ცნობილი კინორეჟისორი, გიორგი შენგელაია ოპტიმისტურ ნოტაზეა... მისი აზრით, რუსეთი ჩვენ ვერ გაგვიკეთებს იმას, რასაც უკეთებს უკრაინას. მართალია, ქვეყანაში არიან სულელები, ავთო ბერიძის თამადობით, მაგრამ ისინი უახლოეს ხანში ჩაირეცხებიან და ძალაუფლება მთლიანად ნორმალური ადამიანების ხელში გადავა. ამ თემაზე დეტალურად "ქრონიკას" თავად გიორგი შენგელაია ესაუბრება.
- ბატონო გიორგი, რაღა დაგიმალოთ და... მეგონა, პესიმისტურ ხასიათზე დამხვდებოდით, იქნებ ჩვენც გაგვახაროთ?
- ჩვენი შედარება უკრაინასთან უკვე ძნელია, ჩვენ ისე არა ვართ რუსეთზე დამოკიდებული, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, წაგვლეკოს, რუსებმა გააკეთეს უკვე, რაც უნდოდათ, ტერიტორიები წაგვართვეს. აი, ახლა, საქმე რაშია, იცი?.. მე თავის დროზე ძალიან ახლოს ვიყავი ელცინის მთავრობის წევრებთან, განსაკუთრებით სახელმწიფო მდივანთან, ბურბულისთან. ეს იყო ფილოსოფოსი, რომელიც ელცინმა წამოიყვანა სვერდლოვსკიდან, მერაბ მამარდაშვილზე გიჟდებოდა და აქ რომ პრობლემები იყო, მე მაგასთან ჩავედი მოსკოვში. ამ კაცმა მითხრა, ჩვენ არ გვინდა არაფერი, მხოლოდ რუსეთის ცალკე ყოფნა გვინდაო. მაშინ ეს მყარი პოზიცია იყო. ახლა პუტინმა მოიგონა, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის აღდგენა. ძალიან ძნელია რუსეთის წინააღმდეგ გამოხვიდე, ეს არის ჩეხოვისა და ტოლსტოის ქვეყანა, იქ იყო ლენინიც, იყო ტროცკიც, მაგრამ პერსპექტივაში, რუსეთი მაინც ევროპული ქვეყანაა, ამ ყველაფერს ამუხრუჭებს პუტინი, პირწავარდნილი "კაგებეშნიკია". ადრე მე ამერიკაში ვიყავი ერთ-ერთ სენატორთან სტუმრად, მაშინ ჯერ არ იყო გორბაჩოვის ამბები მომხდარი, მე დავუწყე მას პოლიტიკაზე ლაპარაკი და მან მითხრა: ბატონო გიორგი, საბჭოთა კავშირში კომუნისტური პარტია კი არ მართავს ქვეყანას, არამედ "კაგებეო". ახლაც რუსეთს მართავს "კაგებე" და მისი წარმომადგენელი პუტინი. ახლა სააკაშვილს რომ ვაგინებთ, ეს გასაგებია, ამ ადამიანმა სხვანაირად გააკეთა ყველაფერი, ისევ რუსეთისთვის გააკეთა, თორემ რაღაც ნიუანსებში არ ტყუის. ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ, რაც ახლა გავაფორმეთ, ეს იყო გასაკეთებელი.
- ბატონო გიორგი, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, არის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის კართან რიგში დგანან, თუნდაც თურქეთი.
- თურქეთში სხვა პრობლემებია, იქ ეთნიკური და რელიგიური პრობლემებია. ჩვენ და უკრაინაც ქრისტიანები ვართ, მთელი თურქეთი მუსლიმანია. მე აბსოლუტურად მესმის ანგელა მერკელის, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგება ამ საკითხს, თურქეთისთვის ჯერ ადრეა. უკრაინის არმიღება ევროკავშირში, ეს არის სასაცილო, სიტუაცია იმიტომ გამწვავდა, რომ იანუკოვიჩი პუტინის ანტიპოდია, ეგეც ძველი ბიჭია და იძახის, ჩემი დედა ვატირეო... დონეცკი მხარს უჭერს და ამით სარგებლობს.
- კი მაგრამ, ჩვენც გვაქვს ეთნიკური პრობლემები, დაკარგული გვაქვს ტერიტორიები, როგორ გინდა ამის გარეშე შეხვიდე ევროკავშირში?
- გვიღებენ, ძმაო, და ჩვენთან ერთდა იმუშავებენ ამის აღდგენაზე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა რომ აღდგება, მაგაში ეჭვი არ მეპარება. მთელი ამერიკა და ევროპა ამ საკითხს აწვება, საქართველო უნდა აღდგეს თავის საზღვრებში. როცა ელცინის დროს საბჭოთა კავშირი იშლებოდა, იქ დევს ხელმოწერილი დოკუმენტები იმის თოაბაზე, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები უნდა დარჩნენ არსებულ საზღვრებში, ეს ჩვენი დიდი კოზირია.
- საქართველოში შეიქმნა რაღაც სახალხო მოძრაობა, რომელიც ორი დღის წინ ჩავიდა შიდა ქართლში, ანუ საზღვრისპირა სოფლებში. მე ვნახე ვიდეოჩანაწერი, სადაც მოსახლეობა ამბობს, რომ ჩვენი გამოსავალი რუსეთშია.
- ეგ არის ერთი მომენტი, სოფლის ხალხის განწყობა კარგად ვიცი, საბჭოთა კავშირის დროს იყო მიმოსვლა, წაიღებდნენ მოსავალს რუსეთში, გაყიდდნენ და კარგად ცხოვრობდნენ...
- ვერც გავამტყუნებთ, დემოკრატია კარგ ცხოვრებას უნდა ნიშნავდეს...
- ჩვენ ხალხს უნდა ავუსხნათ, რომ ამაზე უფრო ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ცოტა კიდევ უნდა მოვითმინოთ. ახალი ხელისუფლების პირობებში პატარა პროგრესი არის, ეს სიბრიყვე რომ არ ჩაედინა სააკაშვილს და არ შევარდნილიყო ცხინვალში, უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. იანუკოვიჩი პირდაპირ ითხოვდა 30 მილიარდს, ახლა ჩამოვიდა 20 მილიარდზე. ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ცოტა ქამრები უნდა მოიჭირონ, ძმაო, აქაც და უკრაინაშიც.
- ჩვენთან ვინ უნდა მოიჭიროს ქამარი, აგერ, ორი დღეა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის სიხარბის გამო ერთი ამბავია ატეხილი. კაცმა საახალწლოდ 83-ათასიანი ჯიპი მოინდომა, 2014 წლის გამოშვება. ვიღაცები იგონებენ, თურმე ბატონ ავთანდილზე ტერაქტი მზადდებოდა, წარმოგიდგენიათ?..
- მეც იგივეს გეტყვი ამ კაცზე, რაც კახი კალაძემ თქვა, სამარცხვინო ამბავია... მაგან უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს. თუ ევროპაში ვინმე ჩაიჭრება, პატარა რაღაცაზე წერენ განცხადებას, ვინ მყავს ახლა ავთანდილ ბერიძე?!.. წავიდეს, ძმაო, სახლში და ეგ ჯიპი გაიტანონ გასაყიდად. ფული კიდევ ხალხს დაურიგონ. მე ვერ გავიგე, რისთვის არსებობს ცენტრალური ხელისუფლება?.. ამიტომ არის საჭირო ყველგან პატიოსანი ადამიანი, გინდა მთავრობაში, გინდა კინოსტუდიაში, გინდა სოფელში. მოიყვანე ვიღაცა და რამდენიმე თვეში მოინდომა უახლესი ჯიპით სიარული... მაგის დედაც!.. მაგას თავი დაანებე, ეს მღვდლები რომ სხედან ჯიპებში და დადიან, ამაზე რატომ არაფერს არ ლაპარაკობთ?..
- ვინ გითხრათ, რომ არ ვლაპარაკობთ?.. აბა, საიდან იცით თქვენ, რომ მღვდლები ძვირადღირებული ჯიპებით დადიან?..
- არა, სამარცხვინო ამბავია, ეს არის უკულტურობის ამბავი. კიდევ კარგი, ჩვენ დაგვეცა დიდი ტუზი, როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მაგ კაცმა გააკეთა ბევრი რამ, ძალიან წესიერი ადამიანია. მან მოიყვანა კარგი ხალხი, ირაკლი ღარიბაშვილზე დავდებ თავს, კარგი ბიჭია. მას მე პრემიერ-მინისტრობამდეც ვიცნობდი. მაგარი კახელია. კი, არიან შიგადაშიგ სულელები, მაგრამ გაიცხრილებიან და დარჩება წესიერი ხალხი. მე ძალიან მინდა, რომ ან უსუფაშვილს ველაპარაკო, ან ღარიბაშვილს, აუცილებლად უნდა დამთავრდეს "ნაციონალების" ბაზარი, ჩემი აზრით, რიგგარეშე არჩევნები მაინც უნდა ჩატარდეს. კი ბატონო, კოალიცია უნდა დარჩეს, მაგრამ კიდევ უნდა შეიქმნას ერთი წესიერი პარტია. მიშისტები ვერ უნდა გავიდნენ მომავალ არჩევნებში...
- კი მაგრამ, ასე ბევრი უმრავლესობიდანაც ვერ გავა პარლამენტში, ამიტომ მათ ურჩევნიათ დღევანდელი მდგომარეობა.
- ვინც გავა, გავა, საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყო შიში, შეიძლებოდა დამარცხებულიყო მარგველაშვილი, მაგრამ ასე არ მოხდა.
- გეუბნებით, რომ უმრავლესობაში ბევრმა არ გაამართლა...
- ჰოდა, გაიცხრილებიან, "ქართული ოცნება" შიგნით ჩაატარებს რაღაც რეფორმას, კიდევ ახალი ძალებია საჭირო. როგორც კი გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, მე მას მაშინვე შევხვდი, მაშინ ვიფიქრე, ამ კაცს "პადერჟკა" უნდა-მეთქი, მივედი და დაველაპარაკე. მე ვუთხარი, მხარს გიჭერთ გულით და სულით, თქვენს ადგილას დავეყრდნობოდი არასამთავრობო ორგანიზაციებს-მეთქი. იქ ძალიან მომზადებული ხალხია, აი, ბოლოს რომ შეიყვანეს პარლამენტში, ახალგაზრდა იურისტებიდან გოგო, ძალიან კარგი იყო...
- თქვენ თამარ კორძაიაზე ამბობთ?
- კი, თამარ კორძაიაზე ვამბობ, მაგარი გოგოა.
- სწორედ ეგ კორძაიაა, რომელიც პატრიარქს ცინიკურად იხსენიებს და ამბობს, ერთი საპარლამენტო მანდატი მაგასაც უნდა მივცეთო.
- მაგან თავისი აზრი გამოთქვა, ეგენი ებრძვიან ამ მდიდარ მღვდლებს, სინოდის მამაძაღლობებს და ა.შ. უნ:და იბრძოლონ, აბა რა უნდა გააკეთონ? მეც ვებრძვი ჯიპიან მღვდლებს. აგერ, დავეჯახე დიღმის ერთ-ერთ მღვდელს, სოფლის ცენტრში ვიყავი ჩასული, მოვიდნენ ეს ჯიპიანი მღვდლები და დამიწყეს "ბაზარი", თან ღადაობდნენ. მე ვუთხარი, - ძმაო, თქვენ თუ ჩემთან ლაპარაკი გინდათ, ამ ჯიპებიდან კი ნუ გადმოდიხართ, ფეხით მოდით და ისე მელაპარაკეთ, ან სახლში მობრძანდით-მეთქი...
- რა უნდოდათ, რაზე გებლატავებოდნენ?
