ბერიძეს ხელების დამტვრევითა და გალახვით ემუქრებოდა, რადგან მან საახალწლო კონცერტიდან მარიკა თხელიძე ''ამოიღო''.
ამ ფაქტის შემდეგ, მარინა ბერიძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდა საახალწლო კონცერტის სამზადისთან და ისიც თქვა, რომ ამაზე ''ალტერვიჟენი'' მუშაობდა, კულტურის სამინისტრო კი უბრალოდ, დამკვეთი იყო, რომელიც კონცერტს აფინანსებდა.
გადავწყვიტეთ კომენტარზე მარიკა თხელიძეს დავკავშირებოდით და მასთან სახლში დავრეკეთ. მომღერალი სახლში არ აღმოჩნდა, ტელეფონს კი მარიკას მამიდამ, ნანამ უპასუხა, რომელმაც გვითხრა, რომ მისთვის გვეკითხა რაც გვაინტერესებდა...
- ქალბატონო ნანა, მარინა ბერიძე აცხადებს, რომ საახალწლო კონცერტის სამზადისში მას არანაირი წვლილი არ შეაქვს და ამ შოუზე ''ალტერვიჟენი'' მუშაობს, მაშინ რატომ ბრაზობთ მასზე?
- როგორ გეკადრებათ, ვისია შ.პ.ს. ''ალტერვიჟენი''? აჩიკო გულედანის, რომელიც წინა ხელისუფლების ხელშეწყობით, დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო კონცერტებს მართავდა.
მოგეხსენებათ, მარინა ბერიძეც და აჩიკო გულედანიც ''ნაციონალების'' მხარდამჭერები არიან და როგორც ნაციონალები, მე მიპირისპირდებიან.