პრემიერ-მინისტრმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მისი პირველი მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ თათბირზე განაცხადა, შეიქმნა კრიზისების მართვის დროებითი შტაბი, რათა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ოპერატიული და დროული რეაგირება მოჰყვეს. რაც შეეხება უახლოეს მომავალს, საქართველოში ამოქმედდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და კრიზისების მართვის ერთიანი მაკოორდინირებელი ცენტრი, რაშიც აქტიურ დახმარებას გაგვიწევენ ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პარტნიორები.
პრემიერმა კრიზისების მართვის შტაბის შექმნის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ქვეყანაში სტიქიით გამოწვეულ პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირება დაასახელა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში დღემდე არ არსებობს ე.წ კრიზისების მართვის ცენტრი, თუმცა საქართველოს მთავრობა მსგავსი ცენტრის შექმნაზე უკვე მუშაობს.
"კერძოდ, შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და კრიზისების მართვის ცენტრი. ამაში აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პარტნიორები. იმედი მაქვს, თვის ბოლოს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნება ერთიანი მაკოორდინირებელი კრიზისების მართვის ცენტრი. იქამდე მსურდა, ოპერატიული თათბირი ჩამეტარებინა, შევქმენით დროებითი შტაბი, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ ოპერატიულად და სტიქიით გამოწვეული ყველა პრობლემა, რომელიც არსებობს საქართველოში, დროულად და მყისიერად მოვაგვაროთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, აჭარაში მსგავსი დიდთოვლობა ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა. "პირველად ასეთი დიდი თოვლი მოვიდა 1985 წელს, მას შემდეგ ასეთი დიდთოვლობა არავის ახსოვს. დაზიანდა ძალიან ბევრი ელექტროგადამცემი ხაზი, ანძა, აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დაიწყო და დაახლოებით 10-12 დღეში დასრულდება. ასევე, ჩემი დავალებით, ადგილზე სიტუაციის გარკვევის მიზნით იმყოფებოდნენ რეგონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილე. ენერგეტიკის მინისტრი პირადად ესწრებოდა აღდგენით სამუშაოებს. მინდა მედიასაშუალებებს მივმართო თხოვნით, მაქსიმალურად ობიექტურად გააშუქონ ინფორმაცია, რომელიც მომდინარეობს მთავრობის პრესსამსახურიდან და არ შეიყვანონ შეცდომაში მოსახლეობა. სტიქია ყველა ქვეყანაში ხდება, ეს არის გარდაუვალი, ამის პრევენცია და თავიდან აცილება შეუძლებელია. ეს ჩვენს შესაძებლობებს აღემატება, შესაბამისად, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, მომხდარზე ადეკვატურ რეაგირებაზე", - აღნიშნა პრემიერმა.
საგანგებო თათბირზე პრემიერი დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო შექმნილი მდგომარეობით დაინტერესდა და მინისტრებისგან აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თხოვნით მიმართა მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს როგორც პრობლემების, ისე მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ობიექტური გაშუქება.