კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "ქრონიკას" იმ საფრთხეებზე ესაუბრა, რაც შეიძლება საქართველოში ადრიან გაზაფხულზე თავს დაგვატყდეს. Ambebi.ge გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას.
- სოსო ჯაჭვლიანის ბარამიძისადმი ნასროლი ფრაზა: "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", იყო ათასობით გამწარებული ადამიანის სკანდირება. თუმცა გაჩნდა ოპონენტების ეჭვი, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი, ერთი წლის მანძილზე ჯაჭვლიანს ხმა არ ამოუღია და მაშინ, როცა უკრაინის ხალხისადმი სოლიდარობა უნდა გამოეცხადებინა პარლამენტს და ბიუჯეტი მიეღო საკანონმდებლო ორგანოს, მოხდა ინციდენტი და ის დღეც ჩავარდაო. როგორ ფიქრობთ, ვის მხარეს არის სიმართლე?
- მართალია, არ არის გამართლებული ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს იყო მძიმედ საყურებელი. უფრო მძიმე სანახაობებიც გვინახავს "ნაციონალების" მხრიდან. საკითხი დგას სხვანაირად, ვინ და რის გამო იჩხუბა. მე ვიტყოდი, რომ ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც სოსოს მიეხმარა ჩხუბის დროს და გვერდით დაუდგა, ღირსეულად მოიქცა. ორივე მათგანმა გააკეთა ის, რისი გაკეთებაც უნდოდა ამ ხნის მანძილზე სვანეთის მოსალეობას და არა მარტო სვანებს, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობა გამოხატეს.
ვინც არ იცის შურისძიების ანატომია, ვისაც კაცურად არასოდეს უცხოვრია, ვინც მხოლოდ დეკლარირებული განცხადებებითა და სადღეგრძელოებით ცხოვრობს და შარვალი რომ აცვიათ, კაცობა ეს ჰგონიათ, მათ უნდა იცოდნენ - თუ არ აღდგა სამართლიანობა, შეურაცხყოფილებმა, გაუპატიურებულებმა, მასხრადაგდებულებმა და "ნაციონალებისგან" დამცირებულებმა ვერ დაინახეს, რომ სახელმწიფო არის გარანტი სამართლიანობის, რომ სახელმწიფო არასოდეს არ მისცემს უფლებას სახელმწიფო მოხელეს, ჩინოვნიკს, რომ დაჩაგროს ადამიანი, მაშინ ადამიანები თვითონ იწყებენ შურისძიებას.
ის დაპირისპირება, რაც პარლამენტში მოხდა, არის მხოლოდ დასაწყისი და რაც ზოგიერთ "ნაციონალს" დაემართა პარლამენტში, მალე ქუჩაში გადმოინაცვლებს. მე მაქვს მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოსახლეობაში არის ისეთი განწყობა, როგორც ეს იყო თავის დროზე ესპანეთში წითელი ტერორის სახელით, როცა მოსახლეობამ თავად გადაწყვიტა ხელისუფლების უმსგავსო წარმომადგენლებზე იერიშის მიტანა მარტო იმიტომ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამნაშავის დასჯა.
- "ნაციონალებმა" ეს ინციდენტი სხვა კალაპოტში გადააგდეს, ყველაზე მძიმე ბრალდებით გამოვდნენ, რომ ხელისუფლება აღვივებს კუთხურ შუღლს და ჯაჭვლიანის ინციდენტის მიღმა რუსული სპეცსამსახურების ხელი დაინახეს... ერთი მხრივ, ისინი ითხოვენ ჯაჭვლიანის დასჯას, ხოლო მეორე მხრივ, უმრავლესობა არ ითხოვს, არგუმენტირებულად დაასაბუთონ ეს მძიმე ბრალდებები.
- მე ვერ გეტყვით, რომ აქ იკვეთება რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესები, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საქმიანობა წლების მანძილზე, რომლებმაც ტერიტორიები ოფიციალურად დაუკანონეს რუსეთს და საქართველოში ანტიდასავლური განწყობილება გააძლიერეს, ბევრად უფრო პრორუსული იყო, ვიდრე განაწყენებული ადამიანის ფიზიკური აგრესია.
გარდა ამისა, მინდა "ნაციონალურ მოძრაობას" ვუთხრა, ეს არ არის ეთნიკური კონფლიქტი, ესენი არიან ქართველები სვანეთიდან და ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივება მათ უწიგნურობაზე მეტყველებს. თქვენ არ გაიგოთ ისე, რომ ამ ინციდენტს ვამართლებდე, მე მინდა იმის თქმა, რომ ეს ინციდენტი იყო შედეგი და ეს შედეგიც იმიტომ დადგა, რომ მას აქვს გამომწვევი მიზეზები და ამ მიზეზების განეიტრალება თავის დროზე არ მოხდა.
- პარლამენტის თავმჯდომარეს "ნაციონალები" სთხოვენ ჯაჭვლიანის დასჯას და მას ხელფასი ჩამოეჭრება იმ ინციდენტის გამო. "ოცნება" მორჩილად დასთანხმდა "ნაცების" მოთხოვნას, თუმცა, შესაბამის სტრუქტურებს ბარამიძე არ დაუკითხავთ იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინა აფრასიძის ოჯახის გადაბუგვის შემთხვევაში. კერძოდ, შეეძლო თუ არა კრიმინალთან მოლაპარაკების გზით განეიტრალება, მიმართა თუ არა ყველა ოპერატიულ ღონისძიებას და იყო თუ არა პოლიტიკური ნება, მომხდარიყო მკვლელობა, რათა სვანები "დაეჩმორებინათ", როგორც ამას ამბობდნენ "ნაციონალები" - "სვანები ხომ მაინც დავაჩმორეთო" - დღეს ბარამიძე გამოდის და აცხადებს, - იგივეს გავაკეთებდი, როგორც მოვიქეციო... არის ეს დანაშაული?
- მინდა თქვენს მკითხველს შევახსენო, - როცა "ნაციონალური მოძრაობა" იყო ჩანასახში და "მოქალაქეთა კავშირის" შემდაგენლობაში, ისინი ურტყამდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, "ნაცმოძრაობა" ურტყამდა თავის ოპონენტებს მისი მმართველობის მეორე პერიოდშიც. მოკლედ, "ნაციონალური მოძრაობა" თავს ესხმოდა და ანადგურებდა ოპონენტებს პარლამენტში, ჩუმად კაბინეტებში, ისინი ხოცავდნენ ადამიანებს ქუჩებში, აუპატიურებდნენ პატიმრებს საკნებში და მასხრად იგდებდნენ მედიასაშუალებებით, მაგრამ თითქოს, არაფერი არ მომხდარა და ასეც უნდა ყოფილიყო, მათ ყველაფერი შერჩათ და ეპატიათ, მაგრამ ხალხი მათ დანაშაულს არ აპატიებს. ბარამიძესა და "ნაცმოძრაობის" დამნაშავე რეჟიმს ურჩევნია, სამართლის წინაშე პასუხი აგონ და რამდენიმე სერიოზულ კითხვას გასცეს ბარამიძემ პასუხი.
მსოფლიოში არსად არ მიაქვთ შეტევა კიმინალებზე იმ ადგილას, სადაც იმყოფებიან მოხუცები, ქალები და ბავშვები. ბავშვებს რომ სახლში ეძინათ და სახლში იმყოფებოდნენ ქალები, ბარამიძეს არ ჰქონდა უფლება სპეცრაზმითა და 12 თვითმფრინავით დაებომბა და მიეტანა იერიში, მაგრამ საქმე ის გახლავთ, წარმოშობით სვანი, კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი დიდ როლს თამაშობდა "ვარდების რევოლუციის" დროს, მას დიდი წვლილი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებაში, შესაბამისად, ონიანის გავლენა სვანეთში დიდი იყო. შემდგომ, როგორც ყველა, ტარიელ ონიანიც ისე გადააგდო სააკაშვილმა და "ნაცელიტამ" შესაბამისად, ამ დაჯგუფებას გაუჩნდა შიში, რომ ტარიელ ონიანი სხვა კრიმინალ ავტორიტეტებთან ერთად თავის ძალას გააერთიანებდა და საფრთხეს შეუქმნიდა. სწორედ ამ მოტივაციით მიიტანეს იერიში კრიმინალ აფრასიძეებზე. მათი ამოხოცვა იყო მიზეზი, დაეშინებინათ შავი სამყარო და ზოგადად, სვანები. მეტსაც გეტყვით, იმ პერიოდში, როცა აფრასიძეების ოჯახი ამოწყვიტეს, საქართველოს სხვა კუთხეებში ბევრად უფრო საშიში კრიმინალები თავისუფლად მოძრაობდნენ.
არსებობდა ცივილური საშუალება კრიმინალების ალაგმვის, მაგრამ "ნაციონალებმა" არც ერთი მეთოდი არ გამოიყენეს. ამიხსენით, სად გაგონილა დაჭრილის დახვრეტა, თუ პოლიციის მიზანი არის ის, რომ კრიმინალი დაჭრა და ისე გაანეიტრალო, აფრასიძეები დაჭრეს, მაგრამ საქმე ის არის, დაჭრილი მოკლეს. ეს ნიშნავს, რომ დავალებით მოქმედებ. გამოდის, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შეუკვეთა. მინისტრმა თუ კრიმინალმა. როცა შეკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს საქმე, ესე იგი კრიმინალი ხარ, ამ დავალებას რომ გასცემ. აი, ბარამიძეს ამაზე აქვს პასუხი მოსათხოვი.
მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ცნება კოჰაბიტაციას, რომელიც საქართველოში დასავლეთიდან შემოიტანა პოდიუმის პოლიტიკოსმა ირაკლი ალასანიამ, დღეს სულ სხვა დატვირთვა აქვს, კერძოდ, რატომღაც მგონია, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები და "ნაცმოძრაობის" ლიდერები, სამომავლოდ მაინც ერთად მოიაზრებენ თავს, პროდასავლური ორიენტაციის მოტივით.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი უღირსი და პოლიტიკურად მკვდარი პოლიტიკოსი გაცოცხლდა კოალიციაში, სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა მთელი წლის განმავლობაში ხალხისა და ქვეყნის სასარგებლოდ ვერაფერი გააკეთეს, ან არ გააკეთეს. სიმართლე გითხრათ, მათ ამის სურვილი არც ჰქონიათ, ამათი მიზანი იყო მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლა. აღმოჩნდნენ კომფორტულ სიტუაციაში, პრივილეგირებულ მდგომარეობაში და დაიწყეს პირადი ინტერესების დაკმაყოფილება. სამომავლო პერსპექტივას "ქართულ ოცნებაში" ვერ ხედავენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი შესაძლებლობები ხალხში ისეთი თვალნათელი გახდა, ხვალ და ზეგ ვერც ერთ არჩევნებს ვერ მოიგებენ, მით უმეტეს, ახალმა პრემიერმა განახლება დაიწყო როგორც პარტიის, ისე მთავრობის. ასე რომ, მათ აწყობთ, გააძლიერონ ოპოზიცია, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს აწყობთ, რომ თავისი სიჩუმით ხელი შეუწყონ "ნაცმოძრაობის" გაძლიერებას, არაპირდაპირ დაასუსტოს კოალიცია "ქართული ოცნება" და შემდგომ, გადმობარგდნენ ახალ კოალიციაში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას თავს წარუდგენს როგორც ახალი კოალიცია და პოლიტიკური ძალა და მას ერქმევა საქართველოს "თავისუფლებისთვის მებრძოლი" ძალა.
- თქვენ გულისხმობთ "რესპუბლიკელების", ალასანიას პარტიისა და "ნაციონალების" სამომავლო კოალიციას, ამ თემაზე არაერთხელ გამოგითქვამთ აზრი, ფიქრობთ, რომ მათ შორის კულუარული გარიგებები დაწყებულია?..
- დიახ, ასეა, მათ შორის გაგირებები დაწყებულია. მეტიც, ამაში უკვე დარწმუნებული ვარ. ჩემი ინფორმაციით, მათ შორის იმართება კულუარული საუბრები, მიმდინარეობს ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლა და მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, მათ გარშემო ერთი და იგივე ბიზნესმენები ტრიალებენ. ეს ნიშნავს, რომ მათ გარშემო ერთი და იგივე წარმომავლობის კაპიტალი ბრუნავს. მე თქვენ გეტყვით ერთ რამეს, ეს პროცესები თვალსაჩინო გახდება გაზაფხულზე, ადგილობრივი არჩევნების წინ, დაახლოებით მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში.
თებერვალში სოჭის ოლიმპიადა დამთავრებული იქნება, ამასობაში მეტ-ნაკლებად გაირკვევა უკრაინის საკითხი და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უფრო მეტად მოიცლის მოლდოვისა და საქართველოსთვის, რაც ამ ძალებს მისცემს საშუალებას, დადგნენ ერთ პლატფორმაზე და გამოხატონ ერთი პოზიცია.
ეს იქნება პირველი ნათელი მაგალითი, რასაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეუწყობს ხელს. ერთი რამ გახსოვდეთ, თუ ქვეყანაში შეიქმნება ეკონომიკური კრიზისი და უმაყოფილო ხალხის ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება, ნებისმიერ პოლიტიკოსს შეეძლება ხალხის ქუჩაში გამოყვანა. სააკაშვილი სწორედაც ამისთვის ემზადება, გამოიყენოს ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაცია და დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რას ეუბნება სააკაშვილი ევროპელ ლიდერებს, ის არწმუნებს, რომ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობაა" საქართველოში პროდასავლური ძალა, მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობაა" ის პოლოიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია შექმნას ქვეყანაში და შესაბამისად, კავკასიის რეგიონში.
- და მაინც, რა შეიძლება გახდეს "ნაცმოძრაობის" მობრუნების მიზეზი?
