ჩვენი რუბრიკის სტუმარი, 7 წლის ანასტასია ხაჩიძე, მომღერალ ზურა ხაჩიძის შვილი და ნინი ქარსელაძის დაა. ანასტასია ანტუან დე სენტ ეგზიუპერის სახელობის ფრანგული სკოლის მეორე კლასში სწავლობს და ძალიან მოსწონს სკოლა. განსაკუთრებით ფრანგული და მათემატიკა უყვარს. იგი საკმაოდ გულახდილი და ენაწყლიანი რესპონდენტი აღმოჩნდა, - დიდხანს მესაუბრა, ბოლოს მადლობა ფრანგულ ენაზე გადამიხადა და დამემშვიდობა. თუ რა პროფესიას აირჩევს მომავალში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
- ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარს, იცი, რატომ? იმიტომ, რომ კარგად ვიცი. კარგად ვმღერი. ახალ წელთან დაკავშირებით სკოლაში სპექტაკლს ვდგამთ და ჩემს თანაკლასელებთან ერთად უნდა ვიმღერო. სპექტაკლი მეორე სემესტრშიც გვექნება, სადაც როლს მომცემენ.
- "ქუჩის ბიჭებს" არ ამღერებ კონცერტზე?
- არა, იმიტომ რომ დიდები არიან და სცენაზე ვერ დაეტევიან (იცინის), პატარა სცენაა და იქ პატარები მღერიან.
საუბარში "პიკასო" (ირაკლი ნოზაძე) ჩაერთო და ანასტასიას მიმართა: იმის თქმა დაგავიწყდა, მწარე ჩქმეტის გამო შეჭმას რომ გიპირებ.
- მე კიდევ შენ გაგანადგურებ. (იცინის).
- წიგნების კითხვა გიყვარს?
- ძალიან, ზოგჯერ კითხვის დროს ჭამაც კი მავიწყდება. "რობინ ჰუდი" წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ჩემი ძიძა - ტანია მიკითხავს ხოლმე რუსულ ზღაპრებს, თან წერა-კითხვასაც მასწავლის.
- "ქუჩის ბიჭების" შესრულებით რომელი სიმღერა მოგწონს?
- "თოვლი მოსულა".
- დიდი რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე?
- მომღერალი. როცა სამი წლის ვიყავი, მაშინ პირველი სიმღერა "ყველაზე ლამაზი" ჩავწერე. მაგრამ ახლა ეს აღარ მომწონს (სახის მიმიკებით გადმოსცა განწყობა).
- ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მსახიობი იქნები.
- გეთანხმებით, მსახიობობა მირჩევნია. ასევე ძალიან მომწონს ფრანგული ცეკვები.
- ანასტასია, ჩუმად მითხარი, ისე რომ მამიკომ არ გაიგოს, შეყვარებული გყავს?
- მამიკომ ყველაფერი იცის. კლასში სამი ბიჭი გვყავს და სამივეს ვუყვარვარ. როცა რამეს ვთხოვ, მაშინვე მისრულებენ.მაგრამ არც ერთი არ მომწონს. ზოგჯერ ბიჭები მაბრაზებენ და ამიტომ ვცემ ხოლმე. სამივე ბიჭს ჩემი ძალიან ეშინია (იცინის). ჩემს ძიძა ტანიას ძალიან უნდა, რომ კარატეზე ვიარო.
- ნინი ხომ არ გაბრაზებს?
- როცა პატარა ვიყავი, ნინის ფეხსაცმელს, ტანსაცმელს ვპარავდი და ეგრე დავბაკუნობდი ხოლმე. ნინი ბრაზდებოდა და მიყვიროდა, გიჟი ხარ, გოგოო, აი ასე (სახის გამომეტყველებით ნინის გააჯავრა) ნინი რამდენიმე დღის წინ ჟენევაში გაფრინდა 10 დღით. უკვე მენატრება, მაგრამ ჟენევიდან ქალთევზას კუდი უნდა ჩამომიტანოს და მიხარია.
- ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვინაა?
