ამერიკის ქალაქ დულუტში 13 წლის მოსწავლე სემ მაკნეირი ერთი წლით მეცადინეობას ჩამოაცილეს მასწავლებელზე "სექსუალური ძალადობისთვის" - იგი მასწავლებელს ჩაეხუტა. თავად მოსწავლემ საკუთარი საქციელი სიკეთით ახსნა. "არასდროს იცი, რა აქვს ადამიანს სულში. ჩახუტებასაც კი შეუძლია დახმარება",-განაცხადა მაკნეირმა CNN-თან ინტერვიუში.
სკოლაში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერზე, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, კარგად ჩანს, როგორ ეხუტება მოსწავლე მასწავლებელს, მაგრამ იგი მას უმალვე იშორებს. როგორც სკოლის მოხსენებაშია ნათქვამი, ჩახუტების დროს სემის ტუჩები და ლოყები მასწავლებლის ყელს შეეხო და სწორედ ეს ფაქტი გახდა ბრალდების საფუძველი. თავად მოსწავლე ამბობს, რომ მასწავლებლისთვის არ უკოცნია.
მასწავლებლის თქმით, ადრე მან მოზარდი გააფრთხილა, რომ იგი მისი გაურკვეველი ქცევისთვის დაისჯებოდა. მაგრამ მოსწავლე ირწმუნება, რომ არასდროს დაუდანაშაულებიათ და არც გაუფრთხილებიათ.
ფაქტით აღშფოთებულია მოზარდის დედა ეიპრილ მაკნეირი. ქალის თქმით, ვაჟს მან ასწავლა ჩახუტება. "იგი ფეხბურთს თამაშობს. ახლა კი მას სკოლის დროულად დამთავრების, სტიპენდიის მოპოვებისა და კოლეჯში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა წაართვეს",- აღნიშნავს ქალი.
მოზარდის დედა სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
მომზადებულია CNN-ის მიხედვით.