შს სამინისტროს აკადემიის პრორექტორი და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე აქვეყნებს წერილს სათაურით, "პასუხი ყველას, ვინც დღემდე განმიკითხავს". წერილი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევას ეხება, გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნდა. ავტორი დარბევის ღამეს განვითარებულ მოვლენებსა და საკუთარ თავზე გადატანილ ძალადობას დეტალურად ყვება და აცხადებს, რომ ძალაუფლების მიუხედავად, სამაგიერო არავისთვის გადაუხდია.
"26 მაისს, კბილებამდე შეიარაღებული ზონდერების ურიცხვი რაოდენობა დაიძრა მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ... ყველამ ვიცით, სისხლი დაიღვარა... ადამიანები სასტიკად დაასახიჩრეს, შეურაცხყვეს, დაამცირეს და სული ამოგლიჯეს. აი, ასეთი ბრძანება გასცა სააკაშვილმა და მისმა ნაძირალათა ხროვამ!
როცა შემიპყრეს, ათობით ნიღბიანი დამესია და ერთამენთს ეჯიბრებოდნენ, რომელი უფრო მეტ ტკივილს მომაყენებდა. შეურაცხმყვეს, ხორცი დამაგლიჯეს და სამი ხელბორკილი დამადეს. თავისუფლების მოედნამდე მათრიეს და გზადაგზა, ვისაც არ ეზარებოდა, ხელებშეკრულს მირტყამდა, მაფურთხებდა, დედას მაგინებდა. აი, ასე გადამიყვანეს დიღომში, ქალაქის სამმართველოში...
ქალაქის სამმართველოში აგვათრიეს ყველანი. ასობით ადამიანი სისხლით შეღებილი იდგა და იტანდა, როგორ სცემდნენ "სამართალდამცავნი" და ფორმიანი ზონდერები... დაიწყო წამება. ვნახე საშინელება. ქართველი ქართველს გადამეტებულად სცემდა და უკანასკნელი სიტყვებით შეურაცხყოფდა. კაცის კივილი არასოდეს გამიგია და იქ გავიგე... პირველი სართულიდან მეათემდე გაკეთებული ჰქონდათ ე.წ სირცხვილის დერეფანი, სადაც მშიშარა ნიღბიანები, "პოლიციელები" და დამსჯელი რაზმები იყვნენ განლაგებულნი და ამ კიბეებზე აყვანისას სცემდნენ ადამიანებს. ვისაც მივყავდი, გლდანი - ნაძალადევის გამომძიებელს, ვთხოვდი, იქ არ გავეტარებინე, მაგრამ ის ხომ დავალებას ასრულებდა... უმოწყალოდ მირტყამდნენ და დედას მაგინებდნენ... თავისუფლების მოედანზე რკინის ხელკეტი მირტყეს, 4 ადგილას თავი მქონდა გადახსნილი... ამ სირცხვილის დერეფანში კი ისევ უმოწყალოდ მცემდნენ...
არვიცი რომელ სართულზე ამათრიეს. ვხედავდი უამრავ ადამიანს სისხლში მოცურავეს, კედლები სისხლით იყო მორწყული და ყველას გასაგონად დამსჯელი რაზმის მეთაურმა დაიძახა, გიშველოთ ახლა თქვენმა ლიდერმაო და ჩემს თვალწინ დაიწყო ყველას ცემა, ვისაც მისწვდა... ღმერთო, რატომ?! ყველა მახსოვს, ვინც არიან, ყველა დავადგინე...
მთელი ღამე აყენებდნენ ადამიანებს ტკივილს, მთელი ღამე გამწარებული ადამიანების კივილი მესმოდა. ჩემი ტკივილი და ხორცის გლეჯა დამავიწყდა და ვეღარაფერს ვგრძნობდი.
დილით ჩამომათრიეს პირველ სართულზე, საიდანაც სასამართლოში უნდა წავეყვანეთ. ერთმა ნაძირალა "პოლიციელმა" ჩამომახია ტანსაცმელი და ნაცემ-ნაბეგვს სურათები გადამიღო. გული რომ იჯერა ჩემი დამცირებით, მკითხა - შენ ის არ ხარ, პოლიციის შენობაში რომ უშიშრად შემოხვედი და ნივთები დაგვილაგეო? - და წიხლებით დამიწყო უამრავი თანამებრძოლისა და "პოლიციელის" წინ ცემა და თან მამცირებდა უკანასკნელი სიტყვებით... გავნადგურდი სულიერად ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემი ცხოვრება დაცარიელდა... ეს წუთები და წამები გახდა ჩემი, როგორც ადამიანის სულიერი და ფიზიკური დასახიჩრების და ჩემი გარდაცვალების მიზეზი...
იმ ადამიანებს, რომლებმაც გამიმეტეს, მცემეს, დამამცირეს, სული და სხეული მატკინეს, დღეს სიყვარულით ვემსახურები შს სამინისტროში. რატომ? იმიტომ, რომ რაც იყო, აღარასოდეს განმეორდეს და ჩვენში დაგროვილი აგრესია ჩვენს შვილებს არ გადაეცეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება და ყველანაირი ბერკეტი გამაჩნია მოძალადეებს სამაგიერო მივუზღო, პასუხი არავისთვის დამიბრუნებია. ყველას, ვინც მე დიდი ფიზიკური და სულიერი ტკივილი მომაყენა, დღეს გულით ვეუბნები, - მიუხედავად თქვენგან მიღებული დიდი ტკივილისა, მზად ვარ, სიყვარულით გემსახუროთ.
ჩემი მოთმინებით, ჩემი უპასუხობით ვუფრთხილდებოდი ჩვენს ერისკაცს ბიძინა ივანიშვილს და შს მინისტრს, ახლა უკვე პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა.არ დაგილამავთ, ბევრჯერ მიფიქრია, მომეძებნა და სამაგიერო გადამეხადა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დამასახიჩრეს, რკინის ხელკეტებით მცემეს, სისხლში მათრიეს და დამამცირეს, მაგრამ ამ ორ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ვუფრთხილდებოდი.
შეიძლება აღარც ვარ საჭირო, შეიძლება გაცლა და სხვა გზით მსახურება ჯობდეს ჩემი სამშობლოსთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც სიცოცხლე არასოდეს დამენანება. ყოველთვის ვიქნები მათთვის მლოცველი, ვინც ქვეყნისა და ერის მსახურებას იტვირთებს, რადგან ეს მსახურება ძალიან რთულია", - აღნიშნავს ლუკა კურტანიძე წერილში.
"ასავალ-დასავალი"