ბოლო დროს გახშირდა ლაპარაკი ციხეებში არსებულ განუკითხაობაზე. ამბობენ, ციხე ისევ ქურდებმა ჩაიგდეს ხელში და ისევ მაყურებლები განაგებენ სიტუაციას, თუმცა ამას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი არ ადასტურებს. ის ირწმუნება, სიტუაციას ადმინისტრაცია აკონტროლებსო. მართალია, მინისტრმა არც ქსნის მე-15 დაწესებულებაში სკაიპით ქურდის "მონათვლა" დაადასტურა, მაგრამ როგორც პატიმრებმა გვაცნობეს, ეს მართლაც მოხდა. ეს იმითაც დასტურდება, რომ ქურდად "მონათლული" პატიმარი გურგენიძე სასწრაფოდ მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს, იქ, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდები ჰყავთ გამოკეტილი.
გასულ კვირას ადვოკატმა ინგა ბერიკაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა, - თქვა, რომ ციხეში პატიმრებს ისევ სცემენ. მან ფაქტიც მოიყვანა, - მე-7 დაწესებულებაში სასტიკად სცემეს 22 წლის მირზა გიგლემიანს: "9 დეკემბერს ჩემს დასაცავ გიორგი ქართველიშვილთან შესახვედრად ციხეში შევედი. მითხრა, რომ შიმშილობდა სხვა პატიმრებთან ერთად. გამიკვირდა, რადგან გიორგი წინა ხელისუფლების დროს სასტიკად აწამეს, უამრავი დაავადება აქვს, მძიმე პერიოდი გამოიარა და მაშინ არ უშიმშილია. მიზეზი ვკითხე. მითხრა, 22 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ, ნახევარი საათი სცემდნენ ციხის უფროსი, მისი მოადგილე და რეჟიმის უფროსიო. თურმე მირზა გიგლემიანმა კუთვნილი 15-წუთიანი გასეირნება მოითხოვა. ისედაც ძალიან დახურულ სისტემაში არიან, იქ მზის სხივიც არ აღწევს. უთქვამთ, დღეს ვერ გაისეირნებო, გიგლემიანს გაუპროტესტებია, მათთვის კანონი შეუხსენებია და ამას მოჰყვა შელაპარაკება. ამის მერე მოადგილის კაბინეტში აუყვანიათ და წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლით უცემიათ.
გიგლემიანს ხელზე ბორკილები ედო და ისე სცემდნენ. მირზას კვალი ხელზე ახლაც ეტყობა. ამბობს, 7-8 კაცი მცემდაო და გვარებსაც ასახელებს. გიგლემიანს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. დასკვნაში წერია, რომ პატიმარს აქვს ტვინის შერყევა და შიდა ქალის ტრავმა, სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობა. მისი განწირული ყვირილი სხვა პატიმრებსაც ესმოდათ. იმის მიუხედავად, რომ სასტიკად ნაცემია, ეს ექსპერტებმაც დაადასტურეს, ტრავმაც დაუდგინეს, ისევ მე-7 დაწესებულებაშია, ჩვეულებრივ საკანში და ისიც შიმშილობს."
ადვოკატის თქმით, სხვა პატიმრებიც არიან ნაცემი: "კიდევ 6 პატიმარია ნაცემი. მაგალითად, მე-18 დაწესებულებაში სცემეს გიორგი ნონეიშვილს, ახლა ის მე-6 დაწესებულებაშია. ნაცემი პატიმრების უმრავლესობა სწორედ იქ არის. სხვების ვინაობის დადგენასაც ვცდილობთ... ე. წ. კანონიერი ქურდებისთვის გამოყოფილ მე-7 დაწესებულებაში, ძირითადად, 21-22 წლის ბიჭები ჰყავთ გამოკეტილი, იქ უმძიმესი ავადმყოფები არიან, მაგრამ საავადმყოფოში არავის გადაჰყავს. ნაცემია მირზა გიგლემიანის ძმაც, რომელიც რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. იგი დისთვის წერილის გაგზავნას ითხოვდა. ამ ბიჭებს მშობლები არა ჰყავთ.
პატიმრებს დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ ღურწკაიას დროს არ სცემდნენ, მას შემდეგ კი, რაც ახალი დაინიშნა, სად-ის ყოფილი თანამშრომელი, გვარად დარბაისელი, ისევ განახლდა პატიმრების ცემა".
მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ გიგლემიანმა თავად დაიშავა თავი. "პატიმარს აქვს დაზიანებები. იგი ასახელებს თანამშრომლებს, რომლებმაც სცემეს. თუმცა, ვიდეოფირში ჩანს, როგორ ძვრება თავად სკამზე და ვიდეოკამერას ნაჭერს აფარებს. რა ხდება ოთახში, ეს არ ჩანს. ცხადია, არის ეჭვი, რომ შეიძლება თავად დაიზიანა თავი, ან შეიძლება მართალია მისი ჩვენება. გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას", - მოგვიანებით განაცხადა სუბარმა. ადვოკატები კი კატეგორიულად გამორიცხავენ თვითდაზიანებას, სახალხო დამცველის აპარატიც ადასტურებს, რომ გიგლემიანი ნაცემია. გენინსპექციამ ამ საქმის მოკვლევა დაიწყო და ციხის ხელმძღვანელ შოთა ტრაპაიძეს დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს.
11 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმარი დავით ბადრიაშვილი გარდაიცვალა. სამინისტროს ინფორმაციით, მან საპირფარეშოში მაისურით თავი ჩამოიხრჩო, გარდაცვლილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდაო. "ციხის ადმინისტრაციის მოთხოვნით ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პატიმრის შეურაცხადობა არ დაადასტურა.
შესაბამისად, სამინისტროს არ ჰქონდა უფლებამოსილება, მსჯავრდადებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მკურნალობაზე გადაეყვანა. მას 24-საათიან ვიდეომონიტორინგს უწევდნენ, სამწუხაროდ, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ღამის საათებში დროული მონიტორინგი ვერ მოახერხეს და სუიციდიც მოხდა. დაწყებულია გამოძიება", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში. ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმებიან 33 წლის დავით ბადრიაშვილის ოჯახის წევრები. დედამისი, მანანა ბადრიაშვილი ირწმუნება, რომ მის შვილს სხეული დაზიანებული აქვს: "ჩემს შვილს მკლავები და სხეულის სხვა ნაწილები დაზიანებული აქვს. წელის მიდამოში, ფერდებში, ორივე მხარეს ეტყობა ძლიერი ნათითურები. თავისი ხელით ამას ვერ იზამდა. ალბათ, მოკლეს და მერე ჩამოკიდეს. ვიღაცამ შვილი მომიკლა. ამბობენ, საკანში ვიდეოკამერა ჩართული იყოო. მაჩვენონ ის ფირი, მინდა გავიგო, ვინ მომიკლა შვილი და რატომ?"