რამდენიმე დღის წინ, ასეთი სახის მესიჯი მივიღეთ: "მაინტერესებს, რატომ არ ხდება დედაკაცის მღვდლად, სასულიერო პირად კურთხევა? რატომ არ ქადაგებენ ქალები ამბიონიდან? სახარებიდან ცნობილია, რომ მიწიერი მოღვაწეობის პერიოდში უფალს ქალებიც დაჰყვებოდნენ თან, რომლებიც მენელსაცხებლე დედებად იწოდებიან. მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ისინიც ქადაგებდნენ ქრისტეს სჯულს, თუმცა არც ერთი მათგანი მოციქულად არ იხსენიება და არც საღვთისმსახურო მოღვაწეობას ეწეოდნენ. იქნებ გვიამბოთ, რა მისია ეკისრათ მენელსაცხებლე დედებს და რატომ არ არის დედაკაცი მამაკაცის თანასწორი ამ თვალსაზრისით?" შევეცდებით, ამომწურავად გავცეთ პასუხი ჩვენი მკითხველის შეკითხვას...
არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- მაცხოვარს უამრავი მოწაფე ჰყავდა, რომელთა წინაშეც სასწაულები აღასრულა. ამის შემდეგ ისინი განუწყვეტლივ დაჰყვებოდნენ მაცხოვარს. მათ შორის იყვნენ დედებიც, რომლებიც როგორც სახარება მოგვითხრობს, თავიანთი სიმდაბლითა და შრომით ემსახურებოდნენ უფალს. მათ შორის იყო მარიამ მაგდალინელი. ამ ადამიანების უმეტესობამ საკუთარ თავზე განიცადა უფლის მიერ აღსრულებული სასწაული. ეკლესიის მამათა ნაწილი გვეუბნება, რომ ის დედაკაცი, რომელიც მაცხოვართან მიიყვანეს, მრუშობისთვის რომ ჩაექოლათ, იყო მარიამ მაგდალინელი, რომელიც გამოიხსნა რა უფალმა ამ მიწიერი სასჯელისგან, ამის შემდეგ განუშორებლად იყო უფალთან და ქრისტეს ერთ-ერთი ურჩეულესი მოწაფე და მისი მიმდევარი შეიქნა. ასევე იყვნენ ის მენელსაცხებლე დედები, რომლებიც შემდეგ მაცხოვრის საფლავზე მივიდნენ, რათა მისი გვამი ნელსაცხებლით შეემურათ. ისინი არა ჯვარცმის პერიოდში შეიკრიბნენ ქრისტეს გარშემო, არამედ მანამდე, - უმეტესი ხანი მაცხოვართან იყვნენ განუშორებლად, მაცხოვრის სასწაულების უმეტესობა თავიანთი თვალით ჰქონდათ ნანახი და მაცხოვრის სწავლებები თავად ქრისტესგან ჰქონდათ მოსმენილი.
- მაცხოვრის ჯვარცმის მომენტში უფლის მოწაფე დედებში გაცილებით მტკიცე სარწმუნოება ჩანს, ვიდრე - მოციქულებში. რა იყო ამის მიზეზი?
- დედაკაცის ბუნება სხვაა და მამაკაცის - სხვა. როდესაც ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფალი მოციქულებს გამოეცხადა, მიმართა მათ: "მშვიდობა თქვენ თანა". წმინდა მამები სახარების ამ ადგილზე საუბრისას ბრძანებენ, - უფალი ასე დაჟინებით იმის გამო ეუბნება მოციქულებს, რადგან ისინი იყვნენ მამაკაცები, მათი გული შურისძიების სურვილით იყო აღვსილი თავიანთი მასწავლებლისა და მოძღვრის ჯვარცმის გამო. ამიტომაც მოუწოდებს, დამშვიდდნენ და აკეთონ ის, რაც მაცხოვარმა დაავალა და ერთგულება გამოამჟღავნონ იმით, რომ მაცხოვრის სწავლება გაავრცელონ. დედები კი იდგნენ მაცხოვრის ჯვართან და სწორედ დედაკაცის ბუნებიდან გამომდინარე, იმას კი არ ფიქრობდნენ, რომ შური ეძიათ მაცხოვრის ჯვარცმის გამო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვარზე ფიქრობდნენ. რა თქმა უნდა, მოციქულების აზრიც მაცხოვარზე იყო კონცენტრირებული, მაგრამ ისინი სხვანაირად ფიქრობდნენ - შურისძიება სურდათ. სწორედ ამის გამო შეშინებულნი და დაბნეულები იყვნენ. თანაც, განსაცდელის, მწუხარების ჟამს დედათა ბუნება უფრო მტკიცეა, ამასთან მენელსაცხებლე დედები იყვნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, ისინი წმინდა ქალწულის მოწაფეებიც იყვნენ, რომელმაც თავად უწყოდა, როგორ არაბუნებრივი წესით დაიბადა მისი ძე. სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გააერთიანა მენელსაცხებლე დედები უფლის ჯვართან.
