მთავარი პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
უწყება ყოფილი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას "აბსურდულს" უწოდებს და მერაბიშვილზე ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
"ივანე მერაბიშვილის განცხადება არის სრულიად აბსურდული და არ შეესაბამება რეალობას. მთავარი პროკურატურა კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ პირზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს და ხაზს უსვამს - მას შემდეგ რაც მერაბიშვილის ბრალდების სასამართლო პროცესი დასკვნით ფაზაში გადავიდა, ბრალდებულების და მათი გულშემატკივრების მხრიდან სხვადასხვა ქმედებები ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროცესის მონაწილეებზე ზეწოლის განხორციელებას. ასეთ ქმედებას ადგილი ჰქონდა ივანე მერაბიშვილის წინა სასამართლო პროცესზეც, რომლის დროსაც ბრალდების მხარის მოწმის რ. სულამანიძის დაკითხვისას, ამ უკანასკნელის მიმართ განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ზეწოლა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება. ასევე პროცესის შემდგომ ბრალდებულები და დაცვის მხარე რამოდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ, თითქოსდა რ.სულამანიძეს არ მიუცია სასამართლოზე მერაბიშვილის დანაშაულში მამხილებელი ჩვენება, რაც არ შეესაბამება რეალობას და სრულად დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში. ასევე, ამ ბოლო დროს გახშირდა სპეკულირების ფაქტები სხვადასხვა პირების მხრიდან ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეზე, რასაც მთავარი პროკურატურა უკავშირებს აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ქმედებების გააქტიურებას და ამ საქმესთან დაკავშირებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მთავარი პროკურატურა ხაზგასმით აცხადებს, რომ "უსაფუძვლო და არასერიოზული განცხადებების მიუხედავად, უწყება ამ და სხვა საქმეებზე ჩაატარებს სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას და განუხრელად გააგრძელებს მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას".
ამასთან, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა.
"პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ "ვითანამშრომლებდი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის "ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა.