კახა კალაძე - ქართულ ენერგეტიკას არსებობის მანძილზე ასეთი დიდი დარტყმა არ მიუღია

კახა კალაძე - ქართულ ენერგეტიკას არსებობის მანძილზე ასეთი დიდი დარტყმა არ მიუღია

ქართულ ენერგეტიკას არსებობის მანძილზე ასეთი დიდი დარტყმა არ მიუღია, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პრემიერთან გამართულ საგანგებო თათბირზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის ვითარება სტაბილურია და აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. როგორც კალაძემ აღნიშნა, პრობლემები ამ დრომდე რჩება ხულოში, შუახევსა და ქედაში, სადაც აღდგენითი სამუშაოების წარმოება დიდთოვლობის გამო ვერ ხერხდება.

"აჭარას აქვს ელექტროენერგიის მიწოდების სამი ალტერნატიული წყარო, სამივე იყო დაზიანებული, კერძოდ რამდენიმე ადგილზე გაწყვეტილი. ჩვენ თქვენი დავალებით მაშინვე დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, ორი 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი "პალიასტომი 1" და "პალიასტომი 2" აღდგენილია სრულყოფილად. პირველ რიგში აღვადგინეთ თურქეთიდან შემომავალი ხაზი და 40 მეგავატს ვიღებდით თურქეთიდან, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის ხელისუფლებას და ჩემს კოლეგას. ამის გამო მოგვიწია ბათუმის გრაფიკში ჩასმა, მაგრამ დღეს სრულყოფილად მიეწოდება ელექტროენერგია ბათუმს და მის გარშემო მდებარე სოფლებს. პრობლემები რჩება მხოლოდ ქედაში, ხულოსა და შუახევში, სადაც დიდთოვლობისა და ადგილზე მიუსვლელობის გამო ვერ ხერხდება აღდგენითი სამუშაოების წარმოება. ჯგუფები მობილიზებულია, ტექნიკა მობილიზებულია, საჭირო მასალა 8 ანძის აღსადგენად მზად არის", - განაცხადა კალაძემ.

მინისტრის ინფორმაცით, აღდგენითი სამუშაოების წარმოებას ხულოში, ქედასა და შუახევში დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. როგორც კალაძემ აღნიშნა სხვა რაიონებში პრობლემები არ არის და ელექტრომომარაგება 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გამოცხადებულია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სრული მობილიზაცია და საჭიროების შემთხვევაში აჭარაში მიმდინარე სამუშაოებში ჯარისკაცები და პოლიციელებიც ჩაერთვებიან.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