- მინდა ვუთხრა თქვენს მკითხველს, დასავლეთში ყველაზე სენსიტიური თემებია ტერორიზმი, ადამიანის უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით ეთნიკური, რელიგიური კონფლიქტები და ეკონომიკური კრიზისი. ახლა თქვენ თვითონ დაფიქრდით, რატომ აღვივებენ "ნაციონალები" ხუთივე თემას, "ნაციონალურ მოძრაობას" რევოლუციის გზით მოსვლის გარდა, სხვა გზა არა აქვთ. მათ არჩევნებით აღარავინ აირჩევს, თუმცა ეჭვი მეპარება, ხელისუფლებამ ამ ზომამდე მიიყვანოს ხალხი, რომ "ნაციონალებმა" შექმნილი კრიზისით ისარგებლონ და რევოლუცია მოაწყონ. ხელისუფლება, ალბათ, მაინც ვადამდელი არჩევნების გზით წავა. ვადამდელ არჩევნებს კი "ნაციონალები" ვერ მოიგებენ.
- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება რატომ უწყობს ხელს ამ განწყობების გაღვივებას. არ გასამართლდა დამნაშავე რეჟიმი, რაც იყო ხალხის მოთხოვნა, არ აღდგა სამართლიანობა, რაც იყო მათი დაპირება, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან...
- მეტსაც გეტყვით, პირადად მე ვინც დამდევდა და მებრძოდა, დღეს ისინი ხელისუფლებაში არიან. მე მინდა სენსაციური განცხადება გავაკეთო, 2013 წელს, 600 მილიონზე მეტი ფული გავიდა საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ოფშორულ ზონებში. ხაზს ვუსვამ, ეს მარტო "ნაციონალების" ფული არ არის, სამართალდამცავებმა გაარკვიონ, ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ვისგან და რამდენი აიღო ქრთამის სახით და მეორე, 2013 წელს, ქართული ბიზნესის მოგება იყო 7 მილიარდ ლარამდე. რაღაც ნაწილი გადასახადებში გადაიხადეს, დანარჩენი არის "დაუსაქმებელი ფული", რომელიც ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ. უარეს შემთხვევაში კი ეს თანხები გადაიქაჩება საქართველოდან ქვეყნის გარეთ. ეს მაშინ, როცა საქართველო მსოფლიო ბანკისგან ვალს იღებს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აღურიცხავი ფულის ბრუნვის პრობლემაა საქართველოში. კიდევ უფრო მეტად გამწვავებული, ვიდრე იყო, ისევე, როგორც აღრიცხული ფულის, რაც იმას ნინავს, რომ მთავარმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს იმ 600 მილიონი ლარიდან, რომელიც ქვეყნიდან გავიდა, რამდენი იყო "ნაციონალების" ფული და რამდენი "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლის. ამ უკანასკნელებმა ქრთამის სახით მიიღეს ეს თანხა ფულების გატანისთვის. კეთილი ინებონ და თავად გაარკვიონ, მე მათ სახელებსა და გვარებს არ ვასახელებ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია.
- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ეროვნული ბანკის ანგარიშების გახსნის შემდეგ, ძალიან ბევრ რამეს ფარდა აეხდებოდა. თქვენი ინფორმაციით, ხელისუფლებას აქვს უკვე ეროვნული ბანკის ტრანსაქციებზე წვდომა?
- აქვს, მაგრამ არ ვიცი, რა ხდება. ვერ გეტყვით, რატომ იკავებენ თავს გადასინჯონ და შეისწავლონ ტრანსაქციები, გაასაჯაროონ ეს საკითხი, ამ საკითხზე ჩვენი მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ ველოდებით ახალგაზრდა ხელისუფლების რადიკალურ ნაბიჯებს. ეს ყველაფერი კი ვფიქრობთ, აპრილამდე უნდა დაიწყოს. კერძოდ, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ამ დროისთვის რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, ის უნდა ემსახურებოდეს სამართალს და არა რომელიმე ჯგუფის ინტერესებს. ის არ უნდა ფიქრობდეს დასავლეთის პოლიტიკურ ელიტას რა ეწყინება და რა არა, უნდა აღადგინოს სამართალი. 2013 წლიდან დღემდე, ახალი ჩინოვნიკებისა და მინისტრების საქმიანობას გადახედონ.
მე ვაფრთხილებ იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც გადასული არიან ფულის კეთებაზე და საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე, შეიძლება ახალ ხელისუფლებას ეს ძვირად დაუჯდეს და "ნაციონალებმა" სხვა მოტივაციასთან ერთად ეს საკითხიც გამოიყენონ. ამიტომ, საჭიროა დროულად იქნას გადახედილი თითოეული თანამდებობის პირის საქმიანობა.
ნინო სამხარაძე
გაზეთი "ქრონიკა"