- არ ვიცი, მოვიდნენ და დაიწყეს ბლატაობა, რაღაც სისულელეებს ლაპარაკობდნენ. ახალი თაობა მოდის, რომელსაც ჩემი უმცროსი შვილიც ეკუთვნის. უცხოეთში იყო, დაამთავრა ჯორჯ თაუნი, ირლი და ათასი რაღაცა, ჩამოვიდა და არავის არ აინტერესებს. მინდოდა ბიძინასთან ლაპარაკი, უნდა მეთქვა, რომ დააარსოს რაღაც დეპარტამენტი ანდა კომისია, რომელიც აღრიცხვაზე აიყვანს ამ განათლებულ ახალგაზრდებს და მერე დაასაქმებს მთავრობაში. ჩემთან იყვნენ მოსულები, ბიჭმა მოიყვანა თავისი ამხანაგები, 20 კაცი იქნებოდა, უცხო ენებს ფლობენ და განათლებულები არიან, ყველა წავიდა კომერციულ სტრუქტურაში. ეს დასანანი არ არის?... მთავრობა არ აქცევს ამათ ყურადღებას, მე შევხვდები ირაკლის და დაველაპარაკები. ამ ბიჭებს, არა აქვთ იმის უნარი, რომ ვინმეს შეეტენონ, ვერ გავიგე, ტყუილად ისწავლეს ამდენი?..
- თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით რას იტყვით, გაუგეთ რამე?
- მე მივხვდი, რაშიც არის საქმე, საერთოდ, ეს არის გენიალური რამე, ძმაო... აქ ვიღაცამ დამიწყო კამათი და მოვუყვანე ამერიკის მაგალითი, ყველას გავახსენე, როგორ ჩამოყალიბდა შტატები. როდესაც ინგლისელები ჩავიდნენ ამერიკაში პატარ-პატარა დასახლებები დააარსეს, მერე შექმნეს ადგილობრივი თვითმმართველობები. მაგალითად, ჯეფერსონი სადღაც ცხოვრობდა თავისთვის, მამულში მუშაობდა, იურიდიული ფაკულტეტიც ჰქონდა დამთავრებული, საქმეებსაც არჩევდა, აირჩიეს ეს კაცი და მიანდეს საქმე.
- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველო უნდა იყოს შტატების მსგავსი?
- ყველგან ასეა, მე საფრანგეთში ვცხოვრობდი ცოტა ხანს, ერთ არისტოკრატ ოჯახში, გარშემო სულ ცხოვრობდნენ გლეხები, ერთი კაცი გამაცნეს, ჩვენი სოფლის ხელმძღვანელიაო. გლეხები ამ კაცთან ერთად წყვეტდნენ ყველა საკითხს, სვანებმა სვანების საკითხი უნდა გადაწყვიტონ, კახელებმა – კახეთის, ეგ არის თვითმმართველობა, მეტი არაფერი... მე ვერ გავიგე, რატომ შეშინდა ჩვენი საზოგადოება?.. განსაკუთრებით მიკვირს პატრიარქისა, ისე შეშინდა, გამოვიდა და თქვა, საქართველო დაიშლებაო.
- საშიში ნაღმები ნამდვილად იყო ჩადებული პროექტში, თუ ჩვენ იმ კუთხით წავალთ, რომ თვითმმართველობა უნდა მივანიჭოთ დასახლებულ პუნქტს, რომელიც აღემატება 15 ათასს, მაშინ გამოდის, რომ საგარეჯოს რაიონში ცენტრი გახდება სოფელი იორმუღანლო.
- ეგ მართალია, დადებითი როლი ითამაშა პატრიარქის განცხადებამ, მაგრამ მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებები ხალხმა უნდა მიიღოს ადგილზე. უნდა შეიქმნას, მაგალითად, კახეთში საბჭო და ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი იქნება ამ საბჭოში გაერთიანებული. მე წეღან საფრანგეთი ვახსენე და იქ სწორედ ასეა. როგორც მე ვიცი, ახლა კომპრომისულ ვარიანტს იღებენ. საერთო ჯამში ჩემთვის ეს კანონპროექტი მისაღებია.
გელა ზედელაშვილი