- აზრზე არ ვარ, იმიტომ რომ პოლიტიკას არ ვუყურებ.
- არც ძველი პრეზიდენტის სახელი იცი?
- მიშა სააკაშვილის გვარი გამიგია და ნანახიც მყავს ტელევიზორში, ახალი არ ვიცი, ვინაა. მგონი გიორგი ჰქვია, გვარი დამავიწყდა.
- არ გინდა პრეზიდენტი იყო?
- არაა, არც კაბინეტი მინდა და არც მანქანები.
- მერი ვინ არის?
- მერი გოგოს სახელია და ჩემს კლასელს ჰქვია.
- პარლამენტი რას ნიშნავს?
- სიგარეტს.
- შენი მამიკო ადრე არჩევნებში მონაწილეობდა, იცი, რა არის არჩევნები?
- არჩევნების პლაკატი მაქვს სახლში. მამიკოს ადრე ვყავდი არჩევნებზე. მე დროშები მეჭირა ხელში, მამიკოს ასისტენტი ვიყავი, მაგრამ არჩევნები რა არის, არ მახსოვს.
- ასისტენტი რას ნიშნავს?
- როცა მომღერალი ხარ, მაგრამ ზარმაცობ და გინდა, რომ სულ ვიღაცამ რაღაც გაგიკეთოს. ასისტენტი იგივე დამხმარეა, გიგეგმავს შეხვედრებს, როცა სადმე გადაცემაში გეპატიჟებიან, ის ათანხმებს. მე მხოლოდ ჩემი მამიკოს დამხმარე ვარ.
- ჯარი რას საქმიანობს?
- ადამიანები ჯარში მიდიან, მერე კი ომში იღებენ მონაწილეობას და თავის ქვეყანას იცავენ.
- ანასტასია, რაზე ოცნებობ?
- კარგად რომ ვიყოთ. როცა ეკლესიაში მივდივარ მამიკოსთან ერთად, ან მაღაზიაში, ან სადმე სხვაგან, ქუჩაში იმ ხალხს ვხვდებით, ვისაც ფული არა აქვს და ვეხმარებით ხოლმე. სკოლაშიც ვაგროვებთ მზრუნველობამოკლებული პატარებისთვის ნივთებს და მეც წავიღე.
- ფეხბურთი თუ გიყვარს?
- კი, სკოლაში ჩემს მეგობრებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობ და კარში ვდგავარ. ჩემს კარში გოლს ვერავინ აგდებს.
- საყვარელი ფეხბურთელი...
- მერაბი (მერაბ ჟორდანია, ანასტასიას ბიძა), საყვარელი კლუბი კი ჰოლანდიის "ვიტესი". მერაბი რომ ჩამოდის ხოლმე, ძალიან ბევრი საჩუქარი ჩამოაქვს ჩემთვის, როცა მე მივდივარ ჰოლანდიაში ბიძასთან, ხაჭაპურები და ჩურჩხელები მიმაქვს. ჩემს ბიძაშვილებს - ლევანს და კახის ფეხბურთს ვეთამაშები ხოლმე.
- რომელი გადაცემები მოგწონს?
- არც ერთი. ჩემი საყვარელი საბავშვო არხები მაქვს და იმას ვუყურებ, იქ ლოგიკური გადაცემებია ხოლმე. პირველად მაიას გადაცემა "პროფილში" გამოვედი და ვიმღერე. ყურში გეტყვი რაღაცას (მეჩურჩულება): მაია ასათიანი ჩემი დაქალი არ გეგონოს.
- მალე თოვლის ბაბუა მოვა, რა გინდა, რომ მოგიტანოს?
- ქვეყნის რაღაც. ჯერ არ მიმიწერია წერილი, მაგრამ თქვენ დაწერეთ გაზეთში, რომ მომიტანოს ნამდვილი გიტარა, კიდევ სათამაშო ძაღლი, რომელიც თავს აქანებს და ყეფს. თოვლის ბაბუა ლაპლანდიიდან მოდის საჩუქრებით და ნაძვის ხის ქვეშ გვიტოვებს.
თეკლა ტუღუში
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)