- სახარებიდანაც ჩანს, რომ უფლის აღდგომის შემდეგ, ქრისტეს 120 მოწაფეს შორის მენელსაცხებლე დედებიც არიან და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ისინიც ქადაგებენ ღვთის სიტყვას, მაგრამ მათ ჰქონდათ მხოლოდ მოციქულებრივი ანუ მოციქულთა სწორი ღვაწლი...
- უფლის მოციქულები იყვნენ ხელდასხმულნი, მათ მინიჭებული ჰქონდათ მღვდელმთავრებზე ზეაღმატებული უფლება, შეეძლოთ ქორეპისკოპოსთა ერთპიროვნულად ხელდასხმა მაშინ, როდესაც ეკლესიის სწავლებით, ეპისკოპოსად ხელდასხმისთვის აუცილებელია მინიმუმ ორი ეპისკოპოსი. მოციქულები აღასრულებდნენ ხელდასხმას, ნათლობებს, წირვებსა და სხვა მსახურებებს. სწორედ იმიტომ არ იწოდება დედათა მოღვაწეობა მოციქულთა მოღვაწეობად - მოციქულობა ქადაგების გარდა იყო ხელდასხმულობა ღვთისმსახურებაში. დედები, რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვას ავრცელებდნენ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ სამღვდელო უფლება. თავად ეკლესიაც მოციქულებს უწოდებს არა მარტო ღვთის სიტყვის გამავრცელებელს, არამედ მათ, ვისაც აქვს სამღვდელო ხარისხიც.
- უფალს არა მარტო მენელსაცხებლე დედები, არამედ სხვა დედაკაცებიც ემსახურებოდნენ ღვთის სიტყვის გავრცელებითა თუ სხვა სახის ღვაწლით, თუმცა დედაკაცს არა აქვს ღვთისმსახურებისა და ამბიონიდან ქადაგების უფლება. რატომ?
- დედაკაცს მღვდელმსახურების უფლება არც ძველი აღთქმის პერიოდში ჰქონდა. ბიბლიის თანახმად, უფალმა ადამი შექმნა სრულყოფილებაში ანუ ადამი იყო სრულყოფილი ადამიანი, მაგრამ შემდეგ ადამმა მოიწყინა, უფალმა მისგან გამოიღო ნაწილი და შექმნა დედაკაცი. ამდენად, უფალს დედაკაცი არ შეუქმნია სრულყოფილებაში. სრულყოფილი იყო ადამი. ბუნებით მამაკაციც და დედაკაციც არის სრულყოფილი, მაგრამ დედაკაცი არის მამაკაცის ნაწილი. ამიტომ თავისთავად, უპირატესობა დარჩა ადამს, რადგან ევა შეიქმნა ადამისთვის და არა ევასთვის - ადამი. ამის გამო მამაკაცი არის წარმმართველი იმ დროიდან, როდესაც უფალმა მცნება მისცა ადამიანებს. მან მცნება მისცა არა ადამს და ევას, არამედ - ადამს. მცნების დარღვევის, ცოდვით დაცემის შემდეგაც მხოლოდ ადამს სთხოვს პასუხს, - აკრძალული ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამიაო? აქედან გამომდინარე, ღვთისგან სწორედ ადამს ჰქონდა მიცემული ღვთის მსახურების უფლება. როდესაც ადამიანები ამ ქვეყნიდან გადასახლდებიან ზეციურ სამყოფელში, უკვე მამაკაცსა და დედაკაცს შორის არავითარი სხვაობა არ იქნება, ხოლო დედამიწაზე დედაკაცსა და მამაკაცს შორის უპირველესი სხვაობა არის სწორედ ის, რომ მამაკაცს შეუძლია მღვდელმსახურება, დედაკაცს - არა. დედაკაცი შექმნა მამაკაცის შემწედ, დამხმარედ. დედაკაცი არ შეიძლება იყოს მეკავშირე ადამიანსა და ღმერთს შორის.
- რატომ ეწოდათ მაცხოვრის მოწაფე დედებს მენელსაცხებლე დედები?
- როდესაც ნიკოდიმოსმა გარდამოხსნა მაცხოვარი, ისინი იქ იყვნენ და მონაწილეობდნენ მაცხოვრის შემურვაში. ასევე იმის გამო, რომ მაცხოვრის დაფვლის შემდეგ მათ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა თავიანთი მოძღვრის სხეულისთვის ეცხოთ. მაცხოვარი ჯვარს აცვეს პარასკევს. შემდეგ შაბათი დგებოდა, უქმე იწყებოდა და იუდეველებმა ნაჩქარევად დადეს საფლავად მაცხოვარი. უფლის მოწაფე დედებმა არაფერი გააკეთეს, ხოლო მესამე დღეს, განთიადისას, როდესაც კვირა დღე დადგა და ძველი სჯულის მიხედვით შრომა შეეძლოთ, დედებმა ნელსაცხებელი იყიდეს და მაცხოვრის საფლავისკენ გაემართნენ, რათა მისი სხეულისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ, თუმცა ვიცით, რომ მათ მაცხოვარი უკვე მკვდრეთით აღმდგარი დახვდათ.
(გამოდის ხუთშაბათობით)